Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: ამერიკისა და ისლამის ურთიერთობა საერთო ინტერესებს უნდა ემყარებოდეს


ბარაკ ობამა ქაიროს უნივერსიტეტში გამოსვლისას
ბარაკ ობამა ქაიროს უნივერსიტეტში გამოსვლისას
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, ბოლო უნდა მოეღოს ამერიკელებსა და მუსულმანების შორის ურთიერთუნდობლობასა და უთანხმოებას. ეგვიპტის დედაქალაქის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ ქაიროში ჩავიდა, რათა დასაბამი დაუდოს ახალ ეპოქას შეერთებული შტატებისა და მაჰმადიანური სამყაროს ურთიერთობებში.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ისლამი ამერიკის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ობამას თქმით, ამერიკა და ისლამი ერთმანეთს არ უნდა ეპაექრებოდნენ და მათი ურთიერთობა საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დამყარებული.

ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგი მოძალადე ექსტრემისტი ცდილობს, ბოროტად გამოიყენოს დასავლეთსა და მუსულმანურ სამყაროს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა. ობამას განცხადებით, ისლამი ამ პრობლემის შემადგენელი ნაწილი კი არ არის, არამედ, პირიქით, მშვიდობის დამკვიდრების ერთ-ერთი საშუალებაა.

ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდნტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა ამ კონფლიქტის ისეთი მოგვარების მომხრეა, რომელიც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ებრაელებისა და პალესტინელების სახელმწიფოების, მშვიდობიან თანაარსებობას გულისხმობს. ობამამ პალესტინელებს მოუწოდა, უარი თქვან ყოველგვარ ძალადობაზე და იქვე დასძინა, რომ ისრაელმაც უნდა შეწყვიტოს ებრაელთა დასახლებების მშენებლობა და გაფართოება.

ქაიროს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლამდე ბარაკ ობამა ქაიროშივე შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს და მას უთხრა, რომ შეერთებული შტატები - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გზით - შეეცდება ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
XS
SM
MD
LG