Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიანანმენის ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა


ტიანანმენის მოედანი 1989 წლის 2 ივნისს
ტიანანმენის მოედანი 1989 წლის 2 ივნისს
ზუსტად ოცი წლის წინ, 4 ივნისს, სამხედროებმა და ტანკებმა იერიში მიიტანეს დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტებზე, რომლებიც პეკინის ცენტრში, ტიანანმენის მოედანზე, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ აქციას. ეს დღე ბოლო აქტი იყო იმ შემზარავი დრამისა, რომელშიც სამხედროებმა და ტანკებმა დახოცეს პოლიტიკური რეფორმების გატარებისა და კორუფციის დასრულების მოსურნე ასობით შეუიარაღებელი მოქალაქე. დღეს ჩინეთში ტიანანმენის ტრაგედიის გახსენება ოფიციალურად აკრძალულია - განსაკუთრებული სტატუსის მქონე ჰონგ-კონგის გარდა, ტრაგედიის მეოცე წლისთავს ღიად არსად აღნიშნავენ. მაგრამ ღამე, როდესაც პეკინში დემოკრატია ჩაახშეს, კარგად ახსოვთ როგორც ჩინეთში, ისე მის გარეთ.

ორი ათწლეული საკმარისი დროა იმისათვის, რომ პოლიტიკური მოვლენების მოგონებამ სიმძაფრე დაკარგოს. მაგრამ ჩინეთში დემოკრატიული მოძრაობის ჩახშობა ისეთი სისასტიკით მოხდა და ამას ისე გაფაციცებით ადევნებდა თვალს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოში, რომ ეს მოვლენა უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მოგონებად რჩება.

პირველი ასპექტი, რამაც ბევრი გააკვირვა, პროდემოკრატიული მოძრაობის სპონტანურობა და მასშტაბი იყო.

გამოსვლები აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო - ისინი კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერის, ჰუ იაობანის, სიკვდილს მოჰყვა. იაობანი რეფორმატორი იყო, რომელიც კონსერვატორებმა თავის დროზე ხელისუფლებიდან ჩამოაგდეს და საჯაროდ დაამცირეს. მისი მომხრეები პატივისცემის გამოსახატად ტიანანმენის მოედანზე შეიკრიბნენ და მალევე დაიშალნენ.

მაგრამ ერთი კვირის თავზე შეკრება განახლდა - რეფორმების გატარების და კორუფციის დასრულების მოთხოვნით, მოედანზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გავიდა. საპროტესტო ტალღა სხვა ქალაქებსაც მოედო, რამაც ძალიან შეაშფოთა კომუნისტური პარტიის მესვეურები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოძრაობას მალე მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა - სტუდენტები, მუშები. საპროტესტო მოძრაობის ფრონტის ხაზად ტიანანმენის მოედანი იქცა. აქციის მონაწილეებმა კარვების ქალაქი გაშალეს და განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებოდნენ. ცხადი გახდა, რომ ჩინეთში გადამწყვეტი მომენტი დგებოდა და, ამდენად, ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე პროცესები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

იყო თუ არა მზად კომუნისტური პარტია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხალხს კერძო ბიზნესის ქონის ნება დართო, პოლიტიკური ძალაუფლების ნაწილიც დაეთმო? - ეს გახლდათ მთავარი შეკითხვა, რომელიც ყველას აინტერესებდა. ეს ძალაუფლება, ისევე როგორც ქვეყნის დიდი, სახელმწიფო კომპანიები, პარტიის ლიდერების და მათი ნათესავების ხელში იყო კონცენტრირებული, რაც კიდევ უფრო ამწვავებდა ქვეყანაში გაბატონებული კორუფციის გამო დემონსტრანტების უკმაყოფილებას.

თავდაპირველად, პარტიის ლიდერთა რიგებში აზრთა სხვადახვაობა იყო იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ პროტესტს. პარტიის ხელმძღვანელი, რეფორმატორი ჟაო ზიანი, თავშეკავებისკენ მოწოდებით გამოდიოდა - მან სტუდენტებს პირადად მიმართა და მოედნის დატოვება სთხოვა. მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ლი პენმა დემონსტრანტებს მთავრობის ჩამოგდების მცდელობაში დასდო ბრალი და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

რეჟიმის რიგებში არსებული უთანხოება ჟაო ზიანის და სხვა რეფორმატორების პარტიიდან გაგდებით დასრულდა. ახალი ლიდერი დენ სიაოპინი გახდა, რომელმაც ქვეყნის სხვა რეგიონებში დისლოცირებული სამხედროები პეკინში გამოიხმო, რათა მათ ჩაეხშოთ ის, რასაც ოფიციალურად ”კონტრ-რევოლუციური არეულობა” ეწოდა.

ამის შემდეგ ყველაფერი მალე დამთავრდა. 3 ივნისს, როდესაც სამხედროებმა შეკრება დაიწყეს, მათი შეჩერების იმედით, ტიანანმენის მოედნიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დემონსტრანტებს ბევრი ადამიანი შეუერთდა:

სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და ასობით ადამიანი დახოცეს. ზოგიერთმა დემონსტრანტმა საპასუხოდ თვითნაკეთი ბომბების ტანკებში სროლა დაიწყო, შიგნით მსხდომთა გაგუდვის მიზნით. ყველაზე მეტი ხალხი სწორედ ამ დროს დაიხოცა.

მეორე ღამით - 4 ივნისს - სამხედროებმა უკვე თავად ტიანანმენის მოედანზე მიიტანეს იერიში. მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ჯარმა სინათლე გამორთო და უკუნეთმა სიბნელემ დაისადგურა. ტანკები სწორედ ამ დროს დაიძრა მოედნისკენ. დემონსტრანტებმა გაქცევა დაიწყეს. ჯერაც უცნობია ზუსტი რიცხვი, რამდენი დახოცეს მოედნის მიმდებარე ქუჩებში.

დღეს უკვე მინავლებულია პროტესტის და კრიტიკის ის ტალღა, რომელიც ტიანანმენის ტრაგედიას მსოფლიოში მოჰყვა. გასულ წელს პეკინმა საზაფხულო ოლიმპიადას უმასპინძლა. თამაშების მსვლელობისას თითქმის არ ყოფილა დასავლეთის მხრიდან ჩინეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების კრიტიკა.
ტრაგედიის მეოცე წლისთავის მოახლოებასთან ერთად, ოფიციალურმა პეკინმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩინეთის მოსახლეობას არ ენახა როგორ გაშუქდა ეს თარიღი უცხოეთის მედიაში. სამთავრობო სააგენტოები კრძალავენ უცხოეთის გაზეთების გავრცელებას, აფერხებენ სატელიტით გადაცემულ ახალ ამბებს და აკონტროლებენ ინტერნეტს.

მაგრამ, ამ მცდელობის მიუხედავად, აშკარაა, რომ ჩინეთში ტიანანმენის ტრაგედია კარგად ახსოვთ.

დისიდენტები და ადამიანის უფლებების დამცველები ტრაგედიის მეოცე წლისთავს ჩუმად მაინც აღნიშნავენ.

”ბოლო 20 წლის განმავლობაში მთავრობა სულ უფრო და უფრო გაძლიერდა, მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ძალა საერთოდ არ შემატებიათ. ეს მოწმობს, რაოდენ გულუბრყვილოები იყვნენ ისინი მაშინ. ახლა, როდესაც მთავრობა ასეთი ძლიერია, როგორ შევძლებთ დემოკრატიის დამყარებას? როგორ და შიგნიდან - კანონის უზენაესობის განმტკიცებით, ადამიანის უფლებების დაცვით და კანონის გამოყენებით მთავრობის მოქმედებების შესაზღუდავად.”

უთხრა სააგენტო ”როიტერსს” აქტივისტმა და ადამიანის უფლებების დამცველმა ლი ბაიგუანმა.

ტიანანმენის მოგონება ცოცხალია, თუმცა არ არის ცნობილი, რა როლს ითამაშებს ის ახალი თაობის პოლიტიკური ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ამის შესახებ ჩინეთში ღიად არავინ საუბრობს.


  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG