Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო იმედოვნებს, რომ გაეროს მორიგ რეზოლუციაში შესწორებები შევა


გაეროს უშიშროების საბჭო
გაეროს უშიშროების საბჭო
საქართველოს მხარე იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მორიგ რეზოლუციაში გაითვალისწინებს საქართველოს პრეტენზიებს, რომელიც მას გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ამასწინანდელი მოხსენების მიმართ აქვს. მოხსენების ტექსტი კი, როგორც წესი, საფუძვლად ედება ხოლმე უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს აღარ მიუღია სრულფასოვანი რეზოლუცია საქართველოს შესახებ. აგვისტოს შემდეგ მიღებული რეზოლუციები იყო ნახევრად ტექნიკური ან ტექნიკური, ხოლო შედეგად, ავტომატურად უგრძელდებოდა მანდატი საქართველოში - აფხაზეთში - გაეროს მისიას. რადგან აფხაზთა მხარე - და მასთან ერთად მოსკოვი - მოითხოვდა და მოითხოვს, გაეროს მისიას აღარ ერქვას მისია საქართველოში, მანდატის ავტომატურ რეჟიმში გასაგრძელებლად უშიშროების საბჭომ თავისი ბოლო რეზოლუციის მიღებისას დაუშვა პრეცედენტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა დაედასტურებინა ახლებურად, ადრინდელი რეზოლუციების ნომრების მითითებით, რეზოლუციებისა, რომელთა ტექსტშიც მკაფიოდაა გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობისადმი. როგორც ცნობილია, ასე მოხდა გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის უკანასკნელი მოხსენების დასათაურებისასაც. საქართველოს მხარემ გამოხატა მკვეთრი უკმაყოფილება ამ მოხსენების, კერძოდ, მისი სათაურის მიმართ, მაგრამ, როგორც ადრევე ითქვა, პრობლემა მარტო სათაურში არ არის.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში, აფხაზეთში, გაეროს მისიის არსებობას, მაგრამ მომხრეა იქ გაცილებით ეფექტიანი და ძლიერი მისია არსებობდეს - ისეთი, რომელსაც შეეძლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არა მარტო მონიტორინგის განხორციელება, არამედ რომელიც აღჭურვილი იქნება გარკვეული საპოლიციო ფუნქციებით. საქართველოს მხარე აკრიტიკებს გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებას, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მოხსენების ის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია წინადადებები კონფლიქტის ზონაში გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რამდენად საჭიროა და აუცილებელი გაეროს მისია იყოს უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი. საქართველოს მხარის პრეტენზიის საგანია ასევე გენერალური მდივნის მოხსენების სათაური, საქართველოს მხარის მოთხოვნაა გაეროს უშიშროების საბჭომ მორიგ რეზოლუციაში ისევე ღიად გამოხატოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, როგორც ეს ადრე, აგვისტოს ომამდე მიღებულ რეზოლუციებშია გამოხატული. არის სხვა საკითხებიც, რომლებიც განიხილება როგორც გენერალური მდივნის მოხსენების ნეგატიური ასპექტები. მათ შესახებ განმარტება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, სერგი კაპანაძეს, ვთხოვე:

”იგივე სხვადასხვა გეოგრაფიული არეების აღნიშვნა და სენაკის და ოჩამჩირის ბაზების ხსენება ერთი ტიპის ბაზებად. აქ გენერალური მდივანი ცდილობს დეპოლიტიზაცია მოახდინოს და ერთი ტიპის ბაზებად ახსენებს მათ.”

ეს მოხსენების აღწერილობით ნაწილში ხდება და თან, არა პირველად. ბან კი მუნი წინა, თებერვლის, მოხსენებაში, რომელსაც ჰქვია ”მოხსენება აფხაზეთში

(საქართველო) არსებული მდგომარეობის შესახებ”, გალის რაიონის სექტორში მდგომარეობის მიმოხილვისას აღნიშნავს, რომ იქ რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიკავეს პოზიციები, რომლებიც ადრე სამშვიდობო ძალებს ეკავათ, და დაიწყეს გამაგრება დამატებით პოზიციებზე, მძიმე ტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების გამოყენებით. უკვე მოხსენების იმ ნაწილში, რომელიც ეთმობა ზუგდიდის სექტორში ვითარების აღწერას, გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს:

”მისიამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სენაკის ბაზაზე, რომელიც მდებარეობს გაეროს მისიის პასუხისმგებლობის ზონის გარეთ, ადგილი ჰქონდა ბაზის გაძლიერებას პირადი შემადეგნლობით და ტექნიკით.”

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, გენერალური მდივანი თავისი მოხსენებების აღწერილობით ნაწილში ცდილობს იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზებული.

თუმცა თვალშისაცემია, რომ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე - მათ შორის, უსაფრთხოების ზოლში - მიმდინარე უკანონო და გამალებული მილიტარიზაციის ფონზე, ბან კი მუნის წინა მოხსენებაში ნეგატიურ ჭრილშია აღნიშნული საქართველოს ტერიტორიაზე, - თანაც, გაეროს მისიის პასუხისმგებლობის ზონის გარეთ, - ლეგიტიმურ სამხედრო ბაზაზე, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დამატების ფაქტი. რაც შეეხება ბოლო, ნეიტრალური დასათაურების, მოხსენებას, აქ გენერალური მდივანი აღნიშნავს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი რეზოლუციით განსაზღვრული უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევის ფაქტებს გალის სექტორში, მიუთითებს კონფლიქტის ზონაში - მათ შორის, უსაფრთხოების ზოლში -რუსეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეყვანას და შემდეგ, ზუგდიდის სექტორზე საუბრისას, აღნიშნავს უსაფრთხოების ზონასთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ნახევრად ბრონირებული ტექნიკის ერთეულის გამოჩენას, აგრეთვე ბათუმიდან სოფელ ანაკლიამდე საქართველოს საზღვაო-სამხედრო კატარღის პატრულირების ფაქტს. ესაა ისევ ფაქტების აღწერა. თუმცა, ვინც პარალელების გავლებას შეეცდება, იოლი შესაძლებელია შეექმნას შთაბეჭდილება, რომ რაღაცნაირად ერთ კონტექსტში ხდება იმ ფაქტების გახილვა, რომელთაც ადგილი აქვს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუ დინამიკაში განვიხილავთ გენერალური მდივნის მოხსენებებს, უნდა ვთქვათ, რომ წინა მოხსენებებში ვითარება გალის რაიონსა და ზუგდიდის რაიონში აღწერილი იყო როგორც დაძაბული, ბოლო მოხსენებაში კი გენერალური მდივანი აღნიშნავს, ორივე მხარეს სიმშვიდეაო და დაასკვნის, რომ რეგიონში ეს სიმშვიდე აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობათა შესრულებამ მოიტანა. ასეთია მოხსენება, რომლის ტექსტიც საფუძვლად უნდა დაედოს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, თუმცა, როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვით, საქართველოს მხარე იმედოვნებს, რომ სამომავლო რეზოლუციის ტექსტი არ მიჰყვება გენერალური მდივნის მოხსენებას და მასში გათვალისწინებული იქნება საქართველოს მოთხოვნები. ხოლო იმის შესახებ, თუ რას ეფუძნება ეს იმედი, სერგი კაპანაძე შემდეგს ამბობს:

”ჩვენ ვართ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში პარტნიორ ქვეყნებთან - ვგულისხმობ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს. მათთან ვაჯერებთ პოზიციებს. იცით, რომ ამ სამი ქვეყნისა და რუსეთის დებატების შედეგად, იკვეთება რეზოლუციის ტექსტი. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი წითელი ხაზები და ჩვენი მოთხოვნები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული სამომავლო რეზოლუციის ტექსტში.”
XS
SM
MD
LG