Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ შიდა სესხის აღება გადაწყვიტა


ნიკა გილაური - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნიკა გილაური - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ სახაზინო ვალდებულებების გაყიდვის, ანუ ობლიგაციების გამოშვების, გზით, კომერციული ბანკებიდან 250 მილიონი ლარის სესხის აღებას აპირებს. ამ თანხით მთავრობა ბიუჯეტის შევსებას და სოციალური სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსებას შეეცდება. სესხის აღების მიზეზად ეკონომიკის შემცირება და, შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლების კლება დასახელდა. რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ ობლიგაციების გამოშვება?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბაქოში ენერგეტიკულ სამიტზე გამგზავრების წინ გამოაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა მეორე კვარტალში შეიძლება 1.5 პროცენტით შემცირდეს. მიზეზად არასტაბილური პოლიტიკური ვითარება დასახელდა. იქვე ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი მაინც გაიზრდება და სოციალური თუ სხვა საბიუჯეტო ვალდებულებების გასტუმრებას არაფერი დაემუქრება:

„ვმუშაობთ ახალ ბიუჯეტზე, რომელიც გაზრდილი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს, რა თქმა უნდა, ცვლილებები და შემცირება საგადასახადო შემოსავლებში. თუმცა ეს ბალანსდება და, პირიქით, იზრდება ბიუჯეტი სხვა შემოსავლების ხარჯზე.“

საერთაშორისო დონორებისგან მიღებული გრანტებისა და კრედიტების გარდა, მთავრობა ბიუჯეტის გაზრდას შიდა ბაზარზე აღებული სესხის მეშვეობით გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილია გამოშვება 250 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ვალდებულებების – ობლიგაციებისა, რომელსაც ადგილობრივი კომერციული ბანკები შეიძენენ. ამ ფულით სოციალური სარეაბილიტაციო პროექტები დაფინანსდება და ეკონომიკის სტიმულირება მოხდებაო, – ფიქრობენ მინისტრთა კაბინეტში.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მისი ეკონომიკური პოლიტიკის ოპონენტები აკრიტიკებენ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიის, „სამართლიანი საქართველოს“ წარმომადგენლის, შოთა გვენეტაძის, განცხადებით, იმ დროს, როდესაც ეკონომიკა მცირდება, ბიუჯეტის ხარჯების გაზრდა არამართებული გადაწყვეტილებაა:

„მთავრობის განცხადება, რომ მან უნდა აიღოს რაიმე დამატებითი ახალი ვალდებულებები, როდესაც ბიუჯეტი გარღვევის წინაშეა, ეს არის გაუგონარი და უპასუხისმგებლო პოლიტიკა.“

შოთა გვენეტაძე მთავრობას ბიუჯეტის სეკვესტრისკენ მოუწოდებს. მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე კი, მთავრობას ურჩევს ეკონომიკის რეალურ სტიმულირებაზე იფიქროს და არამხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე. ტყემალაძის აზრით, ბიზნესმენებს საშუალება უნდა მიეცეთ დაბეგვრის გარეშე საკუთარი მოგების რეინვესტირება განახორციელონ და საწარმოები გააფართოონ.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ინიციატივას აკრიტიკებს ”ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძეც. მისი ინსტიტუტი ბოლო დრომდე მთავრობის ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების აქტიური მხარდამჭერი იყო. პაატა შეშელიძემ რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა შექმნილი ეკონომიკური ვითარება არასწორად შეაფასა და ახლა ბიუჯეტში ჩადებული ამ არასწორი პროგნოზების შესრულება ვერ ხერხდება. მისი აზრით, გაზრდილი საერთაშორისო დახმარება და ნასესხები ფული, ეკონომიკის გამოცოცხლების ნაცვლად, მთავრობის გაზარმაცებას გამოიწვევს:

„მოტივაცია რეფორმების არ არის. არის ფული, რომლის დარიგებაც შეუძლიათ. ეს ფული ეკონომიკას არ შეუქმნია. როდესაც ფული შემოდის არა იმის ხარჯზე, რომ რაღაც გაიყიდა, არამედ შემოდის ნაჩუქარი ფული, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული რესურსები, უბრალოდ, ძვირდება და ცხოვრებაც ძვირდება. ეს არ არის გამოსავალი.“

პაატა შეშელიძის აზრით, რომელსაც ბევრი ექსპერტიც ეთანხმება, საქართველოს ეკონომიკაში არსებული რთული ვითარების დაძლევა შესაძლებელია შემდგომი რეფორმებითა და ბიზნესის წარმოებაში მთავრობის ჩარევის შემცირებით.
XS
SM
MD
LG