Accessibility links

logo-print

ქსენოფობია სამეცნიერო ტერმინია და უცხოელთა მიმართ სიძულვილს ნიშნავს. მისი წარმოშობის მიზეზია ხოლმე ადამიანების ჯგუფის შიში, რომ მათ კულტურულ იდენტურობას უცხოელები საფრთხეს შეუქმნიან.

ქსენოფობია სამეცნიერო ტერმინია და უცხოელთა მიმართ სიძულვილს ნიშნავს. მისი წარმოშობის მიზეზია ხოლმე ადამიანების ჯგუფის შიში, რომ მათ კულტურულ იდენტურობას უცხოელები საფრთხეს შეუქმნიან. ქსენოფობია არაა ადამიანების მიერ გაცნობიერებული აქტი, ის გრძნობებზეა დამყარებული. სხვაა, როცა უცხოელების მიმართ სიძულვილი ორგანიზებულ ფორმას იძენს, ან კიდევ მთავრობის მიერ ხდება მისი წაქეზება, ან ხელშეწყობა, ან მასზე თვალის დახუჭვა. ქსენოფობია ყველგანაა გავრცელებული, იმავე ევროპის კავშირშიც ის უცხო ხილი არ არის.

ქსენოფობიის გავრცელებას ყოფილ სოციალისტურ სახელმწიფოებში შეიძლება სხვა მიზეზიც ჰქონდეს - მაგალითად ის, რომ ახლო წარსულში ამ საზოგადოებებს ზემოდან კომუნისტური ხელმძღვანელობა აძალებდა მოძმე ერებად წოდებული ხალხების მიმართ სიყვარულს. ახლა ეს ყოფილი მოძმე ერები, ადრე ძალით შეკავშირებულნი, ლამის ერთმანეთის მტრებად იქცნენ.

ასეა აღმოსავლეთ ევროპაში, ასეა სამხრეთში, ყოფილ იუგოსლავიაში, რომლის შემადგენლობაში მყოფმა თითქმის ყველა რესპუბლიკამ სასტიკი ომები გადაიტანა. სერბიაში, ქვეყანაში, რომელიც დომინირებდა იუგოსლავიის ფედერაციაში, დღეს ქსენოფობიური გამოხდომები ბოშების წინააღმდეგაა მიმართული. დუშან იოვანოვიჩის მკვლელობა სკინჰედებად წოდებული ჯგუფის მიერ 12 წლის წინ მოხდა ბელგრადში, მაგრამ მას შემდეგ ბოშებზე თავდასხმები არ შემცირებულა. ჩვენი რადიოს ბალკანური სამსახურის კორესპონდენტს ერთმა ბოშამ შარშან უთხრა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს უმიზეზოდ ისე, რომ შინ ძლივს მიაღწია.

სერბია, ამ მხრივ, მარტო არაა. ბოშებს, მათი გამორჩეულად ტრადიციული ცხოვრების წესის გამო, ვერ ეგუებიან სხვა არაერთ საზოგადოებაში. ასეა ჩეხეთშიც, სადაც მათი ინტეგრაცია ვერ ხერხდება და ისინი ბევრი ჩეხისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენენ. ბოშა მოსწავლეთა სკოლაში ინტეგრაციის პრობლემაც დიდია ჩეხეთში, თუმცა მათი მშობლიური ენა ჩეხურია.

ენა ვახსენეთ იმიტომ, რომ უცხოთა მიმართ სიძულვილს იწვევს ადგილობრივი ენის უცოდინრობა, რაც აღრმავებს ინტეგრაციის პრობლემას. მართალია, ამ ქვეყნის ენას ყველა ფლობს, მაგრამ ქსენოფობია და რასიზმი გავრცელებულია რუსეთში. წელს იქ უცხოელთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული 30 მკვლელობა მოხდა. რუსეთი დიდია, მაგრამ შარშანდელი რიცხვიც მაღალია ამ მხრივ: 2008 წელს, წლის პირველ ხუთ თვეში, 66 სასიკვდილო თავდასხმა მოხდა უცხოელებზე რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს გოლიათი მეზობლის 20 რეგიონშია აღნუსხული რასისტული და ნეონაცისტური თავდასხმები.

რუსეთში საზოგადოება სხვაგვარად ხედავს არასლავ ადამიანებს, რომლებიც 20 წლის წინ მოძმეებად მიიჩნეოდნენ. ამ ქვეყანაში სახელმწიფო ხშირად თვალს ხუჭავს რასისტულ და ქსენოფობიურ გამოვლენებზე. ვითარებას ძაბავს, მაგალითად, საქართველოსთან, როგორც სახელმწიფოსთან, კრემლის ურთიერთობა. ამ ქვეყანაში ქართველთა - ასევე სხვა კავკასიელთა - მიმართ აგრესია იშვიათობას არ წარმოადგენს. საერთოდ, სხვადასხვა საზოგადოებაში რასიზმი და ქსენოფობია სხვადასხვა ხასიათის შეიძლება იყოს. თუმცა ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პოსტკომუნისტურ ქვეყნებს აერთიანებს ის, რომ იდენტიფიკაციის კრიზისი აქვთ. მოისმინეთ ეთნოლოგიური და ანტროპოლოგიური კვლევის მოსკოვის ცენტრის დირექტორის, ემილ პაინის, აზრი ქსენოფობიური გრძნობების წარმოშობის შესახებ:

“პირველ რიგში, ისინი წარმოიქმნება იდენტურობის კრიზისში, როცა ძველი სისტემა დაიმსხვრა, ახალი კი არაა შექმნილი. ყველა ამ ქვეყანაში ნაციონალიზმის აღზევების პროცესი მიდის. შეიძლება ეს შეფასდეს როგორც უარყოფითი მოვლენა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი მოვლენები გარდაუვალია სწორედ პოსტიმპერიულ, პოსტტოტალიტარულ საზოგადოებებში.”

საბჭოთა კავშირის პოლიტიკა ერების მიმართ მახინჯი იყო თავისი არსით. ერთი მხრივ, იყო გამოცხადებული ხელშეწყობა მცირე ერების განვითარებისთვის, მეორე მხრივ კი, იყო მათი კლასიფიკაცია, დომინირებდა ერთი. მცირე ერების კულტურას ხელი ეწყობოდა მხოლოდ უცხოეთის საჩვენებლად, შიგნით კი ანტისემიტიზმი ნორმა იყო. ემილ პაინი ფიქრობს, რომ კომუნისტურ ქვეყნებში შეუწყნარებლობის კულტურა ახლა ამ ფორმით ვლინდება:

“არც ერთ ამ ქვეყანას არ ჰქონდა დემოკრატიის და, შედეგად, შემწყნარებლობის გამოცდილება. შემწყნარებლობა არ წარმოიშობა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების მიმართ. შემწყნარებლობა წარმოიშობა მაშინ, როცა სხვას - პოლიტიკურად, იდეოლოგიურად, სოციალურად სხვასაც - აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი.”

რუსეთი კვლავ ავტორიტარულად იმართება და ეს ქვეყანა შორსაა დემოკრატიისგან. სახელმწიფო შემწყნარებლურია უცხოელთა დევნის მიმართ. ქსენოფობიურად აქტიურ ჯგუფებს სამართალდამცავები არ ებრძვიან. ასევეა სერბიაში, სადაც ულტრანაციონალისტურმა გაერთიანებამ, “ნაციონალნი სტროიმ”, თავიდან მცირე ჯგუფმა, განვითარება მოახერხა სახელმწიფოს ხელშეწყობით და იმით, რომ მთავრობას ის თავისი მიზნების მისაღწევად სჭირდებოდა. მილოშ ტეოდოროვიჩი თანაავტორია ფილმისა, რომელიც ამ გაერთიანებას შეეხება:

“იმ წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სხვა არაერთი ამბავიც მოხდა, როგორიცაა, მაგალითად, რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრება. იმ ხანებში ეს პატარა ორგანიზაცია ძალიან გაძლიერდა და ხმაც საგრძნობლად მოემატა. ჩემი აზრით, ეს არ იყო შემთხვევითი. მას მხარს უჭერდა რამდენიმე ძლიერი პარტია, მათ შორის, ვოისლავ კოშტუნიცას “სერბიის დემოკრატული პარტია”. კოშტუნიცა პრემიერ-მინისტრი იყო და სურდა ევროპის კავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაეგზავნა მესიჯი, რომ სერბია არ შეეგუება კოსოვოს დამოუკიდებლობას. მან ეს ორგანიზაცია ამ მესიჯის გასაგზავნად გამოიყენა.”

სერბიაში რასისტულ ნიადაგზე ადამიანების დახოცვა იშვიათია, მაგრამ ამ რეგიონში ულტრანაციონალიზმს ფეთქებადი პოტენციალი აქვს. 2008 წელს, როცა სერბებმა რეფორმისტი პოლიტიკოსი ბორის ტადიჩი აირჩიეს პრეზიდენტად, იქ ვითარება შეიცვალა. ტადიჩი თავიდანვე ულტრანაციონალიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა და სახელისუფლო სტრუქტურებსა და ქსენოფობიას შორის არსებული კავშირები გამოავლინა. უცხოელთათვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებში, პირველ რიგში, რუსეთში და ასევე უკრაინაში, ეს კავშირები აშკარაა. იქ, როგორც უფლებადამცავი საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშნელი” იუწყება თავის ანგარიშში, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სუსტი პოლიტიკური ნება არსებობს.

ევროპასა და აზიაში დისკრიმინაციის საკითხებში ”ამნესტის” მკვლევარი ჯონ დალჰუიზენი ამბობს, რომ გლობალური ეკონომიკის კრიზისის პერიოდში ეს ტენდენცია კიდევ უფრო მწვავდება. რუსეთში თავდასხმის ობიექტი არამხოლოდ უცხოელები არიან. იქ საფრთხე ემუქრებათ იმათაც, იმ უმცირესობასაც, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი ჰქვია და მათაც, ასევე მცირე ჯგუფებს, რომლებიც უფლებადამცავებად იწოდებიან. ასე რომ, ქსენოფობია ყოველდღიურობას წარმოადგენს. ”ამნესტის” თანამშრომელი დალჰუიზენი ამბობს, რომ სწორედ ამის გამოა ის რასიზმის სოციალურად მიღებული ფორმა და ამის გამოვეა ძნელად ამოსაძირკვი:

“ამ ქვეყნებში ნეონაცისტური სცენა მართლაც უმცირესობას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ქსენოფობიური გრძნობების უკიდურესი ფორმები ღრმად არის ფესვგადგმული საზოგადოებებში, რომლებშიც სტერეოტიპები და უცხოელთა მიმართ სიძულვილი ფართოდაა გავრცელებული. და სწორედ ესაა პრობლემა: ამ საზოგადოებების უუნარობა, კრიტიკულნი იყვნენ მათშივე ჩაბუდებული ქსენოფობიის მიმართ.”
XS
SM
MD
LG