Accessibility links

logo-print
"რეზონანსის" რედაქცია პროტესტს გამოთქვამს ახალგორში ჩვენი ჟურნალისტის, მარი ოთარაშვილის, დაკავებისა და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო და მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეფასება მისცენ მომხდარ ფაქტს“, - წაიკითხავთ გაზეთ „მთელ კვირაში“, რომელიც დღესვე აქვეყნებს მარი ოთარაშვილის რეპორტაჟს ახალგორიდან. რეპორტაჟში აღწერილია, რა გზა გაიარა ჟურნალისტმა თბილისიდან ახალგორამდე და, პირიქით. „კომენტარების ჩაწერა მანამდე მოვახერხე, სანამ საარჩევნო უბნებში შევიდოდი“, - აღწერს ჟურნალისტი და იმასაც უსვამს ხაზს, რომ მისი ვინაობისა და პროფესიის გამო ოსმა ძალოვნებმა გაოცება გამოხატეს. „და კიდევ: ჩემს გამცილებელს, ოსური მილიციის წარმომადგენელს რომ დავემშვიდობე, ნახვამდის-მეთქი. არ მგონია, ეს „ნახვამდის“ იყოსო, - მიპასუხა“. ასე მთავრდება რეპორტაჟი. სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები კი დღეს გამომავალი ქართული გაზეთების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

რაც შეეხება ექსკლუზივებს, დღესვე გაზეთ „მთელ კვირაში“ ქვეყნდება ინტერვიუ ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალთან, კობა კობალაძესთან, რომელიც, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. იგი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და, პროტესტის ნიშნად, 23 დღეა შიმშილობს:

„ჩემთვის უცნობია, როგორ ვაძლევდი ისეთ ხალხს მითითებებს, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი”, - ამბობს კობა კობალაძე. - „ როგორ შეიძლება მე მაბრალებდნენ ჩემი ქვეყნის აგრესორებთან თანამშრომლობას, როცა ჩემი ერთი ძმა ტამიშში რუსებმა მოკლეს, ხოლო მეორე ცხინვალში დღესაც ტყვედ ჰყავთ და უმოწყალოდ არის არაერთგზის ნაცემი.“

”საკნოსნები და სკამოსნები“ - პუბლიკაციას ამ სათაურით გაზეთ „ვერსიაში“ წაიკითხავთ. ”ვინ დაშალა ოპოზიცია“, ” ’ეროვნული ფორუმისა’ და ალასანიას პოლიტიკური ფლირტი“, ”საწყენია, ”ქალთა პარტია” პოლიტიკურ ქალწულობას ნოღაიდელს თუ ჩააბარებს“ და, ბოლოს, ქართული პოლიტიკის „რადიკალური სამაია“ - ესაა თემები, რომლებზეც გაზეთი ყურადღებას ამახვილებს. „რა საერთო აქვს ამ სამ ქალბატონს, განსაკუთრებით კი - ბესელიასა და ბურჯანაძეს?” - კითხულობს გაზეთი და პასუხობს: „ ოქრუაშვილსა და ბურჯანაძეს მხოლოდ ის აქვთ საერთო, რომ ერთი გუნდიდან არიან წამოსულები, - აცხადებდა თავის დროზე ეკა ბესელია, რომელსაც დღეს აღარ ახსოვს, რომ როცა მის ლიდერს იჭერდნენ, ნინო ბურჯანაძე ქვეყნის მეორე პირის სავარძელში იჯდა და ამას არ აპროტესტებდა. თუმცა რა გასაკვირია. ალბათ, ბესელიას სჯერა, რომ ქალბატონმა ბურჯანაძემ ისევე გაიარა „პოლიტიკური მონანიების გზა“, როგორც თავის დროზე ნამინისტრალმა ირაკლი ოქრუაშვილმა.“

„იმიტირებული და ნამდვილი ჭრილობები“ კი გაზეთ „24 საათის” მოწინავე სტატიაა. სტატია ნატოს მრავალეროვნული სწავლების დასკვნით ეტაპზე მოგვითხრობს. გუშინდელ სამშვიდობო მეცადინეობებზე ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დასწრების საშუალება. შესაბამისად, სწავლების თვითმხილველი ჟურნალისტი მოგვითხრობს, რომ ვაზიანის პოლიგონზე ჯარისკაცის დაზიანების მხოლოდ იმიტირებულ შემთხვევას არ ჰქონია ადგილი, რადგან მართლაც დაიჭრა კანადელი ჯარისკაცი. „მას საჩვენებელი ოპერაციის დროს ხელში აუფეთქდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნატოს მულტინაციონალურ სწავლებაში მონაწილე სამხედრო მაშინვე გადაიყვანეს თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში. საველე სწავლების ლანსერის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა კი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მყოფ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ კანადელი ჯარისკაცი მსუბუქადაა დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის თანახმად, საქართველოში მიმდინარე სწავლებას, რომელიც 3 ივნისს მთავრდება, ნატოს წევრი ქვეყნების ოფიცრებმა მაღალი შეფასება მისცეს.
XS
SM
MD
LG