Accessibility links

logo-print

ჭავლური პრინტერის ხმა - გასაიდუმლოებული ინფორმაციის წყარო


ჭავლური პრინტერის გამოცდა ლაბორატორიაში

ჭავლური პრინტერის გამოცდა ლაბორატორიაში

ჭავლურ პრინტერს მთელ რიგ ქვეყნებში გამოიყენებენ სამედიცინო დაწესებულებებში, ბანკებსა თუ სხვა ორგანიზაციებში. გერმანიის ქალაქ საარბრიუკენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ ნათელყო, რომ ეს გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული.

საკმარისია, პრინტერზე ბეჭდვის ხმა ჩავიწეროთ და სათანადო პროგრამით დავამუშაოთ და საკმაოდ დიდი სიზუსტით შევძლებთ დაბეჭდილი ტექსტის რეკონსტრუქციას. ამგვარად შესაძლებელია ექიმის რეცეპტებისა თუ საბანკო ქაღალდების შესახებ ინფორმაციის იოლად ხელში ჩაგდება.

ჭავლური პრინტერები ექიმების კერძო პრაქტიკებში ძირითადად რეცეპტების, ან მკურნალობის ანგარიშების საბეჭდად გამოიყენება. ბანკებში კი მათ ხშირად ხმარობენ საბანკო ანაბრების შესახებ ინფორმაციის გამოსაბეჭდად.

მაგრამ იმისთვის, რომ ჭავლური პრინტერისთვის საიდუმლო დაეტყუათ, კრიპტოგრაფიისა და ინფორმაციის უსაფრთხოების კათედრის თანამშრომლებმა გარკვეული წინასწარი სამუშაოები ჩაატარეს. მათ ჯერ მთელი ლექსიკონის ტექსტი გამოაბეჭდინეს პრინტერს და კომპიუტერული პროგრამა ისე "გაწვრთნეს", რომ მას ამა თუ იმ ხმაში გარკვეული სიტყვა ამოეცნო. გარდა ამისა მათ გაფილტრეს გარშემო არსებული ხმაური - მაგალითად, პაციენტების საუბარი კლინიკებში. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა დაბეჭდილი სიტყვების 70 %-ზე მეტის ამოცნობა და ნაბეჭდი ტექსტის რეკონსტრუქცია. მკვლევართა თანახმად, ამ გზით შესაძლებელია რიცხვების, მაგალითად, საბანკო ანგარიშების პასვორდების გაშიფვრაც.

მეცნიერთა ჯგუფმა ექიმის პრაქტიკაში რეცეპტების ბეჭდვისას ჩაიწერა პრინტერის ხმა. პროგრამის ტრენინგის ექვსი რაუნდის შემდეგ მეშვიდე რეცეპტზე საკმაოდ იოლად მოხერხდა იმის აღდგენა, თუ რა წამალი გამოწერა ექიმმა.

როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საკმაოდ სერიოზულ რისკთან. მაგრამ, კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, მიხაელ ბაკესის აზრით, ჯაშუშობის ეს უჩვეულო მეთოდი ჯერ არ უნდა იყოს ვინმეს მიერ გამოყენებული. ინფორმატიკოსების ამოცანაა უსაფრთხოებაში სუსტი ადგილების აღმოჩენა და სავარაუდო ხიფათზე მითითება.

მსგავს გამოკვლევებში სხვა მეცნიერებმა უკვე აჩვენეს, რომ შესაძლებელია მონაცემთა მოპოვება კომპიუტერის კაბელის გამოსხივების შესწავლით. ასევე შესაძლებელია სიტყვების აღდგენა კლავიატურის ხმის მიხედვით.
XS
SM
MD
LG