Accessibility links

logo-print

კოკოითის პოლიტიკური ოპონენტები მის წინააღმდეგ გაერთიანებას აპირებენ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 31 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ედუარდ კოკოითისადმი ოპოზიციის უკმაყოფილება იზრდება. დე ფაქტო პრეზიდენტის ოპონენტები, რომლებიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად გაერთიანებას ცდილობენ. „ოსურმა ოპოზიციამ კოკოითის ომი გამოუცხადა“ - ამ სათაურით ინტერნეტგამოცემა „ირატტამ“ სტატია გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ რუსეთში მცხოვრებმა კომპანია „სტროიპროგრესის“ გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ჯუსოევმა ანტიკოკოითური კოალიციის შექმნა დაიწყო. კოალიციაში უკვე გაერთიანდა რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი, რომელსაც ცხინვალში „დიკის“ სახელით იცნობენ; ასევე - ცხინვალიდან კოკოითის მომხრე შეიარაღებული პირების მიერ განდევნილი, სახალხო პარტიის ლიდერი როლანდ ქელეხსაევი. ალბერტ ჯუსოევმა უკვე განაცხადა, რომ საკუთარ ბიზნესს ყიდის და მიღებულ ფინანსურ რესურსებს პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენებს. „ჩვენ შევქმნით საკოორდინაციო კომიტეტს, რომელიც ოპოზიციურ ძალებს გააერთიანებს. 31 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ჩვენ ვეღარ შევცვლით, მაგრამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მაინც მივაღწევთ. თუ კოკოითი მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, 2011 წლამდე დარჩა, საკუთარ გუნდთან ერთად, მთელ სამხრეთ ოსეთს გაძარცვავს“, – აცხადებს ჯუსოევი. მის კოალიციაში გაერთიანების სურვილი უკვე გამოთქვა დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ოლეგ თეზიევმა.

მოსკოვში, ანტიკოკოითური კოალიციის შექმნაზე საუბრისას, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა მითხრა, რომ მისი აზრით, ჯუსოევის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია პრორუსული ძალაა და კოკოითისთან პირადი კონფლიქტი აქვს. ამასთან, დიმიტრი სანაკოევმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის მიმართ უკმაყოფილება ცხინვალში, ოსურ საზოგადოებაშიც იზრდება, რადგან იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს.

თავის მხრივ, ინტერნეტგამოცემა „ირატტას“ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, ალბერტ ჯუსოევის ფინანსებით და ჯამბულატ თედეევის მოსკოვური კავშირების წყალობით, ახალი ოპოზიცია სერიოზული ძალა იქნება. გამოცემის ინფორმაციით, თედეევი არც მალავს, რომ თუ დღემდე მედვედევს და პუტინს სპორტულ თემებზე ესაუბრებოდა, ახლა ლაპარაკი პოლიტიკაზე მოუწევს.
XS
SM
MD
LG