Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 3 ივნისი 2009


”როგორი იქნება ტალიავინის დასკვნა“- გაზეთი ”რეზონანსი” იუწყება, რომ ევროკავშირის ეგიდით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზებს სწავლობს, დასკვნის გამოქვეყნებამდე ორი თვით ადრე შეხვედრებს ქართულ მხარესთან იწყებს. კომისიამ ორ მთავარ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი: ვინ იყო აგვისტოს ომის ინიციატორი და რა იყო ომის გამომწვევი მიზეზები. ”რეზონანსი” შენიშნავს, რომ, ექსპერტთა ვარაუდით, დასკვნა მეტ-ნაკლებად ნეიტრალური იქნება, მაგრამ რა ჩაითვლება ნეიტრალურად, ამაზე კონკრეტული საუბარი ჯერ კიდევ ჭირს. „ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას კი არ ექნება, თუ ვინ დაიწყო ომი, - უთხრა ”რეზონანსს” კახა გოგოლაშვილმა, არამედ იმას, რამ გამოიწვია ეს ომი. ასევე მნიშვნელობა აქვს იმას, ომის დაწყება იყო თუ არა გარდაუვალი და არსებობდა თუ არა კრიტიკული რაოდენობა სხვადასხვა ფაქტორებისა, რამაც განაპირობა ასეთი გადაწყვეტილების მიღება.“ კახა გოგოლაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთთან დაკავშირებით ევროკავშირი მაინც მოერიდება ძალიან კრიტიკულ შეფასებებს.

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების სკანდალურ თემაზე დღეს გაზეთი „ვერსია“ საუბრობს. გაზეთი იუწყება, რომ თბილისში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტობის მოსურნე რუსეთის მოქალაქის, ალექსანდრე ებრალიძის, ადვოკატი, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირი, იური ნოვოლოდსკი, რომელიც საქართველოს პროკურატურისგან მუხროვანის ამბოხების საქმეში ალექსანდრე ებრალიძის ბრალეულობის გამოძიებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩივილს აპირებს. ადვოკატისვე განცხადებით, ალექსანდრე ებრალიძე მზადაა ჩვენებების მისაცემად თბილისში ჩამოვიდეს. სტატიაშივე წაიკითხავთ იმასაც, რომ, იური ნოვოლოდსკის აზრით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მესამე ნაწილით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი კი რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო დასჯას ითვალისწინებს. ნოვოლოდსკის აზრით, იუწყება გაზეთი „ვერსია“, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მოქალაქეთა მასობრივი ჟლეტის გამო უნდა აღიძრას, მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ კი ბრალდება გენოციდის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ ვის დაპატიმრებას მოასწრებსო, შენიშნავს გაზეთი.

საკონსტიტუციო კომისიის პოპულარობის ზრდის შესახებ კი გაზეთ ”24 საათში“ წაიკითხავთ. გაზეთის თანახმად, კომისიაში ჩართვისათვის მზად არიან ”მრეწველები”, მერაბ კოსტავას საზოგადოება და ზურაბ ნოღაიდელის პარტია. აქვე წაიკითხავთ კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ავთანდილ დემეტრაშვილის აზრს იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კომისიის პარტიული სუბიექტები - კერძოდ, ეს პარტიები უნდა იღებდნენ საბიუჯეტო დაფინანსებას და ჰქონდეთ გარკვეული რეიტინგი. ავთანდილ დემეტრაშვილის შეფასებით, ”მრეწველები” ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ხოლო ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენლის პეტრე მამრაძისა და მერაბ კოსტავას საზოგადოების კანდიდატურის შესახებ კომისია დამატებით იმსჯელებს.

ოპოზიციაში სიტუაცია აირია. კულუარული ინფორმაციით, ”ეროვნული ფორუმის” განაწყენების მიზეზი ძმები გაჩეჩილაძეების რეიტინგია. - საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებს გაზეთი „ახალი თაობა“ ამ პუბლიკაციითაც ეხმიანება. პუბლიკაციის განსჯის საგანი, ”ეროვნული ფორუმის” გარდა, ალიანსებში- „თავისუფლებისთვის“ და „საქართველოსთვის“ - მიმდინარე პროცესებია. ამ უკანასკნელის შესახებ ნათქვამია, რომ ირაკლი ალასანია საკუთარ პოლიტიკურ პარტიას ამ თვეში დააფუძნებს და მაშინ გაირკვევა, გუნდში შემავალი 9 კაცის გარდა, ვინ შევა პარტიაში. პარტიის დაფუძნების შემდეგ კი, ფიქრობს „ახალი თაობა“, ალასანიას სხვა საზრუნავი გაუჩნდება - მას პარტიული ორგანიზაციები ექნება დასაფუძნებელი და ალიანსის საერთო საქმისთვის აღარ ეცლება.
XS
SM
MD
LG