Accessibility links

logo-print

პოლიტიკოსთა დაპირებების შესრულების გარანტი - საზოგადოების აქტიურობა?


ბათუმი

ბათუმი

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა დიდი ნაწილის მიერ თბილისში ვალდებულებათა ქარტიის ხელმოწერის გამო, ბათუმში „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა დღეს გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინ ვალდებულებათა ქარტია მოსახლეობასთან ნაციონალურმა მოძრაობამაც გააფორმა. როგორც მირანდა ჩარკვიანმა მითხრა, ხელისუფლების მიერ ამ ვალდებულებათა შესრულების გაკონტროლების სურვილი საზოგადოებას არ გასჩენია. „მართალია, ყოველი შემდეგი არჩევნები ერთგვარი რევიზიაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში საზოგადოება მუდმივად ჩართული იყოს და აკონტროლებდეს, რა შესრულდა, რა არა და რა მიზეზით“, - ამბობს მირანდა ჩარკვიანი. მისივე აზრით, თუ საქართველოში „ლუარსაბ თათქარიძის სინდრომი“ არ დასრულდება და საზოგადოება საკუთარ ფუნქციას არ გაითავისებს, ქვეყანას არაფერი ეშველება, რადგან მხოლოდ რომელიმე ერთი მედიასაშუალება ან არასამთავრობო ორგანიზაცია რეალურად ვერაფერს შეცვლის.

„აჭარის რევოლუციამდე“ და მის შემდგომ პერიოდში ხელისუფლების არაერთი დანაპირები კარგად ახსოვს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს გენო გელაძეს - მათ შორის ისიც, თუ როგორ აპირებდა ხელისუფლება „ჰუმანიტარული მიზნით“ ასლან აბაშიძისა და მისი გარემოცვის კუთვნილი ძვირად ღირებული ავტომანქანების აუქციონზე გაყიდვას. „თუმცა აუქციონი არავის უნახავს, ამ ავტომანქანების ნაწილი კი ახალი ჩინოვნიკების მფლობელობაში აღმოჩნდა“, - მითხრა გენო გელაძემ. მას იმედი აქვს, რომ საქართველოში გარდამავალი დემოკრატიის პერიოდის დასრულების შემდეგ დადგება დრო, როდესაც ამომრჩეველი პოლიტიკური ძალებისგან დანაპირების შესრულების შესახებ დეტალურ განმარტებებს მოითხოვს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ოპოზიციის მიერ ვალდებულებათა ქარტიის ხელმოწერას საზოგადოების დაკვეთად აფასებს და მიიჩნევს, რომ ქვეყნის მოქალაქეები სამოქმედო გეგმას დღეს უკვე არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციისგანაც ითხოვენ.
XS
SM
MD
LG