Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის მოსახლეობა საზღვარს ჯერჯერობით უპრობლემოდ გადაკვეთს


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა რუსეთის მესაზღვრეებმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დაცვა, ადგილობრივ ძალებთან ერთად დაიწყეს.

ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობა ენგურის ხიდთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას ჯერჯერობით, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ახერხებს. გალისკენ მიმავალ ადამიანებს საბუთებს ჯერ ქართული პოლიციის საგუშაგოზე უმოწმებენ, შემდეგ კი - აფხაზი მესაზღვრეები. სამეგრელოს მხრიდან, ენგურს გაღმა აშკარად ჩანს, რომ რუსი სამხედროები სამშენებლო სამუშაოებს განაგრძობენ. ჩანს მათი კარვებიც და აღმართული რუსეთის დროშაც.

ზუგდიდში გალიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა ქალმა მითხრა, რომ ე.წ. საზღვარზე დღეს მხოლოდ აფხაზები ნახა, რუსი სამხედროები კი - რამდენიმე მეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით მხოლოდ აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან ოკუპირებული გალის რაიონის იმ ნაწილში, რომელიც წალენჯიხის რაიონს ესაზღვრება. აქაურ სოფელ წყოუშში, საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი ოკუპირებული სოფლიდან, საბერიოდან დადის. როგორც მეცხრე კლასელმა გოგონამ მითხრა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას აფხაზებისგან რაიმე პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნია.

გალელი ქალის თქმით, საზღვარზე გადმოსვლისას ისინი ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანებს აჩერებენ, თუმცა, ყველას არა. მან ისიც მიამბო, რომ ოკუპირებულ საბერიოში რუსეთის სამხედროები სოფლის ცენტრში იმყოფებიან, ადგილობრივი მაღაზიით სარგებლობენ და მოსახლეობასთან კონტაქტს თავს არიდებენ.

ოკუპირებული საბერიოს ნაწილს წალენჯიხის მხრიდან სოფელი ფახულანიც ესაზღვრება. შუახნის ქალმა, რომელიც ამ მონაკვეთზე შემხვდა, მითხრა, რომ გზად დღეს არც აფხაზი და არც რუსი მესაზღვრეები არ უნახავს. თავად ფახულანში კი - სიახლე აღმოვაჩინე. ადმინისტარციულ საზღვართან მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოსთან შლაგბაუმი დაუდგამთ. საგუშაგოზე მყოფმა პოლიციელებმა მხოლოდ ის მითხრეს, რომ შლაგმაუბი 3 დღის წინ დაიდგა, თუმცა, რა მიზეზით, ამის შესახებ არაფერი უთქვამთ.
XS
SM
MD
LG