Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ზაფხული საქართველოში: რუსეთი ისევ ზრდის სამხედროთა რიცხვს და აწყობს პროვოკაციებს


ერთი წლის წინ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს - მიმართ რუსეთის სამხედრო მანევრებმა და პროვოკაციებმა ორიოდე დაკვირვებულ ანალიტიკოსს გამოათქმევინა ვარაუდი, რომ მოსკოვი თავისი დემოკრატიული და პროდასავლური მეზობლის ტერიტორიაზე შეჭრისთვის ემზადებოდა. ამ გაფრთხილებას სერიოზულად არავინ მოეკიდა, სანამ რუსეთის ძალებმა 7 აგვისტოს ღამით საქართველოსთან საზღვარი არ გადაკვეთეს, ქართული არმია არ მოიგერიეს და ათასობით ეთნიკური ქართველი არ გამოდევნეს ორი სეპარატისტული რეგიონიდან. ათი თვის შემდეგ, კვლავ ზაფხულის დადგომისას, რუსეთი ადგილზე თუ დიპლომატიურ ფორუმებზე ისევ აწყობს პროვოკაციებს; ივლისში მან კიდევ ერთხელ დანიშნა მასშტაბური სამხედრო წვრთნა რეგიონში, რომელიც საქართველოს ესაზღვრება.

შეიძლება, რომ ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთ სამხედრო ოპერაციას გეგმავდეს, რათა დაამხოს მთავრობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს და რომლის მიმართაც პუტინმა უხამსი მუქარა ღიად გამოთქვა? ამ სცენარის უარყოფა ისევ ადვილია. სხვა თუ არაფერი, რუსეთის ხელმძღვანელობა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ”გადატვირთვის” მცდელობით არის დაკავებული, ევროპისგან კი მას მხარდაჭერის მოპოვება სურს ახალი ”უსაფრთხოების არქიტექტურის” შესახებ დისკუსიებში. საქართველოსთან კიდევ ერთ ომს ამ ორივე მცდელობის ჩაშლა შეუძლია.

და მაინც, ფაქტები ფაქტებად რჩება: რუსეთს თავისი სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციებზე არ დაუბრუნებია, რითაც აშკარად არღვევს იმ საზავო შეთანხმებას, რომელიც ბატონმა პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ნიკოლა სარკოზისთან, დადო. ამის ნაცვლად, მან გააძლიერა თავისი სამხედრო ძალა საქართველოში და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პროვინციებში, რომელთაც რუსეთი ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს - 5,000-დან 7,500 ჯარისკაცამდე ჰყავს განთავსებული. სასაზღვრო რეგიონებში ხშირია ინციდენტები; რუსეთმა ცოტა ხნის წინ აღარ გაუგრძელა მანდატი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და მის შემოგარენში იყო განთავსებული.

ომის განახლების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვისთვის ბევრი შესაძლებლობა არ ექნება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმ შეიარაღების ბოლომდე აღდგენისთვის, რომელიც ომის შედეგად დაიკარგა. ობამას ადმინისტრაციას, რომელიც იმედოვნებს, რომ ივლისის სამიტამდე რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების ახალი შეთანხმების კონტურებზე მოილაპარაკებს, საქართველოს მთავრობისთვის არ მიუწოდებია საჰაერო თავდაცვის ან ტანკების საწინააღმდეგო შეიარაღება, რომელსაც ქვეყანა რუსეთის კიდევ ერთი შეტევის მოგერიებისას გამოიყენებდა.

ცხადია, ბატონი სააკაშვილისთვის თავდაცვის საუკეთესო გზა შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოსგან პოლიტიკური მხარდაჭერის მიღებაა. თეთრი სახლი ჯერჯერობით მყარად ინარჩუნებს საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერ რიტორიკას. საქართველოს ზოგჯერ იმპულსურმა ლიდერმა საკუთარ თავს კეთილი სამსახური გაუწია, როდესაც ოპოზიციის დემონსტრაციებს, რომლებიც თბილისის ცხოვრებას თითქმის ორი თვეა აფერხებენ, მოთმინებით და სიმშვიდით მოეკიდა. ახლა მან უნდა ასევე მოხერხებულად აარიდოს თავი საზღვრის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციებზე პასუხს, რათა კრემლს ქვეყანაში შეჭრის საბაბი არ მიეცეს. მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოში ზაფხული მშვიდობიანი იყოს, ბატონ ობამას პრინციპულობაც აუცილებელია: მან ერთმნიშვნელოვნად უნდა განაცხადოს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოზე კიდევ ერთი შეტევა გამანადგურებელი იქნება შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობისთვის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG