Accessibility links

აგვისტოს ომით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ კომპენსაციას ითხოვს


ფრონეს ხეობის სოფელ დვანის მოსახლეობამ გორში, ადმინისტრაციულ შენობასთან, საპროტესტო აქცია გამართა. სამოცამდე ადამიანი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვდა. შარშან აგვისტოში რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული სოფელი დვანი გაიძარცვა, ბევრი სახლი კი ოსურმა დაჯგუფებებმა დაწვეს. დვანელებმა ვერც მოსავლის აღება შეძლეს. სოფელს ესაზღვრება ოსური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სოფელი მუგუთი, სადაც რუსული საგუშაგოებია განლაგებული. სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, ამიტომ უსაფრთხოების გარანტიათა არარსებობის გამო, დვანელებმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ვერც წელს ჩაატარეს. გარდა ამისა, კოკოითის ხელისუფლებამ დვანს სარწყავი არხიც გადაუკეტა. გორში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან დაკარგული მოსავლის გამო კომპენსაციას და ალტერნატიული სარწყავი სისტემის მოწყობას მოითხოვდნენ.

ადმინისტრაციის შენობასთან 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ აქციის მონაწილეებს შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი შეხვდა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება იქ, სადაც კონტროლს ვერ ახორციელებს, მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს. ამასთან, გუბერნატორი მიიჩნევს, რომ დვანელების მოთხოვნა სამართლიანია, რის გამოც ცენტრალურ ხელისუფლებას კომპენსაციების მოთხოვნით მიმართავს.
XS
SM
MD
LG