Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტი კავკასიის პოლიტიკის შუქჩრდილებს განგიმარტავთ


კრემლის კავკასიურ პოლიტიკაში გარკვევას რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის დირექტორი ასლან დუკაევი ცდილობს, რემბრანდტის ნახატების ერთი თვისების ანალოგიით: თუკი კარგად დაუკვირდებით რემბრანდტის სურათების ბნელ ადგილებს, ამბობს დუკაევი, იდუმალებით მოცულ ფიგურებს შეამჩნევთ. ამ ფიგურების უკეთ შესწავლა კი მათ ამოცნობაშიც დაგეხმარებათ, თავდაპირველი შთაბეჭდილება იცვლება. ის, ვინც რუსეთის პოლიტიკის შუქჩრდილებში გარკვევას ესწრაფვის, შეუძლია რემბრანდტზე დაკვირვების მეთოდი მოიხმაროს: ჩრდილო კავკასიის რეგიონი ისევე ბნელია, როგორც ფონი ჰოლანდიელი მხატვრის ნახატებზე. და კარგად დაკვირვება ამოგაცნობინებთ რუსეთის სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის ბნელ კუთხეებში მიმალულ ფიგურებსა და მოვლენებს.

წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მოულოდნელად ეწვია ინგუშეთს, სადაც ბოლო ხანს ანტისამთავრობო განწყობილება გაიზარდა. სამი თვის წინ იყო, რომ კრემლმა ამ რესპუბლიკის არაეფექტიანი და არაპოპულარული ლიდერი, უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი მურატ ზიაზიკოვი, არმის პოლკოვნიკ იუნუს-ბეკ იევკუროვით შეცვალა. მედვედევის იქ ჩასვლა არ გამოირჩეოდა გულითადობით. საათნახევრიანი შეხვედრისას მან ადგილობრივ მმართველებს პირობა მისცა, რომ ცენტრიდან დახმარებას მიიღებდნენ, მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც მათი ლოიალობის უზრუნველსაყოფად გაკეთდა. როცა მედვედევი უკვე მოსკოვში გაფრინდა, ერთი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა: რატომ არ შეხვდა მედვედევი, პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ყველაზე არასტაბილურ რეგიონში ჩავიდა, მეზობელი რესპუბლიკების - ჩეჩნეთის, დაღესტნის, ჩრდილოეთ ოსეთის - ლიდერებს? ასეთი მოქმედება, მით უმეტეს, რომ იევკუროვს - მართალია, უმართებულოდ - მედვედევის პროტეჟედ მიიჩნევენ, შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნეს ახსნილი. ეჭვს კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ იევკუროვი ერთადერთხელ მიიღო და ისიც სულ მოკლე ხნით პრემიერ-მინისტრმა პუტინმა. ეს უცნაურია, რადგან ინგუშეთში ძალიან მაღალია უმუშევრობის დონე და ეს რესპუბლიკა ფედერალურ ბიუჯეტზეა მთლიანად დამოკიდებელი. თუკი ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ, იქ ეკონომიკური ვითარება უარესია, ვიდრე ჩეჩნეთში, სადაც 15 წელია სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს. ხანდახან რუსეთის სხვადასხვა უწყებას შორის პაექრობა რეგიონებში მათ მიერ დანიშნული სანდო პირების გზით ხდება და არცთუ ისე ფაქიზი ფორმებით. ამის ნიმუშად ასლან დუკაევი ჩეჩნეთში რამზან კადიროვსა და ოპონენტებთან გამკლავების მის მეთოდებს ასახელებს.

როცა 2000 წელს სეპარატისტული ჩეჩნეთის ყოფილი მუფტი, რამზანის მამა, ახმად ჰაჯი კადიროვი, პუტინმა, მაშინ პრეზიდენტმა, ჩეჩნეთის მმართველად დასვა, ცხადი იყო, რომ კადიროვს მიანიჭეს ძალაუფლება, რომელზეც სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელები ვერც იოცნებებდნენ. ეს რისკი პუტინმა გასწია და ამისთვის, სავარაუდოდ, როგორც ყოფილი ჯაშუში, მზად იყო. მოგვიანებით პუტინმა გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტის უკან “შავბნელი ძალები იდგნენ”, რითაც შეიძლება აიხსნას მისი ასეთი რადიკალური ნაბიჯი. კადიროვის ოჯახმა დაუყოვნებლივ დაიწყო ძალაუფლების საყრდენის შექმნა - ჩამოაყალიბა კერძო არმია, “კადიროვცებად” რომ იწოდებოდა. კადიროვმა შექმნა ძალა, რომელიც მუდამ მზად იყო გასწორებოდა ყოველგვარ პოტენციურ მუქარას. რუსეთის არმიის მეთაურობა იმდენად შეაშფოთა ასეთი დიდი ძალაუფლების ერთი ოჯახის ხელში თავმოყრამ, რომ სამხედრო შენაერთები შექმნეს და ისინი თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ე.წ.”გრუს”, დაუქვემდებარეს. ეს ნაწილი, ძირითადად, ეთნიკური ჩეჩნებისგან შედგებოდა. მამის, ახმად კადიროვის, მოკვლის შემდეგ, ჩეჩნეთის მმართველი მისი ვაჟი რამზანი გახდა. ზემოხსენებული გაერთიანებების დაშლის შემდეგ მათ მეთაურებს სხვადასხვა ბედი ეწიათ. ერთი, კაკიევი, კადიროვს არ აუმხედრდა. მეორე, იამადიევი, საჯაროდ განსჯიდა კადიროვს და ჯერ მისი ძმა, დუმის ყოფილი დეპუტატი, მოკლეს მოსკოვში, შემდეგ კი მასაც, უცხოეთში გაქცეულს, მიაკვლიეს და ბოლო მოუღეს. რამზან კადიროვი ამ ყველაფერში თავს დამნაშავედ არ ცნობს და არც ბევრი აქვს ამ მხრივ სადარდებელი. დღეს, ამბობს ასლან დუკაევი, რამზან კადიროვს,სულ მცირე, თანამდებობა უზრუნველყოფილი აქვს. ბოლოს და ბოლოს, პუტინს ყოველთვის შეუძლია ანტირუსული შეთქმულების მონაწილედ მათი გამოცხადება, ვინც კრემლის ჩეჩნურ პროპაგანდას წინ აღუდგება.

პოლიტიკა მხოლოდ ძალაუფლება, გავლენა და გადაწყვეტილების მიღება არ არის. ისაა სიმბოლოები, ვნებები და აღთქმა. ეს კი იმას გულისხმობს, რაც ზემოთაც ითქვა, - რემბრანდტის შედევრების მსგავსი შუქჩრდილების ურთიერთთამაშს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG