Accessibility links

logo-print
ალბათ შეამჩნევდით, ჩვენს ბლოგზე გაჩნდა კომენტატორი, რომელიც საკუთარ თავს „თქვენსგამომიშისტს“ უწოდებს. ეს ფენომენი – არა „მიშისტობა“, არამედ, ვიღაცის გამო „გამიშისტება“ – ნელ-ნელა იკიდებს ფეხს თბილისში და მოდაშიც შემოდის. პირადად მე „თქვენსგამომიშისტებზე“ ფიქრი ამეკვიატა და მინდა, ჩვენი ბლოგის მკითხველებს და კომენტატორებს ამჯერად სწორედ ამ უჩვეულო, განსაკუთრებულ მოვლენაზე საუბარი შემოგთავაზოთ.

ახლავე ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩემს პირად მოსაზრებებს გაგიზიარებთ, სუბიექტურად, მაგრამ – კეთილსინდისიერად.

კარგა ხანია, აღარ შემხვედრია ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევს. აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტის ღია მხარდამჭერები მხოლოდ ტელევიზიით მინახავს. ისეთი განცდა მაქვს, რომ დღეს სააკაშვილის მხარდაჭერა უხერხულია და ამ უხერხულობას მისი ფარული მომხრეებიც გრძნობენ და იზიარებენ. ამიტომაც არ ამჟღავნებენ საკუთარ დამოკიდებულებას ქვეყნის პირველი ლიდერის მიმართ.

თუმცა, ერთია გამჟღავნებული პოზიცია და მეორე – გულისთქმა. ის, ვინც შინაგანად ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილს, მაგრამ თავის გულისთქმას ვერ ამხელს, საკუთარ თავს „ოპოზიციის ოპოზიციას“ უწოდებს. ძალიან გასაგებია, რატომ შეიძლება, ადამიანს დღევანდელი ოპოზიცია არ მოსწონდეს – არც პარტიები და არც ლიდერები. მაგრამ საკითხავია, სად გადის წყალგამყოფი: ხვალინდელ დღეზე თუ დღევანდელზე? ოპოზიციის, როგორც პოტენციური ხელისუფლების, ავ-კარგზე თუ დღევანდელი ყოფის შინაარსზე – ვისთვის არის ის ასატანი და ვისთვის – აუტანელი? საზოგადოების პროტესტული ნაწილის მთავარი მოტივი დღევანდელი დღის მიუღებლობაა. ოპოზიციის ოპოზიციონერები კი ორიენტირებულნი არიან ხვალინდელ საფრთხეებზე, რომელთა თავიდან აცილების ყველაზე მარტივი რეცეპტი დღევანდელი ყოფის (ე.ი. ამჟამინდელი ხელისუფლების) შენარჩუნებაა.

ოპოზიციის ოპოზიციონერობის განსაკუთრებული ნაირსახეობაა „თქვენსგამომიშისტობა“. ზოგადად, „ისტობა“ რომ ცუდია, ამაზე განათლებული ადამიანები დიდი ხანია, აღარ დავობენ. შესაბამისად, „მიშისტობაც“ ცუდია. მაგრამ როცა აუცილებელი ხდება პრეზიდენტის შენარჩუნება, როგორ უნდა მოიქცნენ მისი გულითადი მომხრეები? ასპარეზზე უნდა გამოვიდნენ და ვიღაცას გადააბრალონ, რომ „მიშისტები“ გახდნენ. თავად კი არ უნდოდათ, სხვებმა აიძულეს. თანაც, ფორმა როგორი ენერგიულად შემტევია? – „თქვენსგამომიშისტი“. ვისაც უნდა, იმან აიღოს საკუთარ თავზე ეს ცოდვა – როგორ ძალისძალით „გაამიშისტა“ „ისტობის“ მოძულე ადამიანი.

მე არ მჯერა ვინმეს გამო გამიშისტების და შევეცდები, ავხსნა, რატომ. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას მოაკლდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, თავისუფლებაა. თავისუფლება აკლია პრეზიდენტის გარემოცვას, პარლამენტს, სასამართლოს, მედიას, ბიზნესს... იქ, სადაც არ არის თავისუფლება, არც შემოქმედებაა. ამიტომ იღებება ფასადები ისე, როგორც იღებება; იდგმება ისეთი სპექტაკლები, როგორიც იდგმება; შენდება ისეთი შენობები, როგორიც შენდება; სიმღერებიც და ლექსებიც დღევანდელობის შესაბამისი იწერება.

ადამიანები, რომლებსაც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თავისუფალი გარემო სჭრიდებათ, ვერ ეგუებიან დღევანდელ ყოფას, რომელიც დახუნძლულია სატელეფონო მოსმენების შიშით, სამსახურის დაკარგვის შიშით, ომის დაწყების შიშით, კრედიტის ვერგადახდის შიშით, მიტინგის დარბევის შიშით... თავისუფალ ადამიანებს არ ეშინიათ ოპოზიციის, რადგან მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დღევანდელი – თავისუფლებისგან და შემოქმედებისგან დაწრეტილი – გარემოს შეცვლა.

თავისუფლება გამჭოლი მოვლენაა. თავისუფლების მუხტის მატარებელი თითოეული პიროვნება თავისი არსებითი მოთხოვნილებიდან გამომდინარე ებრძვის არათავისუფალ გარემოს და მის გარდაქმნას ცდილობს. ოპოზიციის ოპოზიციონერები და „სხვისგამომიშისტები“ კი ის ადამიანები არიან, რომლებისთვისაც თავისუფლება შინაგანი მოთხოვნილება არ არის. მათში არსებობს მზაობა მართვის იმ სტილთან და მეთოდებთან შესაგუებლად, რაც გულისმობს ორი-სამი ადამიანის მიერ ქვეყნისთვის სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღებას და ათასობით ადამიანის აზრის სრულ უგულებელყოფას.

ცხადია, არ ვფიქრობ, რომ საპროტესტო მიტინგის ან აქციის ყველა მონაწილე მაინცდამაინც თავისუფლების წყურვილით არის ანთებული. ზოგისთვის თავისუფლებაა მთავარი, ზოგი უსამართლობას ებრძვის, ზოგი მომავალ სავარძელზე ფიქრობს და ზოგიც, უბრალოდ, ახირებულია. მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, რამდენადაც მრავალგვარი შეიძლება იყოს პროტესტის შინაარსი, იმდენად ერთგვაროვანია „თქვენსგამომიშისტობის“ ფენომენი: შეუძლებელია სხვის გამო „გამიშისტება“; ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნებით, საკუთარი შინაგანი სამყაროს მოწოდებითა და მოწადინებით.

კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემს სუბიექტურ აზრს: წყალგამყოფი თავისუფლების მიმართ დამოკიდებულებაა. ღია და ფარული „მიშისტები“, „ოპოზიციის ოპოზიციონერები“ და „სხვისგამომიშისტები“ იმ ნაპირის ხალხია, სადაც საკუთარი და სხვისი თავისუფლება დათმობადია.

ვისაც თავისუფლება არ ეთმობა, ის იბრძვის. ყველა თავისებურად. მეც – ჩემებურად, მათ შორის, ამ წუთებშიც, როდესაც ვცდილობ, ჩვენი ბლოგის თითოეული მკითხველი, მათ შორის, ოპოზიციის ოპოზიციონერი, „თქვენსგამომიშისტი“ ან, თუნდაც, თავად პრეზიდენტი – ფიქრისთვის და მსჯელობისთვის განვაწყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG