Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო - რუსეთის ნომერი პირველი მტერი


გამოკვლევა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა "ლევადამ"
გამოკვლევა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა "ლევადამ"
რუსეთის მოსახლეობა რუსეთის ნომერ პირველ მტერ სახელმწიფოდ საქართველოს ასახელებს - ამას რუსეთში მოქმედი სოციოლოგიური კვლევის სამსახურის, ”ლევადას” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ადასტურებს. რაზე მეტყველებს კვლევის ეს შედეგი და რამდენად არის საშიში რუსეთის მოსახლეობის მიერ საქართველოს ასეთი აღქმა?

რუსეთში გამოკითხულთა 62 პროცენტმა თქვა, რომ რუსეთის მთავარი მტერი საქართველოა, ხოლო რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს შორის მეორე ადგილზე, საქართველოს შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატებია... უფრო ქვემოთ აღმოჩდნენ უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი... ერთია, რომ იყო აგვისტოს ომი, რუსეთ-საქართველოს ომი, მაგრამ მაინც... რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ისეთი მასშტაბის ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, მის ნომერ პირველ მტრად საქართველოს ასახელებენ? ეს რუსეთში გამოვლენილი ახალი ტენდენცია არ არის: იმავე ”ლევადას” წინა წლების ანალოგიური ხასიათის გამოკითხვების დროს რუსეთის მიმართ მთავარ მტრულ სახელმწიფოდ ხან ესტონეთი სახელდებოდა და ხან ლატვია.

გამოკითხვის შედეგების თანახმად გამოკვეთილი ამგვარი აღქმა მტრისა, ცხადია, არაადეკვატურია და ქართველი ექსპერტი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ ეს არაადეკვატურობა რუსეთის სპეციფიკურობიდან გამომდინარეობს. რუსეთი უზარმაზარი, საკუთარი პრობლემებით დამძიმებული ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში წარმმართველ როლს ტელევიზია ასრულებს. სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი კი არის ის, რაც არის, თორემ, კვაშილავას სიტყვებით, ძალიან საეჭვოა რუსეთის ელიტა რეალურად რუსეთის ნომერ პირველ მტრად აღიქვამდეს პატარა საქართველოს, მაშინ როცა არსებობს ამერიკის შეერთებული შტატები, არსებობს აღმოსავლეთი ევროპა, აღმოსავლეთ ევროპაში - პოლონეთი და, ბოლოს და ბოლოს, არსებობს ჩინეთი.

თუ იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, რა გამოწვევებს შეიძლება ხედავდეს რუსეთის მოსახლეობა თავის მეზობელ და არამეზობელ სახელმწიფოებში, ცხადია, რუსეთის მოქალაქეებმა მთავარი გამოწვევები საქართველოში არ უნდა ეძებონ. მაგრამ, ჩვენ მიერ ნახსენები გამოკითხვის მიხედვით, პირიქით არის. ბაკურ კვაშილავამ გვითხრა, რომ ეს არის პროპაგანდის შედეგი, იმ მოწოდებების და განმარტებების შედეგი, რაც რუსეთის მოსახლეობას ესმის ტელევიზიიდან ან რაც ესმის ქუჩაში, ისე როგორც ესმოდა, მაგალითად, გასულ აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას:

”უნდა გავიგოთ, რომ ოსეთის განთავისუფლებით ომი არ დასრულდება. სანამ არსებობს სააკაშვილის საქართველო, სანამ არსებობს პროამერიკული საქართველო, რუსეთში მშვიდობა არ იქნება! კავკასიაში მშვიდობა არ იქნება! ეს ომი უნდა დასრულდეს საქართველოს დანგრევით, მისი სრული კაპიტულაციით. ამიტომ ტანკები თბილისისკენ! ”

”ტანკები თბილისისკენ!” - ეს მოწოდება შარშან აგვისტოში მოსკოვში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე, ისმოდა. ხოლო ეს მოწოდება უცებ, თავისთავად არ აღმოცენებულა. აი, რას ამბობდა სოციოლოგიური კვლევის ცენტრის, ”ლევადას”, 2006 წლის გამოკითხვის შედეგები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა მაშინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მკვეთრ გამწვავებაზე. ეს იყო ცნობილი ჯაშუშების სკანდალის პერიოდი. მაშინ გამოკითხულთა 51-მა პროცენტმა რუსეთში თქვა, რომ მთელ პასუხისმგებლობას ურთიერთობის გაფუჭებაზე საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს და მხოლოდ 5 პროცენტმა აღიარა რუსეთის ხელისუფლების ბრალი. საყურადღებო იყო ამავე გამოკითხვის სხვა შედეგი: შეკითხვას, საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა გააძლიერებს თუ შეასუსტებს რუსეთის პოზიციას კავკასიაში, გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ გააძლიერებს და, ამავდროულად, შეკითხვას, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ საქართველოს საბოლოოდ დააახლოებს თუ დააშორებს დასავლეთს, ამავე უმრავლესობამ უპასუხა, რომ დააახლოებს.

პასუხები ჩვენ მიერ მოყვანილ ბოლო შეკითხვებთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი იყო. გავიდა დრო და მოხდა აგვისტოს ომი და ამ ომის შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების - პრეზიდენტისა და პრემიერის - სარეიტინგო მაჩვენებელი ყველაზე მაღალი უშუალოდ ომის შემდეგ, სექტემბერში, იყო. მედვედევის პრეზიდენტობას გამოკითხულთა 83 პროცენტი იწონებდა, ხოლო პუტინის მმართველობას - 88 პროცენტი. მომდევნო თვეებში იყო ვარდნა. მაისის მონაცემებით კი, მედვედევის მხარდაჭერა რუსეთის მოსახლეობაში 70 პროცენტიანია, ხოლო პუტინის - 80 პროცენტიანი. პრემიერი პოპულარობით მთელი 10 პროცენტით სჯობნის პრეზიდენტს.

პუტინის მიმართ დამოკიდებულება სხვაა და, როგორც რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, ეკონომიკური კრიზისი და რუსეთში ეკონომიკის ვარდნა ვერ მიაყენებს სერიოზულ ზიანს მის პოზიციებს. რატომ? პასუხი მარტივია: რუსები პუტინს განიხილავენ არა მთავრობის მეთაურად, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა ეკონომიკურ პრობლემებზე, არამედ განიხილავენ სრულიად რუსეთის პოლიტიკურ ლიდერად. ”კრიზისის გამო მისგან განტევების ვაცი არ გამოვა”, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მაკარინი და იხსენებს, რომ როცა რუსეთის ყოფილი პრემიერი, ვიქტორ ზუბკოვი, პრეზიდენტობის კანდიდატად მიიჩნეოდა, მისი პოპულარობა იზრდებოდა მაშინც კი, როცა იზრდებოდა ინფლაციის მაჩვენებლი.

რამდენად უცნაურიც უნდა მოგვეჩვენოს, ასე იყო. დღევანდელი ფაქტი კიდევ ისაა, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის ნომერ პირველ მტრად საქართველოს განიხილავს და ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, პუტინის რუსეთი, საქართველოსთვის სერიოზულ საშიშროებად რჩება. საქართველოს რისკებზე საუბრისას ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ სერიოზული საბაბის გარეშე რუსეთის ხელისუფლებას გაუჭირდება მიიღოს გადაწყვეტილება ტანკების თბილისისკენ დაძვრის შესახებ. აქედან გამომდინარე, დაბალი ჩანს აგვისტოს ომის განმეორების ალბათობა, თუმცა რუსეთის ქმედებათა პროგნოზირება რთულია.

რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მრჩეველმა იგორ იურგენსმა ამ ცოტა ხნის წინ ”დეილი ტელეგრაფისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა , რომ რუსეთი დარჩება მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, თუკი იქ წერტილი არ დაესმება ხელისუფლების კონცენტრაციას კონსერვატიული ტიპის ელიტის ხელში. ეს იყო ღია გამოსვლა - და, თანაც, არაპირველი ღია გამოსვლა - მედვედევთან დაახლოებული პირისა პუტინის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. რუსეთში შესამჩნევია დაპირისპირება მედვედევის და პუტინის გარემოცვებს შორის, მაგრამ რამდენად მიდის ეს უშუალოდ მედვედევისა და პუტინის დაპირისპირებამდე, დრო გვიჩვენებს. არაერთი დასავლელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, იყოს თამაში დასავლეთის თვალის ასახვევად. და თუ ისევ საქართველოს წინაშე მდგარ რისკებს დავუბრუნდებით, უნდა აღვნიშნოთ მოსაზრება, რომლის თანახმადაც, რუსეთის მხრიდან ომის განახლების მაღალი რისკი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პუტინი იგრძნობს ძალაუფლების შესუსტების საშიშროებას. დღესდღეობით კი პუტინი ძლიერია.
XS
SM
MD
LG