Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ჩაიარა “საპარლამენტო არჩევნებმა” ცხინვალის რეგიონში?


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად ედუარდ კოკოითიმ პოზიციის გამყარება შეძლო. მის პარტიას, არჩევნებში გამარჯვებულ “ერთობას”, ოფიციალური შედეგებით, ხმების 46,38 პროცენტი ერგო. მას 22,58 პროცენტით მოჰყვება სახალხო პარტია და მესამე ადგილზეა - ხმების 22,25 პროცენტით - კომუნისტური პარტია. რადიო “თავისუფლების” გადაცემებში უკვე არაერთხელ გვქონდა საუბარი შეფასებებზე, რომლებიც ამ კენჭისყრას მოჰყვა საქართველოსა და უცხოეთში. შეგახსენებთ აშშ-ის განცხადებას, რომ ის არ ცნობს სეპარატისტული პარლამენტის არჩევნების არც კანონიერებას და არც შედეგებს. ამავე შინაარსის განცხადება აშშ-ზე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ჩეხეთის რესპუბლიკამ. ე.წ. არჩევნები დაგმეს (მას ფარსი უწოდეს) თბილისშიც. მაგრამ როგორია შეფასებები თვით ოკუპირებულ ტერიტორიაზე? რამდენად, ან რისთვის აკრიტიკებენ, თუ აქებენ კოკოითის რეჟიმს ცხინვალის რეგიონში?

პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ ახალგორის რაიონი - ის ადგილი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენენ - 31 მაისის “არჩევნების” წინ თითქმის დაიცალა. მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი გამოსულია რაიონიდანო, აღნიშნა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ახალგორის მუნიციპალიტეტის ლეგიტიმურმა ხელმძღვანელმა ავთანდილ ყოჩიშვილმა. მისი ინფორმაციით, დარჩენილებიდან ცოტა თუ მივიდა საარჩევნო უბნებში, ამასთან სეპარატისტი “აქტივისტები” ქართველებთან მიდიოდნენ და არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდნენ - წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემებით ემუქრებოდნენ.

თავის მხრივ, სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება იმუქრებოდა - კერძოდ, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ახალგორის მკვიდრ ქართველებს, თუ ისინი არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას.

“სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება, მოვიდეს და კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. დღეისთვის ესაა ყველაზე დიდი მიღწევა მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთი ოსეთი დანგრეულია ქართული აგრესიის შედეგად. იყო რესპუბლიკის მოსახლეობაზე ზეწოლის განხორციელების მცდელობები - განსაკუთრებით ლენინგორის რაიონში, სადაც საქართველოს ხელმძღვანელობა ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება ქართული ეროვნების ყველა მოქალაქეს, ვინც მოდის და კენჭისყრაში იღებს მონაწილეობას”, - ეს ბრალდება სეპარატისტების ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ გამოთქვა 31ტ მაისს. მისი და ავთანდილ ყოჩიშვილის განცხადებებს საერთო აქვთ მითითება იმ გარემოებაზე, რომ ახალგორის მკვიდრი ქართველებიდან ძალიან ცოტამ თუ მიიღო მონაწილეობა პროცესში, რომელსაც ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერები საპარლამენტო არჩევნებს უწოდებენ.

მაინც როგორ ჩაიარა ამ პროცესმა სამხრეთ ოსეთი დე-ფაქტო რესპუბლიკაში? ამ შეკითხვით ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის ჟურნალისტმა, ანდრეი შარიმ ცხინვალის რეგიონში ორ რესპონდენტს მიმართა და ორი განსხვავებული პასუხი მიიღო.

სეპარატისტული რეპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული “სახალხო პარტიის” ლიდერის, როლანდ ქელეხსაევის განცხადებით, მას მანამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ არჩევნები გაყალბდებოდა. “ახლა კი არის აშკარა მტკიცებულებები, რომ არჩევნები, ფაქტობრივად, მასობრივად გაყალბდაო”, ირწმუნება ქელეხსაევი, რომელსაც გაყალბების მაგალითად მოჰყავს ის, რაც ჩრდილოეთ ოსეთში მოხდა: იქ 6 საარჩევნო უბანი იყო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 22 ათასზე მეტმა ადამიანმა. არადა, სახალხო პარტიის ლიდერის, როლანდ ქელეხსაევის შეფასებით, რეალურად ამ უბნებში 6 ათასზე მეტი ადამიანი არ მისულა.

ქელეხსაევისაგან სრულიად განსხვავებულ შეფასებას გამოთქვამს კოსტა კოჩიევი, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას, ცოტა არ იყოს, უცნაური სახელწოდებით - “კანონი უფლებაზე მაღლა”. კოჩიევი ირწმუნება, რომ არჩევნებზე იყო ძალიან ბევრი მეთვალყურე - საერთაშორისო მეთვალყურე და ძალიან ბევრი ჟურნალისტი. არჩევნები, მისი შეფასებით, “უმაღლეს დონეზე” ჩატარდა.

კოსტა კოჩიევმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ უცხოელ მეთვალყურეებს შორის ევროკავშირის წარმომადგენლები იყვნენ. რადიო “თავისუფლების” რუსული სამსახურის კორეპსონდენტის შეკითხვას, რა სტატუსით იყვნენ ჩასული ეს მეთვალყურეები, როცა ევროკავშირს არა უღიარებია სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, კოსტა კოჩიევმა რიგიანად ვერ უპასუხა, მან ბელორუსია და უზბეკეთი ახსენა ... როცა ჩვენმა კოლეგამ მიუთითა, რომ ევროკავშირის წევრი არც ბელორუსიაა და არც უზბეკეთი, კოჩიევისაგან მან შემდეგი პასუხი მიიღო: “ყველაფერი სრულიად გამჭვირვალედ იყო. ყველაფერი შუქდებოდა საინფორმაციო საშუალებებში - ყოველი ნაბიჯი, ყოველი მოძრაობა. ამიტომ ამ არჩევნების მიმართ არ შეიძლება იყოს რაიმე პრეტენზიები. ასეთ დონეზე ისინი ჩვენში არასოდეს ჩატარებულა.” კოსტა კოჩიევი, რომელიც ამ შეფასებას გამოთქვამს, ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას “კანონი უფლებაზე მაღლა”.

მისგან განსხვავებით, სახალხო პარტიის თავმჯდომარე როლანდ ქელეხსაევი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებს რესპუბლიკა ჩიხში შეჰყავთ. “სამხრეთ ოსეთში უფლებები და თავისუფლებები არ არსებობს, ანუ ფაქტობრივად არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები - რაც ამ არჩევნებმაც აჩვენა”, აცხადებს ქელეხსაევი და სამხრეთ ოსეთის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს, შეშფოთებას გამოთქვამს ემიგრაციის ამჟამინდელი ნაკადის გამო.

მაგრამ რაც უნდა განსხვავებული იყოს შეფასებები, რომლებსაც ეს ორი ადამიანი - სახალხო პარტიის თავმჯდომარე და მოძრაობის “კანონი უფლებაზე მაღლა” ხელმძღვანელი გამოთქვამენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნებთან, ან პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ერთსულოვნება სუფევს, როცა ლაპარაკია რუსეთთან მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე და თბილისთან ურთიერთობის პერსპექტივაზე. “საქართველოსთან ურთიერთობა არ გვარდება და ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვარდეს, რადგან ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს საქართველოსთან ურთიერთობა - ეს იქნება მორიგი გენოციდი. სანამ არ იქნება განაჩენი - საერთაშორისო ტრიბუნალი კაცობრიობის წინააღმდეგ საქართველოს დანაშაულებთან დაკავშირებით - ურთიერთობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია”, ამბობს კოკოითის რეჟიმის მომხრე კოჩიევი და ამავე აზრს იმეორებს ოპოზიციური სახალხო პარტიის ლიდერი. “ახლანდელი რეჟიმი საქართველოში, ფაქტობრივად, ფაშისტური რეჟიმია - რეჟიმი, რომელმაც გენოციდი მოუწყო ოს ხალხს. საქართველოში ხელისუფლებაში დემოკრატიული ორიენტაციის ლიდერების მოსვლის შემთხვევაში, თუ ისინი აღიარებენ ოსი ხალხის გენოციდს და შეეცდებიან ჩვენს შორის ურთიერთობის განვითარებას სახელმწიფოთა შორის დონეზე, მაშინ პრინციპში, რატომაც არა?”
XS
SM
MD
LG