Accessibility links

logo-print

არასაპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვას


ჯგუფებს შორის, რომელთა მუშაობაში ჩართვასაც არასაპარლამენტო ოპოზიციას დიალოგის გაგრძელების საშუალებად სთავაზობენ, დასახელდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ჯგუფი და აგრეთვე ანტიკრიზისული ფორმატით შეხვედრის შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრთან. თანამშრომლობის ამგვარი ფორმა, რომელიც მანამდეც არაერთხელ იყო შეთავაზებული, მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის. მაგალითად, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვას ისინი შესაძლებლად მხოლოდ ძირეული ცვლილებების ფონზე მიიჩნევენ. პროცესში ჩართვაზე უარს ამბობს საკონსტიტუციო საკითხების გამოცდილი ექსპერტი, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე.

უკვე ცნობილია, რომ, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რეგიონებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენელთა გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე დაახლოებით 60-კაციანი კომისიის შემადგენლობაში გამოცდილი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ამ კუთხით, სამუშაო ჯგუფმა აუცილებლად მიიჩნია, რომ პროცესში ჩართვა ისეთი გამოცდილი სპეციალისტისთვისაც შეეთავაზებინა, როგორიც ვახტანგ ხმალაძე გახლავთ. მაგრამ ხმალაძე უარზეა, რადგან ცვლილებებთან მიმართებით ამ ეტაპზე ფართო საზოგადოების მხარდაჭერას ვერ ხედავს:

”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არსებულ მდგომარეობაში არასაპარლამენტო ოპოზიცია უარს აცხადებს კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე და იმის გათვალისწინებით, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას ერთობლივად საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერს მხარს, მაშინ ფრიად საეჭვოა, რომ ამ კომისიის მუშაობამ მოგვცეს სასურველი შედეგი.”

რესპუბლიკელი - და, შესაბამისად, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი - ვახტანგ ხმალაძე იზიარებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ეს პროცესი ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოში არსებული კრიზისის დაძლევას.

”ალიანსის” წარმომადგენლების ჩართვას რეფორმებზე მომუშავე სხვადასხვა ჯგუფში შესაძლებლად მხოლოდ პრინციპული ცვლილებების ფონზე მიიჩნევს გაერთიანების ლიდერი ირაკლი ალასანია. მისი თქმით, პროცესს წინ უნდა უსწრებდეს ხელისუფლებასთან დიალოგი ოპოზიციის მიერ 6 პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნების გარშემო. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირაკლი ალასანია პოლიტიკურ ლოგიკას ახსენებს:

”... ჩაერთვებიან, თუ იგივე საკონსტიტუციო კომისია, საარჩევნო კომისია იქნება დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი ხელისუფლებასთან. პოლიტიკური ლოგიკა ითხოვს, თუკი შეთანხმებები შედგა, თუკი შეიცვალა საარჩევნო გარემო, საარჩევნო კოდექსი, კომისია, შედგა შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ამას უნდა მოჰყვეს არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისა ქვეყანაში.”

არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გამოხატულ მზადყოფნას, დაიწყოს მოლაპარაკებები ძირეული ცვლილელების გარშემო, ხელისუფლება ჯერჯერობით კვლავაც კომისიებში მიპატიჟებით უპასუხებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვისთვის დრო 20 ივნისამდე ეძლევა. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასაც, კომისიაში თითო-თითო წარმომადგენლის ჩართვის საშუალება მიეცემა. წინასწარი ინფორმაციით, კომისიაში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 20 რეიტინგული პოლიტიკური პარტია. პროცესში აქტიურად ჩართული ქრისტიან-დემოკრატები ასეთივე აქტიურობისკენ მოუწოდებენ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც. მათი თქმით, ახლა გვერდზე გადგომის დრო არ არის და ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად უნდა იმუშაოს ”დაბალანსებული სისტემის” შესაქმნელად.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის მზადყოფნა უკვე გამოხატა ზურაბ ნოღაიდელის ”მოძრაობამ სამართლიანი საქართველოსთვის”. ასეთივე პოზიცია აქვთ ”მრეწველებსაც”. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მათ სხვა პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდებიან.
XS
SM
MD
LG