Accessibility links

logo-print

საჯარო სკოლები სამეურევო საბჭოების არჩევნებისთვის ემზადებიან


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის საჯარო სკოლა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის საჯარო სკოლა

საქართველოს 2000–ზე მეტ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 14 ივნისს გაიმართება. უკვე დაკომპლექტდა საარჩევნო კომისიები, რომლებიც ამ ეტაპზე, ძირითადად, სამეურვეო საბჭოების მსურველთა განცხადებების მიღებით არიან დაკავებულნი. საბჭოს, როგორც სკოლის თვითმმმართველ ერთეულს, პედაგოგები, მშობლები და ერთი მოსწავლე აკომპლექტებენ. სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნები საქართველოში 2006 წლის ივნისში გაიმართა. განვლილი სამი წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საბჭოები შედგა, თუმცა სკოლების უმეტეს ნაწილში მას, ძირითადად, ფორმალური ხასიათი ჰქონდა.


ნინო ღაჭავა, ქუთაისი

ქუთაისის ორმოცდაექვს საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოების ასარჩევად ემზადებიან. საარჩევნო კომისიების შემადგენლობა უკვე ცნობილია. დანიშნულია კომისიების სხდომებიც, სადაც თავმჯდომარესა და მდივანს აირჩევენ,

9 ივნისამდე კი კომისიები სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა განცხადებებს მიიღებენ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლადო პატარიძე ფიქრობს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა რაოდენობა დიდი იქნება.

სამეურვეო საბჭოს წევრობაზე პრეტენზიას სამი წლის წინაც ბევრი მასწავლებელი და მშობელი აცხადებდა. დიდი ინტერესისა და აქტიურობის მიუხედავად, ბევრმა თავისი მოვალეობა სათანადოდ ვერ შეასრულა. ზოგ სკოლაში სამეურვეო საბჭოს არსებობა შეუმჩნეველი დარჩა.

მაია ჩაგანავა მშობელია. მისი ქალიშვილი ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს. ის ამბობს, რომ სკოლაში ყველა გადაწყვეტილებას დირექტორი იღებს.

ნათია პედაგოგია. მან სამეურვეო საბჭოს არსებობაც იცის და მის წევრებსაც იცნობს, თუმცა ფიქრობს, რომ მის სკოლაში საბჭომ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, რაშიც ნათია საბჭოს წევრებს ადანაშაულებს, რომლებმაც სათანადო პასუხისმგებლობა ვერ გამოიჩინეს.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში სამეურვეო საბჭოების საქმიანობას დადებითად აფასებენ, მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ მან ყველა სკოლაში ვერ გაამართლა. ლადო პატარიძის აზრით, საბჭოს წარმატებული საქმიანობა დამოკიდებულია წევრების სურვილზე, მაქსიმალურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში.

ლადო პატარიძეს იმედი აქვს, რომ ახალარჩეული სამეურვეო საბჭოები უფრო ქმედობაუნარიანი იქნება.


ხათუნა გოგაშვილი

სამეურვეო საბჭოს არჩევნებისთვის ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლაშიც ემზადებიან. საარჩევნო კომისია აქ უკვე დაკომპლექტდა და მუშაობასაც შეუდგა. მესამე საჯარო სკოლის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ირინა ტარტარაშვილის განცხადებით, ამის შემდეგ სამეურვეო საბჭო,შვიდის ნაცვლად, უკვე ხუთი წევრით დაკომპლექტდება.

`ორი უნდა იყოს აუცილებლად გარეშე პირი, ერთი - მასწავლებელი, ერთი - მშობელი და ერთიც - მოსწავლე~, - აცხადებს ტარტარაშვილი.

სამეურვეო საბჭოს ახალი წევრების არჩევამდე მესამე საჯარო სკოლაში გასული წლების მუშაობა შეაჯამეს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ესმა კიკილაშვილი მშობლების აქტიურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მესამე საჯარო სკოლის მუშაობის პროცესში სამეურვეო საბჭოს მიერ დარღვევები არ გამოვლენილა:

"ჩემი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ყველა საბუთი კეთდებოდა ორ პირად და შესაძლებლობა მქონდა გავცნობოდი ნებისმიერ მიმდინარე პროცესს. ამ ხნის მანძილზე არანაირ დარღვევას ამ სკოლაში ადგილი არ ჰქონია."

სამეურვეო საბჭოს მნიშვნელობაზე საუბრობს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ წიქარიშვილი. ნარგიზ წიქარიშვილი აცხადებს, რომ სკოლაში მან, ბავშვებისა და მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, ბევრი გადაწყვეტილება მიიღო:

"თუ რაიმე პრობლემატური საკითხი წამოიჭრება, მივმართავ სამეურვეო საბჭოს. სამი წლის განმავლობაში შეუთანხმებლობა არ ყოფილა. მაგალითად, არდადეგების საკითხიც გადაწყდა სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით 8 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო სწავლა და განვაახლეთ 15 სექტემბერს. ასევე აღდგომის წინა კვირა ავიღეთ არდადეგებისთვის. ამის შესახებ თხოვნით მოგვმართეს მოსწავლეებმა, რაც გავითვალისწინეთ."

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ესმა კიკილაშვილი აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში ბევრი ხარვეზი გამოიკვეთა. ესმა კიკილაშვილის თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის სპეციალური მოსამზადებელი კურსების გავლა აუცილებელია:

"სამი წლის განმავლობაში ჩვენც სწავლების პროცესში ვიყავით, მაგრამ თუკი ეს დაიხვეწება, სამეურვეო საბჭოს კარგად ჩამოყალიბებული ფუნქციები თუ იქნება და ამას ოფიციალურად კანონის სახე ექნება, ძალიან კარგია. ამ შემთხვევაში უკვე მასწავლებელიც და მშობელიც ხედავს რა კეთდება სკოლაში. მეორე ეტაპი, ალბათ, უფრო დახვეწილი იქნება. მშობლებისთვისაც პირველი იყო. თუ ისინი ტრენინგებს გაივლიან, უფრო ღრმად ჩაიხედავენ სასკოლო მუშაობაში, კარგია. სწავლება აუცილებელია."

მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ წიქარიშვილი კი აღნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭოს მუშაობა უფრო მეტად ეფექტური გახდება, თუ საბჭოს წევრებს დამატებითი ანაზღაურება დაენიშნებათ.

არ მეგულება არც ერთი სამურვეო საბჭოს წევრი, რომ ჩვენი სკოლის ავტორიტეტითა და მუშაობით არ იყოს დაინტერესებული, მაგრამ სასურველი იქნება, თუ მათ ექნებათ დამატებითი ანაზღაურება.~

კანდიდატთა რეგისტრაცია 1 ივნისს დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება. სამეურვეო საბჭოს, ახალი შემადგენლობით, მესამე საჯარო სკოლაში 14 ივნისს აირჩევენ.


მაია იველაშვილი, ახალციხე

სკოლებში არსებული სამეურვეო საბჭოს არჩევნებიდან 3 წელი გავიდა. ნოვატორული პროექტი, როგორც მას პედაგოგები უწოდებენ, აქტიური ვერ იყო, თუმცა იმედოვნებენ, რომ სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება და ჩამოყალიბდება. მასწავლებელი ლელა ნოზაძე სამეურვეო საბჭოს მუშაობით კმაყოფილია:

"სამეურვეო საბჭოს მუშაობით კმაყოფილი ვარ ნამდვილად. იკრიბებიან ხშირად. იმ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სკოლისთვის, წყვეტენ."

რამდენად კონტროლდება სკოლაში არსებული შიდავითარება და რა ბერკეტი გააჩნია სამეურვეო საბჭოს, ამის შესახებ თითქმის არავინ საუბრობს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სამეურვეო საბჭოს მუშაობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ:

`რომ ვთქვა, რომ რაიმე შედეგი აქვს მათ მუშაობას, ტყუილს ვიტყვი. ჩვეული რიტმით მიდის სწავლება. ჩემი აზრით, სამეურვეო საბჭო იმიტომ შეიქმნა, რომ უფრო გამჭვირვალე და კონტროლირებადი ყოფილიყო სკოლის შიდა სამეურნეო და ფინანსური პროცესები. ჩემი აზრით, ისევ ისეთი სიტუაციაა მაინც.~

`ძალიან დიდი დამახინჯებაა. დირქტორს რაც უნდა, აშინებს და მაინც აკეთებინებს ყველაფერს. სამეურვეო საბჭოს დირექტორის გადაყენების უფლებაც კი აქვს, მაგრამ დაშანტაჟებულია ყველა და დირექტორს რაც უნდა, ის კეთდება. საშინელი მდგომარეობაა სკოლებში.~

მიუხედავად იმისა, რომ წელს სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს, სკოლებში ამ მხრივ აქტიურობა ჯერ არ შეინიშნება. მიზეზის განმარტება პედაგოგებს უჭირთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ, საბჭოს გარდა, სკოლებში თვითმმართველობებიც უნდა გაძლიერდეს:

`კანონით, დირექტორის გადაყენების უფლება სამეურვეო საბჭოს აქვს, სამინისტრო ვერ გადააყენებს. შეიძლება ამითი იხიბლება ვინმე. ერთი მოსწავლეც არის ჩართული საბჭოში, მაგრამ მას, ალბათ, რასაც მასწავლებლები ეტყვიან, ისე იქცევა. მისი როლი უმნიშვნელოა. თვითმმართველობებიც უნდა გაძლიერდეს სკოლაში.~

ლელა ცხადაძე სამეურვეო საბჭოს წევრია. იგი ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს - ფიქრობს, რომ საკუთარი ძალები ამ სფეროში სხვებმაც უნდა გამოსცადონ:

`ძალიან აქტიურად იმუშავა დისციპლინარულმა კომიტეტმა. როცა გვყავდა პრობლემატური ბავშვები, დირექციამ გადმოგვცა ეს სია, შევისწავლეთ თავიდან ბოლომდე, დავსახეთ კიდეც გზები, თუ როგორ უნდა გვემუშავა.~

სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის 3 წლის განმავლობაში პერიოდულად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ტრენინგები ჩატარდა. საჯარო სკოლებში ფიქრობენ, რომ საბჭოს ფუნქციები თავდაპირველად არასწორად იყო გაგებული:

"ვერ გეტყვით, რომ აქტიურად იმუშავა, თუმცა ცდილობენ. ყველა სკოლაშია ასე. ისეთი აქტიური ვერ არის სამეურვეო საბჭო. ზოგ შემთხვევაში, ზოგადად ვლაპარაკობ, დირექტორს ჩაუდგა ოპოზიციაში - ასე იქნა გაგებული. ძირითადი მოთხოვნებია, ბიუჯეტი გვაჩვენე. ყველას ასეთი მოთხოვნები აქვს, ძველი ვითარებიდან გამომდინარე. სულ ეჭვი ეპარებათ ვიღაცებს."

სამეურვეო საბჭოს უკვე ყოფილი წევრები მომავალ კოლეგებს სიმშვიდისკენ, შრომისმოყვარეობისა და აქტიურობისკენ მოუწოდებენ.


გოგა აფციაური, გორი

ორ კვირაში სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები ჩატარდება. 2 ივნისიდან საბჭოების კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო და ეს პროცესი 9 ივნისს დასრულდება. საბჭოს შემადგენლობაში არჩეულნი უნდა იყვნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ გორის სკოლების დიდ ნაწილში საბჭოები ახალ დირექტორებს არ აირჩევენ - დარჩებიან ძველები, რომლებსაც უფლებამოსილება 4 წლის შემდეგ შეუწყდებათ. მხოლოდ რაიონის 16 სკოლაში, სადაც აქამდე არჩეული დირექტორი არ იყო, არჩევნები შემოდგომით ჩატარდება. გორის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი სოსიაშვილი ამბობს, რომ სკოლები არჩევნებისთვის უკვე მზად არიან.

სამეურვეო საბჭოები სამი წლის წინ აირჩიეს. ამ დროის განმავლობაში გორის არაერთ სკოლაში დირექტორსა და საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირება დაიწყო.კანონის მიხედვით, საბჭოებს, დირექტორის არჩევის გარდა, სკოლის ფინანსების კონტროლიც ევალებათ. როგორც კი საბჭოში არჩეული პედაგოგები ამ უფლებამოსილების განხორციელებას იწყებდნენ, დირექტორის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. ყველაზე ხმაურიანად პროცესები გორის რაიონის სოფელ საქაშეთის სკოლაში განვითარდა, სადაც აგვისტოს ომის შემდეგ დირექტორმა ერთბაშად 11 პედაგოგი გაათავისუფლა. საქაშეთის სკოლის მასწავლებელი ანა გიუნაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება დირექტორის მხრიდან ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას მოჰყვა.

სკოლიდან დათხოვნილი პედაგოგების სასამართლო პროცესი 7 თვეს გაგრძელდა. საქაშეთელ მასწავლებლებს პედაგოგთა პროფკავშირი იცავდა. ამჟამად თერთმეტივე პედაგოგი სკოლაში დაბრუნდა, განათლების სამინისტრომ კი დირექტორის მხრიდან ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა მართლა აღმოაჩინა და თანამდებობიდან გადააყენა. საქართველოს პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დალი ედილაშვილი, მიღებული გამოცდილების საფუძველზე ასკვნის, რომ უმრავლეს შემთხვევაში სამეურვეო საბჭოებმა არ გაამართლა, რადგან პედაგოგი, რომელიც სკოლის ფინანსური მდგომარეობით ინტერესდებოდა, დაუცველი რჩებოდა, რადგან დირექტორი შრომის კოდექსის 37-ე მუხლს აამოქმედებდა და პედაგოგს სკოლიდან უაპელაციოდ უშვებდა.

კანონში ხარვეზი საკანონმდებლო ორგანოშიც შეამჩნიეს და ცვლილება განათლების კანონში შეიტანეს. ამ ცვლილების მიხედვით, დირექტორს სამეურვეო საბჭოს წევრი პედაგოგის გათავისუფლების უფლება აღარ აქვს, თუ საბჭოდან მისი გამოწვევა არ მოხდება. მიუხედავად ამ საკონენმდებლო ცვლილებისა, პროფკავშირებში აცხადებენ, რომ საბჭოს გარეთ დარჩენილი პედაგოგები მაინც დაუცველნი რჩებიან, თუ ისინი დირექტორის საწინააღმდეგოდ ხმის ამოღებას გაბედავენ.
XS
SM
MD
LG