Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 2 ივნისი 2009


„ობამა–მედვედევი: საქართველო ძირითადია“ - ამ სათაურით დღეს გაზეთ „24 საათში” გამოქვეყნდა პოლიტიკური ექსპერტის, დევიდ სმიტის, სტატია, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შედგება თუ არა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკა: „ობამამ კრემლში ყოფნისას ფრთხილად უნდა განსაზღვროს, რა საკითხები დადგება დისკუსიაზე და რა არ ექვემდებარება მოლაპარაკებას. ბოლოს კი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს უნდა განუცხადოს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ის ქართული ტერიტორიები, რომელთა ოკუპაციაც გასულ აგვისტოში მოახდინა. ეს არ არის მხოლოდ პროამერიკული დემოკრატიის მხარდაჭრა - ობამას „გადატვირთის“ პოლიტიკა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.“

დღესვე გაზეთ „24 საათში“ ქვეყნდება პუბლიკაცია: „რუსული სატყუარა გიორგაძისაგან.“ იგი ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი იგორ გიორგაძის ვრცელი საპროგრამო სტატიის ძირითად აქცენტებს ასახავს. სტატია, თავის მხრივ, რუსულ მედიაში, კერძოდ, გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა. ძებნილი, ამჯერად ახალი სამოქალაქო მოძრაობის “ საქართველო საზღვარგარეთ“ ლიდერის ამპლუაში, ქართულ საზოგადოებას მოუწოდებს, უარი თქვას დასავლურ არჩევანზე და რუსეთისკენ შებრუნდეს. სანაცვლოდ კი, მისი მტკიცებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შორეული პერსპექტივა გაჩნდება და ქვეყნის შემდგომი დეზინტეგრაციის საშიშროებაც მოიხსნება.

„ვინ ესახება სააკაშვილის შემცვლელად კახა კუკავას“ - ეს კი გაზეთ „ალიას“ ერთ-ერთი მთავარი მასალაა. გაზეთის ამ კითხვას კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, უპასუხებს, რომ ერთ გამოკვეთილ ლიდერზე ამ შემთხვევაში საუბარი არ არის და ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა ცვლილება ისე, რომ ხელისუფლებაში რამდენიმე ლიდერის გუნდი მოსულა.

ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირების საკითხზე დღეს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან. შეკითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ მასშტაბური ბრძოლით ოპოზიციამ ხელისუფლება აიძულოს ანგარიში გაუწიოს ოპოზიციის მოთხოვნებს, ფსიქოლოგი პასუხობს: „მგონი, ნელ-ნელა იმსხვრევა მითი იმის შესახებ, რომ მიტინგზე ხალხის მრავალრიცხოვნობის შემთხვევაში გამარჯვება მიღწევადია. მითი „თუ ბევრ ხალხს შეყრი, მიშა წავა, ინგრევა. ოპოზიციამ აქციაზე კიდევ უფრო მეტი ხალხიც რომ მიიყვანოს, ამ ბრძოლას პერსპექტივა არა აქვს, რადგან ოპოზიციის მიერ აღებული მხოლოდ და მხოლოდ ერთი, მონო იდეა - „საქართველო სააკაშვილის გარეშე“ - თავისი არსით ნეგატიურია, ანუ რაღაცის უარყოფაა და, შესაბამისად, არ გამოვა“, - უთხრა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას” ფსიქოლოგმა ნოდარ სარჯველაძემ.

გაზეთი „რეზონანსი“ კი დღეს იმის გარკვევას შეეცადა, რატომ მიიღო ნოღაიდელის პარტიამ საკონსტიტუციო მუშაობაში ჩართვის გადაწყვეტილება და როგორ ესახებათ მათ ქვეყნის მოწყობის მოდელი. ამ საკითხზე „რეზონანსი“ პეტრე მამრაძეს ესაუბრა. კონსტიტუციის შეცვლა ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განმუხტვის ერთადერთი რეალური გზაა, - ასე ხსნის პეტრე მამრაძე თავის გადაწყვეტილებას, ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.რაც შეხება მოდელს, იგი ამბობს, რომ ნოღაიდელის გუნდი მმართველობის საპარლამენტო მოდელს ანიჭებს უპირატესობას და ამ მიმართულებით საბაზისო პროექტად მიიჩნევს ნაშრომს, რომელიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ ჯერ კიდევ 1994 წელს შემუშავდა.
XS
SM
MD
LG