Accessibility links

logo-print
3 ივნისს 9 აპრილის ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ვალდებულებათა დეკლარაციას, რომელიც ცხრაგვერდიანია და იმ ძირითად პრინციპებს მოიცავს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც კისრად იღებენ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

პოლიტიკური ოპოზიციის ერთობლივ ვალდებულებათა დეკლარაცია - ქარტია - ქართველი ხალხის წინაშე - ასე წარადგინა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ, დოკუმენტი, რომელზეც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მოაწერა ხელი. ქარტიას არ შეერთებია პარტია ”თავისუფლება”. ხელმოწერის ცერემონიაზე არც ლეიბორისტები გამოჩენილან. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარ აიღეს ვალდებულება შეასრულონ მასში ჩაწერილი პუნქტები: ” ჩვენ ვთანხმდებით საქართველოს ახალი კონსტიტუციური მოწყობის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დაცვას, ეროვნულ ტრადიციასა და კულტურაზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის, დემოკრატიული, მდიდარი ქართული სახელმწიფოს აშენებას, რომლის საფუძველიც გახდება დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიციის სისტემაზე საზოგადოებრივი კონტროლი, დამოუკიდებელი მედია, გამჭვირვალე მთავრობა, პოლიტიკური დევნის დაუშვებლობა, საკუთრების ხელშეუხებლობა, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, თავისუფალი ეკონომიკა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.”

9-გვერდიან დოკუმენტს, სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე უფრო დაწვრილებით წერია, პოლიტიკურმა პარტიებმა - მათ შორის, ”რესპუბლიკელებმა”, ”ქალთა პარტიამ”, ”ხალხის პარტიამ”, ირაკლი ალასანიას გუნდმა, ”საქართველოს გზამ” და სხვებმა - უზენაესი სასამართლოს შენობის წინ 3 ივნისს მოაწერეს ხელი.

ვალდებულების ქარტიაში ჩაწერილი პრინციპები ”საქართველოს გზის” ლიდერის სალომე ზურაბიშვილისათვის იმდენად ბუნებრივად საჭირო რამაა, რომ მათ წყალსა და ჰაერს ადარებს:

”ეს დემოკრატიული პრონციპები ჩემთვის არის როგორც წყალი და ჰაერი. ჩვენ ამით ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ რაც უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი აზრები სხვადასხვა პოლიტიკურ პრობლემებზე, ამაში ვართ ერთნი. ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ მომავალში, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, შევძლებთ ერთად მუშაობას.”

ირაკლი ალასანის პოლიტიკური გუნდის წევრმა ზურაბ აბაშიძემ კი აღნიშნა, რომ ვალდებულებათა დეკლარაციაში ჩადებული პრინციპების შესრულება მხოლოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი:

”ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ იმ ძირითადი პრინციპების მიმართ, რომელიც აუცილებელია არსებობდეს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, საჭიროა ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი ვადამდელი არჩევნები.”

”კონსერვატორი” ზვიად ძიძიგური კი რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აცხადებს, რომ ამით პოლიტიკური ოპოზიცია აჩვენებს საზოგადოებას, რომ მათ აქვთ მოქმედების კონკრეტული გეგმა:

” გვინდა დავანახვოთ მთელ საერთაშორისო და ქართულ საზოგადოებას, რა მოხდება მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა და რა ნაბიჯებს გადადგამს ოპოზიცია. ეს არის ერთგვარი ჩარჩოხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ ვაფორმებთ ერთმანეთთანაც და ხალხთანაც და ეს იქნება ჩვენი მხრიდან დაცული.”

”მომავლის პარტიის” ლიდერი გია მაისაშვილი კი მედიას და საზოგადოებას შეხსენების ვალდებულებას აკისრებს იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსები ხელმოწერილ პრინციპებს გადაუხვევენ:

”უნდა გვითხრას საზოგადოებამ, მედიამ, თქვენ ხომ ამაზე გაქვთ ხელი მოწერილი.”

3 ივნისს უზენაეს სასამართლოსთან არ გამოჩენილა პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია. მის მაგივრად მედიასთან კომენტარს დღის მანძილზე მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, აკეთებდა:

”ჩვენ არაერთხელ გვაქვს დეკლარირებული ის პუნქტები, რომლებიც ამ დეკლარაციაშია ჩამოთვლილი, სხვადასხვა ფორმით, მედიასა თუ სხვა ქარტიებში. ამიტომ არ ვთვლით საჭიროდ, რომ ერთსა და იმავე ტიპის დოკუმენტს ათჯერ მოვაწეროთ ხელი. აჯობებს ოპოზიციამ განსაზღვროს თავისი ტაქტიკა, თუ როგორ უნდა იქნეს მიღწეული ის სტრატეგიული ამოცანა, რასაც ამ სისტემის დემონტაჟი ჰქვია.”

სანდრო ბრეგაძემ ასევე გაიხსენა 9 აპრილის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის დღეებში ხელმოწერილი სხვა ქარტიაც, რომლის თანახმად, ოპოზიციური პარტიები არსებულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებდნენ, რაც, მისი სიტყვებით, მალევე დაირღვა. ბრეგაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას თავად შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, თუ რეალურად ვინ გაემიჯნა ოპოზიციას და ხალხს, პარტია ”თავისუფლება” თუ ოპოზიციაში არსებული ცალკეული პარტიები, რომლებიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე საუბრობენ.
XS
SM
MD
LG