Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე რუსეთის წინადადება არ მიიღეს


ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, რუსეთის წინადადებები არ იქნა მიღებული. ეუთოს წევრ სახელმწიფოებს რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოში მისიის მანდატის გასაგრძელებლად საკუთარი ვარიანტი – ორი დამოუკიდებელი მისიის შექმნა – შესთავაზა: ერთისა სამხრეთ ოსეთში, ხოლო მეორისა – საქართველოში. მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ სხვა ვარიანტში ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ”პოლიტიზებული და ჩიხური სიტუაციის მძევლები” გახდებიან. ამ წინადადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ეუთოში არა მარტო საქართველოს, არამედ ჩეხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების მხრიდანაც. ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე საპასუხო განცხადებით გამოსვლისას აშშ-ის წარმომადგენელმა კაილ სკოტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის შეხედულებები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე "მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან". მან კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის წინადადების მიმართ, რომელიც ეუთოს მისიის ნეიტრალურ სტატუსს ითვალისწინებს და რომელიც მოსკოვმა უარყო. სკოტის თქმით, პროგრესი ამ საკითხში რეგიონში ნდობის აღდგენას დაეხმარებოდა.
XS
SM
MD
LG