Accessibility links

logo-print

საქართველოში ყველაზე ნაკლებად კვლავინდებურად სასამართლო სისტემას ენდობიან


ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” (Transparency International) თავს უწოდებს “გლობალურ კოალიციას კორუფციის წინააღმდეგ” და, 1993 წელს დაარსების შემდეგ, აქვეყნებს სხვადასხვა სახის ანგარიშებს კორუფციის მხრივ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, თუ კორუფციის პრობლემისადმი ადამიანების დამოკიდებულებაზე. ერთი ასეთი ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. საქმე ეხება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგს, “გლობალური კორუფციის ბარომეტრს”, რომელიც ეფუძნება 69 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს.

ბარომეტრი ასახავს, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას კორუფციისადმი, რა გამოცდილება აქვს - უწევთ თუ არა ადამიანებს ზემოხსენებულ 69 ქვეყანაში ქრთამის გადახდა, მიიჩნევენ თუ არა თავს კორუფციით დაზარალებულად, როგორ აფასებენ თავიანთი ქვეყნის ხელისუფლების ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი თამარ ქაროსანიძე
ბარომეტრის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს, თამარ ქაროსანიძეს და თავდაპირველად ვთხოვეთ განემარტა, რას ნიშნავს კორუფცია. პასუხად მივიღეთ, რომ კორუფციის განმარტებასთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულ ქსელში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მიღებული განმარტება არის “საჯარო თანამდებობის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება”. ოღონდ პირადი ინტერესებით არ იგულისხმება მხოლოდ ოჯახის, ან ერთი პირის ინტერესი - ეს შეიძლება იყოს პარტიის ინტერესი, ან ჯგუფის ინტერესი, რომელსაც ეს პირი წარმოადგენს.

ამასთან, კორუფცია უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მექრთამეობა, კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინება. კორუფციაში შედის ასევე ნეპოტიზმი, გავლენებით ვაჭრობა თანამდებობის პირებს შორის და კიდევ ის, რაზეც, ქაროსანიძის თქმით, ხშირად საუბრობენ საქართველოში “ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის მმართველი პარტიის მხრიდან, ან მმართველი პარტიის კანდიდატის მხრიდან”.

ზოგადად, საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშებიდან ყველაზე ცნობილია, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე “კორუფციის აღქმის ინდექსი”: ის რეიტინგს ადგენს და ქვეყნებს კონკრეტულ ადგილს მიუჩენს ხოლმე. შარშანდელ გამოკვლევაში 150-ადგილიან სიაში საქართველოს 67-ე ადგილი ერგო. ბარომეტრი კი (დღეს გამოქვეყნებული ანგარიში) რაიმე რეიტინგს არ შეიცავს - როგორც თამარ ქაროსანიძე აღნიშნავს, ქვეყნების რანგირება არ ხდება. ბარომეტრი იკვლევის როგორია კორუფციისადმი დამოკიდებულება ქვეყნის შიგნით - ის “ძირითადად იკვლევს მოქალაქეების აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გავრცელებული არის კორუფცია ქვეყნის სხვადასხვა სფეროებში, ასევე ის იკვლევს, რამდენად დადებითად აფასებს საზოგადოება ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე რამდენად ხშირად მოუწიათ მათ კვლევის პერიოდში ქრთამის მიცემა”.

თამარ ქაროსანიძის მიერ ჩამთოვლილი შეკითხვებიდან ამ ბოლოზე პასუხით (რამდენად ხშირად მოუწიათ გამოკითხულ პირებს გარკვეული პერიოდის მანძილზე ქრთამის მიცემა) საქართველო, შეიძლება ითქვას, შთამბეჭდავი შედეგით გამოირჩევა. ჯერ ზოგადი კონტექსტი: საერთაშორისო გამჭვირვალობის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის, მიკლოშ მარშალის განმარტებით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გამოკითხულები, ხშირად, განსაკუთრებით უჩივიან ხელისუფლების სტრუქტურებში ქვედა და საშუალო დონეებზე გავრცელებულ მექრთამეობას. მარშალის თქმით, “თუ პირდაპირ დავსვამ შეკითხვას - თქვენ, როგორც რიგით მოქალაქეს, ან თქვენს ნათესავებს - მოგიწიათ თუ არა ქრთამის გადახდა გასული წლის მანძილზე? ხო თუ არა? აზერბაიჯანში 46იპროცენტი იძლევა დადებით პასუხს, სომხეთში 43 პროცენტი. გლობალური საშუალო მაჩვენებელი კი 13 პროცენტია. ეს აჩვენებს, რომ კორუფცია ორივე ქვეყანაში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული”.
რაც შეეხება საქართველოს, იგივე მაჩვენებელი სულ 2 პროცენტს შეადგენს! შესაბამისად, საქართველოს - კორუფციის ამ კონკრეტული მაჩვენებლის მხრივ - ისეთი ქვეყნების გვერდით აქვს მიჩენილი ადგილი, როგორიც არის, მაგალითად, ფინეთი, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი...

მეორე მხრივ, გლობარლური კორუფციის ბარომეტრისთვის ჩატარებულმა გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა პრობლემური ვითარება საქართველოში სასამართლოს სისტემისადმი დამოკიდებულების მხრივ. თამარ ქაროსანიძის თქმით, “სამწუხაროდ, როგორც 2005 და 2007 წელს, 2009 წელსაც საქართველოში სასამართლო ყველაზე ნაკლები ნდობით სარგებლობს. ანუ, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება არის სასამართლოს სისტემის მიმართ და მას გამოკითხულთა მხოლოდ 14 პროცენტი ენდობა სრულად. მომდევნო ადგილზე გავიდა ამ მხრივ საჯარო სამსახური, შემდეგი არის პარლამენტი, შემდეგ მოდის პოლიტიკური პარტიები, კერძო სექტორი და ბოლოს მედია”.

სასამართლო სისტემისადმი უნდობლობის გარდა, საქართველოში, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, მძიმეა ვითარება ელიტარული კორუფციის მხრივ. თუმცა, საქმე ეხება კორუფციის ფორმას, რომლის დამტკიცებაც ძალიან რთული ამოცანაა. ეს ელიტარულ კორუფციას ჩვევია, მასში ადამიანების მცირე ჯგუფის ჩართულობის გამოო, განმარტავს თამარ ქაროსანიძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც დღეს დავურეკეთ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშის, “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

აქამდე საუბარი ძირითადად საქართველოს ეხებოდა. ბარომეტრით ასახულ ზოგად სურათს რაც შეეხება (ის, როგორც ვთქვით, 69 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს ასახავს), გლობალური მასშტაბით პოლიტიკური პარტიები არიან მიჩნეული ყველაზე უფრო კორუმპირებულ ორგანიზაციებად. ამას გარდა, გაცილებით გაზრდილია ადამიანების რიცხვი, ვისაც კერძო სექტორი მიაჩნია კორუმპირებულად. და, რაც ალბათ განსაკუთრებით საყურადღებოა, ხალხი უკმაყოფილოა კორუფციით. გამოკითხულების ნახევარმა გამოთქვა მზადყოფნა, თუნდაც მეტი ფული გადაიხადოს, ოღონდ იყიდოს კომპანიისაგან, რომელიც არ არის გახვეული კორუფციაში.
XS
SM
MD
LG