Accessibility links

logo-print

სემნები იმედოვნებს, რომ სააკაშვილისა და ოპოზიციის შეხვედრა შედგება


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები თბილისში ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მთავარი თემა კვლავ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისია. ორი დღის განმავლობაში პიტერ სემნები და ქართული პოლიტიკური სპექტრის ლიდერები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შესაძლო დიალოგის შესახებ იმსჯელებენ.

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების 4 ივნისს ოპოზიციის ლიდერებმა ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ამცნეს და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე ესაუბრნენ. ”თბილისი მარიოტში” გამართული ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მედიას განუცხადა, რომ, მიუხედავად ოპოზიციის ბოლოდროინელი მკაფიო გზავნილებისა ხელისუფლების მისამართით, მმართველი ძალის მხრიდან კონკრეტული წინადადებები არ წამოსულა. ოპოზიციამ სემნების სწორედ ამ პროცესის დაჩქარება სთხოვა:

”სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი მინიშნებაც კი არ ყოფილა შესაძლო შეხვედრაზე; ჩვენ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ვართ მზად და ვთხოვე ევროკავშირის წარმომადგენელს ხელისუფლებასთნ შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დააყენოს ეს საკითხი. დრო აღარ ითმენს და ოპოზიციაში ყველა ამ აზრზეა, რომ დრო არ მუშაობს საქართველოზე და რაც მეტ დროს დავკარგავთ, კრიზისი უფრი გაღრმავდება. ასევე ვიაზრებთ იმასაც, რომ მხოლოდ ოპოზიციას არ შეუძლია ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა, ისევე როგორც ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მას არ შეუძლია ამ კრიზისს მიხედოს მხოლოდ იგნორირების პოლიტიკით. ასე რომ, ველოდებით მათი მხრიდან უფრო აქტიურ შემხვედრ ნაბიჯებს.”

ამავე შეხვედრას ესწრებოდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელმაც ევროკავშირის წარმომადგენელს უთხრა, ოპოზიცია წუხს იმის გამო, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარი ფუნქციების შესრულებაზეო. უსუფაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა გაეროში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ლომაიას მოღვაწეობის მისამართითაც:

”ჩვენ სემნების ვუთხარით, რომ უკიდურესად აღშფოთებულები ვართ გაეროში საქართველოს ელჩის მოქმედებებით. მან ქვეყანა თავისი განცხადებებით უარეს მდგომარეობაში ჩააყენა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება პატრონი და ვთხოვეთ ევროკავშირის წარმომადგენელს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ საქმეში, რომ კრიზისი სწრაფად მოგვარდეს.”

უსუფაშვილის თქმით, ოპოზიცია ძველებურად მზადაა შედეგიანი დიალოგისთვის, მაგრამ არა პიარ შეხვედრისათვის:
”ჩვენ არ ვართ მზად პიარ შეხვედრებისთვის. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ სააკაშვილს ნებისმიერ დროს, თუკი ის იტყვის, რომ ეს შეხვედრა ემსახურება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას. თუ ის იტყვის, რომ მოწყალება გაიღო და ოპოზიციას შეხვდება, რა თქმა უნდა, არანაირი მოლაპარაკება არ შედგება.”

”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი კი ფიქრობს, რომ ევროკავშირის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე დღეს ისეთი მძაფრი უნდა იყოს, როგორც არასდროს. ამის მიზეზი კი ის პოლიტიკური კრიზისია, რომელიც დღითი დღე უფრო მეტად შედის ჩიხში. ზურაბიშვილი, რომელმაც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, 11 მაისს, თქვა, რომ მან ხელისუფლებასთან დიალოგი დაასრულა, დღეს აცხადებს, რომ ის მოლაპარაკების ყველა პროცესში ჩაერთვება:

”ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ეს ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების, პასუხისმგებლობაა და მე ვიქნები ყველა მოლაპარაკების მონაწილე, რომელიც იქნება იმისკენ მიმართული, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ გამოიყვანოს კრიზისიდან.”
თავად ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრას აუცილებლად მოჰყვება გაგრძლება. მან თქვა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება, ბოლოს და ბოლოს, დიალოგით უნდა დასრულდეს:

”მთავარი საკითხები, რაზეც ოპოზიციასთან ვისაუბრე, საქართველოს პოლიტიკურ მომავალსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ეხებოდა. ჩვენ მეტად შეწუხებული ვართ საქართველოში არსებული სიტუაციის, არსებული პოლიტიკური კონფრონტაციის გამო. ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ორი კვირის წინ საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომლითაც დაჟინებით მოვუწოდეთ როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რომ გადადგან სერიოზული ნაბიჯები კრიზისის დასაძლევად და დიალოგის დასაწყებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რომ შევძლოთ დახმარება, ამისათვის გვჭირდება რაღაც წინაპირობა, გვჭირდება პოლიტიკური პროცესი ადგილიდან დაიძრას. ჩვენ შევეცდებით დახმარებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროცესი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა წარიმართოს და მათ თავად უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა, რადგან ეს ყველაფერი ამ ქვეყნის მომავალს უკავშირდება. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ პოლიტიკური კონფრონტაცია უარყოფით ეფექტს არ მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მის უსაფრთხოებაზე.”

4 ივნისს პიტერ სემნები ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერს ნინო ბურჯანაძესაც შეხვდა. მან თქვა, რომ ორთვიანმა ბრძოლამ მხოლოდ ის აჩვენა, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველა წინადადება დიალოგზე მხოლოდ თამაშის ნაწილია.

ხელისუფლებამ ოპოზიციას პასუხად კვლავ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების, ასევე ანტიკრიზისულ კომისიებში ჩართვა შესთავაზა. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ნაციონალური მოძრაობის ცნობილი ლოზუნგი ”საქმე ლაპარაკის ნაცვლად” კიდევ ერთხელ გაიხსენა და ოპოზიციას სწორედ საქმეზე გადასვლისკენ მოუწოდა:

” მოვუწოდებ მათ და ველით, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. თუ ოპოზიციას აინტერესებს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და უკეთესი საარჩევნო გარემო, მაშინ ველით მათ საარჩევნო რეფორმის ჯგუფში. მზად ვართ შევთავაზოთ ანტიკრიზისული საბჭო გადავახალისოთ და შევთავაზოთ მათ შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან. საქმე ლაპარაკის ნაცვლად - ჩვენ მზად ვართ დიალოგის დასაწყებად.”
XS
SM
MD
LG