Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2 ივნისი 2009


ბოლო ორი დღის განმავლობაში არჩევნები სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრესის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

”კვირას სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. რესპუბლიკაში არავის ეპარება ეჭვი, რომ გამარჯვება ედუარდ კოკოითის მხარდამჭერებმა მოიპოვეს”, - წერდა 1 ივნისის ”კომერსანტი”, თუმცა იქვე დასძენდა: ”გადამწყვეტი როლი ამაში შეასრულა პარტია ”ედინაია როსიას” სახის აქტიურმა ექსპლუატაციამ და რუსეთის საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებამ.”

”ნეზავისიმაია გაზეტა” წერდა, რომ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე ცხინვალში უკვე დარწმუნებით ამბობდნენ, რომ 7 პროცენტიან ბარიერს გადალახავენ ”ედინსტვო” და კომუნისტური პარტია.

ამ არჩევნებს ”მოსკოვსკი კომსომოლეცმაც” მიუძღვნა პუბლიკაცია. იგი მკითხველებს უამბობდა, რომ ეს პირველი არჩევნებია სამხრეთ ოსეთში მას მერე, რაც რუსეთმა მისი დამოუკიდებლობა ცნო. გაზეთი წერს, მთავარი ბრძოლა იმისთვის გაიმართა, რომ არჩევნებზე ამომრჩევლები მისულიყვნენო.

”ვრემია ნოვოსტეის” პუბლიკაციის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მღელვარება არ გამოუწვევია. თუმცა გაზეთი იქვე აღნიშნავს, რომ ცხინვალის ცარიელი მოედნები და სიჩუმე ამ მოედნებზე სულაც არ უნდა აძლევდეს ედუარდ კოკოითის და მის მომხრეებს იმის საბაბს, რომ მშვიდად ამოისუნთქონ. გაზეთი წერს: ,, რესპუბლიკაში ძალიან მაღალი რჩება მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება - ხელისუფლების მიმართ, რომელიც ომისშემდგომ პერიოდში სერიოზულად არის დისკრედიტებული კორუფციის დონით, ქმედობაუუნარობით და საკადრო სკანდალებით.” პუბლიკაციის თანახმად, თუ ამ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომ რუსეთი ისეთი პარლამენტის არჩევნებს უწყობდა ხელს, რომელიც პრეზიდენტს სჭირდებოდა, მაშინ მისი იმიჯი შეილახება სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა თვალში. ეს კი გაცილებით დიდი უსიამოვნებაა, ვიდრე არჩევნების გარდაუვალი კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მიერო, - წერს გაზეთი.

2 ივნისს ”ვრემია ნოვოსტეი” და ”კომერსანტი” აგრძელებენ სამხრეთ ოსეთში არჩევნების გაშუქებას. ”ვრემია ნოვოსტეიში” დაწვრილებით არის გადმოცემული, რომელმა პარტიამ რამდენი ხმა და მანდატი მიიღო. ,,ჯამში, პარლამენტში ოპოზიცია არ არის ”, - წერს ”ვრემია ნოვოსტეი”. -

”როგორც კი შეიკრიბება, - ეს კი უკვე ერთ კვირაში მოხდება, - ის სრულ მზადყოფნაში იქნება სამუშაოდ. ანუ, როგორც დამკვირვებელთა უმრავლესობა ვარაუდობს, ის მზად იქნება საკონსტიტუციო რეფორმისთვის, რომელიც საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვას მოხსნის და, შესაბამისად, ედუარდ კოკითის აღარ დაემუქრება საშიშროება, ახლანდელი სამუშაო ადგილი დაკარგოს თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ, 2010 წლის ნოემბერში.”

რუსეთში გაკეთებული კომენტარების საერთო კმაყოფილი ტონი იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვში, როგორც ჩანს, შეურიგდნენ ამის შესაძლებლობას.

”კომერსანტი” კი წერს, რომ მოსკოვი ასეთი ვარიანტის წინააღმდეგია და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს იმოწმებს, რომელმაც განაცხადა, რომ საჭიროა სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია შენარჩუნებული იყოს.
XS
SM
MD
LG