Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ "არჩევნებს" საქართველოში და სხვაგან?


ედუარდ კოკოითი

ედუარდ კოკოითი

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს კონტროლს ცხინვალის რეგიონზე, იქ უკვე რიგით მეხუთე, ეგრეთ წოდებული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ამჯერად - ადრინდელისგან განსხვავებულ რეალობაში: რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ჯარის არსებობის პირობებში და, თანაც, უკვე ახალგორის რაიონშიც.

ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ჩაატარა პირველი, ეგრეთ წოდებული, საპარლამენტო არჩევნები აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ღია ოკუპაციის შემდეგ; ასევე, პირველი მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიებზე თავითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო რუსეთმა და, მასთან ერთად, ნიკარაგუამ. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, რეგიონის დე ფაქტო მეთაურმა ეგრეთ წოდებულ არჩევნებს დამოუკიდებლობის გამოცდა უწოდა და, ამასთანავე, აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ დაამტკიცა, რომ ღირსია დამოუკიდებლობისა.

რა დაამტკიცა, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ? როგორც რუსეთის პრესა კოკოითის რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით წერს, დაამტკიცა ის, რომ რეგიონში არაფერი შეიცვლება - დე ფაქტო პარლამენტის შემადგენლობაში თვალშისაცემი ცვლილებები არ იქნება. პირველი ადგილი ისევ კოკოითის პარტიისაა, სახელწოდებით ”ერთობა”, მეორე- კომუნისტური პარტიის, მესამე - სახალხო პარტიის.

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აგვისტოს ომის შემდეგ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე წერენ დასავლეთის პრესაშიც. ”უოლ სტრით ჯოურნალის” სტატიის თანახმად, ”ამ არჩევნების წინ სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის, ოპონენტები აცხადებდნენ, რომ კოკოითი ახშობს განსხვავებულ აზრს და მეტოქეებს, ძალადობის მუქარით, თავიდან იცილებს... ისინი აცხადებენ, რომ კონფლიქტის დროს განადგურებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის თანხები გაქრა, და მოსახლეობას კვირას არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდნენ.”

არჩევნები კი ჩატარდა და მის შედეგად არჩეული ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ სამომავლოდ მიღებული კანონები და გადაწყვეტილებები უნდა გავრცელდეს იმ რაიონებსა და სოფლებზე, რომლებსაც აგვისტოს ომამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა და საიდანაც განიდევნენ ქართველები, ეთნიკური ნიშნით. მთელ ამ ტერიტორიაზე აგვისტოდან რუსეთის ჯარი დგას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, 31 მაისს ჩატარებულ, არჩევნებად მონათლულ, ღონისძიებაში ახალგორის რაიონში დარჩენილ ქართველობას მონაწილეობა არ მიუღია. ”ამ არჩევნებს არაფერი აქვს საერო ნამდვილ არჩევნებთანო”, - აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. შეფასება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც. მისი სიტყვებით:

”ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები არ შეესაბამება არც ერთ საერთაშორისო ნორმას. სამართლიანად არ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები იმ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა.”

უკვე იყო ევროკავშირის გამოხმაურებაც. ევროკავშირის განცხადებით, ის არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კანონიერებას და არც მის შედეგებს. ასე იყო ადრეც:

სეპარატისტულ რეგიონებში ტარდებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები; ამ არჩევნების კანონიერებას არ ცნობდა დასავლეთი და, მასთან ერთად, - საქმით თუ არა, სიტყვით მაინც, - არ ცნობდა რუსეთი. თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაშინაც და დღესაც, ხელყოფილი იყო რუსეთის მიერ. განსხვავება თავისთავად ისაა, რომ რუსეთმა ეს აღიარა და ახლა უკვე ყველა მეთოდით ცდილობს ნელ-ნელა მიაღწიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პრინციპის გადახედვას საერთაშორისო დონეზე, პირველ რიგში კი, გაეროში. ივნისის ბოლოს იქ უნდა მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რომლითაც უნდა გაუგრძელდეს მანდატი აფხაზეთში გაეროს მისიას. რეზოლუციას, როგორც წესი, საფუძვლად ედება ხოლმე გენერალური მდივნის მოხსენება. ჩვენი მსმენელისთვის კი ცნობილია ის სერიოზული პრეტენზიები, რაც გენერალური მდივნის უკანასკნელ მოხსენებას ახლდა თბილისში, სხვათა შორის, იმიტომაც, რომ მოხსენების სათაურში ჩაიდო ნეიტრალური ფორმულირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი გენერალური მდივნის მხარდაჭერის გამოსახატავად, არა ისე, როგორც ადრე ხდებოდა, სახელწოდებით: ”მოხსენება აფხაზეთში (საქართველოში) არსებული სიტუაციის შესახებ”. დღეს მოხსენების სათაურია: მოხსენება უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს ტერიტორული მთლიანობის მხარდაჭერას. პრობლემას მარტო სათაური არ ქმნის. საქართველოს ხელისუფლებაში ხედავენ ბევრ სხვა, საქართველოსთვის აშკარად ნეგატიურ, ნიშანს გენერალური მდივნის მოხსენების ტექსტში; ითქვა ისიც, რომ ეს ტექსტი იყო რუსეთის შანტაჟის შედეგი, რაც გენერალურმა მდივანმა უარყო. 1 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს: ”საქართველოს მხარე იმედოვნებს, რომ რეზოლუციაში იქნება მკვეთრად დაფიქსირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საჭიროა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობდეს გაეროს ძლიერი მისია, ძლიერი საპოლიციო ფუნქციებით”. - ეს აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა ღვინერიამ. საქართველოს მხარე იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არ გააგრძელებს წინა რეზოლუციაში გამოკვეთილ და გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში გაღრმავებულ ტენდენციას. თუმცა, ვნახოთ. როგორც ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა არჩილ გეგეშიძემ უთხრა, უშიშროების საბჭოს ივნისის რეზილუცია იქნება საქართველოს მოკავშირეების გამოცდა.
XS
SM
MD
LG