Accessibility links

logo-print

ედუარდ კოკოითის ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს


ედუარდ კოკოითი საარჩევნო ურნასთან

ედუარდ კოკოითი საარჩევნო ურნასთან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 31 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. 34 მანდატიან პარლამენტში მმართველ პარტია „ედინსტვოს“ 17 დეპუტატი ეყოლება, სახალხო პარტიას - 9, კომუნისტებს კი - 8. სახალხო პარტიის სიით ახალი პარლამენტის დეპუტატი იქნება ცნობილ კრიმინალად მიჩნეული მარეკ დუდაევის ძმა, ერიკ დუდაევი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების მიერ არაერთ მკვლელობასა და ადამიანთა გატაცებაშია ეჭვმიტანილი. სახალხო პარტიის საარჩევნო სია „სამშობლოს დამცველთა კავშირის“ წევრებით დაკომპლექტდა. ეს ორგანიზაცია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა შექმნა. ედუარდ კოკოითის მეგობარმა „სამშობლოს დამცველებმა“ კი სახალხო პარტიის ხელმძღვანელები ცხინვალიდან გააქციეს და არჩევნებში მონაწილეობა ამ პარტიის სახელით მიიღეს. 31 მაისს ჩატარებულ არჩევნებს კოკოითიმ დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე უწოდა, რაშიც რუსეთიდან ჩასული დამკვირვებლებიც დაეთანხმნენ.

თავის მხრივ, კოკოითის ოპოზიცია არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე საუბრობს და კონკრეტული ფაქტებიც მოჰყავს. ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელთან“ ინტერვიუში სოციალისტური პარტიის ლიდერი ვიაჩესლავ გობოზოვი აცხადებს, რომ მისი პარტიის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ უშვებდნენ, ადგილობრივ სამართალდამცავებს კი ერთი და იგივე ადამიანები რუსული პასპორტებით ხმის მისაცემად სხვადასხვა უბანზე დაჰყავდათ.

სახალხო პარტიის თავმჯდომარე, ამჟამად ცხინვალიდან დევნილი როლანდ ქელეხსაევი, აცხადებს, რომ არჩევნები, ძირითადად, ვლადიკავკაზში გახსნილ საარჩევნო უბნებზე გაყალბდა. ქელეხსაევის ინფორმაციით, ნათხოვარი პასპორტებით ვლადიკავკაზში ხმას აძლევდნენ ადამიანები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არ არიან. წინასწარ რეგისტრირებული 7 ათასი ამომრჩევლის ნაცვლად კი, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში არჩევნებში მონაწილეობა 22 ათასმა მიიღო, რაც, ქელეხსაევის აზრით, ნონსენსია.

კოკოითის კიდევ ერთი ოპონენტი, ალბერტ ჯუსოევი, ირწმუნება, რომ შეიარაღებული ფორმირებები მოქალაქეებს მუქარით აიძულებდნენ არჩევნებზე წასულიყვნენ და მმართველი პარტიისთვის მხარი დაეჭირათ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მან ქართულ ტელეკომპანიებს განუცხადა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ცხინვალში „დასმულმა ბანდიტმა კოკოითიმ“ ე.წ. არჩევნები სამხედრო პლაცდარმზე ჩაატარა.

თავად ცხინვალში ახლა ყველას ის აინტერესებს, შეცვლის თუ არა კოკოითი კონსტიტუციას და კიდევ ერთი ვადით მოისურვებს თუ არა პრეზიდენტობას. შესაბამისი ცვლილებებისთვის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს ახალ პარლამენტში, 26 დეპუტატის სახით, უკვე ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
XS
SM
MD
LG