Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომზე გამარჯვებული მწერლის "სათვალიანი ბომბი"


ამ კვირაში თბილისში, „კავკასიურ სახლში“, მწერალ გურამ ოდიშარიას ახალი რომანის პრეზენტაცია გაიმართა. „სათვალიანი ბომბი“ პირველი ნაწარმოებია, რომელიც სოხუმელ მწერალს მხოლოდ აფხაზეთის ომისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის არ მიუძღვნია. თუმცა ზოგადად ომის თემა ახალ რომანშიც ერთ-ერთი მთავარია. თავად მწერალი, რომელიც ახლახან აფხაზეთში იმყოფებოდა, იქაურ მეგობრებთან ერთად თავს ომზე გამარჯვებულად მიიჩნევს. „მე ამით ბედნიერი ვარ“, - მითხრა გურამ ოდიშარიამ, რომელსაც ახალ წიგნზე სასაუბროდ შინ ვესტუმრე.

წარმოიდგინეთ, თითქოს ტელეოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებს უყურებთ, თუმცა, სინამდვილეში, წიგნს კითხულობთ. გურამ ოდიშარიამ ახალი რომანი „სათვალიანი ბომბი,“ როგორც თავად ამბობს, „ტელეოპერატორის კადრების ენით“ დაწერა. მწერლის მთავარი გმირიც ტელეოპერატორია, ცოტა არ იყოს, ნერვიული კაცი, რომელმაც კავკასიაში არაერთი ომი ნახა და ადამიანების სათვალიანი ბომბით დასჯის სურვილი გაუჩნდა.

გუშამ ოდიაშიას ახალი რომანი
ახალი რომანი გურამ ოდიშარიამ ტელეოპერატორებს მიუძღვნა, რადგან მიაჩნია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს ნებისმიერი მოვლენის უსიტყვოდ აღწერა საოცარი სიზუსტით და ემოციით შეუძლიათ. მწერალმა გაიხსენა თავისი მეგობრის, ტელეოპერატორ შუქრი დგებუაძის მიერ სოხუმში გადაღებული საკმაოდ ცნობილი კადრები: ადამიანები ქალაქიდან ზღვით გარბიან, კატარღაში მყოფ პატრონს კი წყალში ძაღლი მისდევს. „არ არის საჭირო გადაიღო ტანკი ან აფეთქება, იღებ ამ საშინელ სიტუაციას და ომი უკვე ჩანს“, - მითხრა გურამ ოდიშარიამ.

რომანზე მუშაობისას მწერალი თავს ტელეოპერატორად გრძნობდა, რადგან, თითქოს, თავის მიერვე გადაღებულ კადრებს აღწერდა. აფხაზეთის ომი გურამ ოდიშარიამ საკუთარი თვალით ნახა. შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიასა და ყარაბახშიც იმოგზაურა და ომის უამრავი იქაური ისტორიაც იცის. ახალ რომანში ეს ისტორიები მისი მთავარი გმირის მიერაა გადაღებული. თითქმის ყველა მათგანი სინამდვილიდანაა. მაგალითად ის, რომელსაც, ტელევიზიის თხოვნით კადრების შერჩევისას, ნაწარმოების მთავარი გმირი სახლში პოულობს. ამბავი კი ამგვარია: აფხაზეთში ომის დროს სოხუმიდან ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები გახიზნეს. მცირე ხანში კლინიკაში დაბრუნდა ქალი, რომელმაც დანგრეულ შენობაში საკუთარი დაზიანებული საწოლი მოძებნა და იქ დარჩა. „ის თავის სახლში მოვიდა. მისი სახლი ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო, რადგან იქ 30 წელი ცხოვრობდა. მკითხველი, ალბათ, წარმოიდგენს იმ ქალის ტრაგედიას და, საერთოდ, ომის ტრაგედიასაც“, - ამბობს გურამ ოდიშარია. მწერლის თქმით, ადამიანებს, რომლებმაც ომი გადაიტანეს, უამრავი რამ აქვთ საერთო. მან გაიხსენა კიდევ ერთი ამბავი, რომელიც ყარაბახში მოხდა. რეგიონის ორი მოსაზღვრე სოფლიდან ერთში აზერბაიჯანელები ჭარბობდნენ, მეორეში კი - სომხები. საომარი მოქმედებების დროს, უსაფრთხოების მიზნით, ეთნიკურად უმცირესობათა წარმომადგენლები ერთმანეთის სახლების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მათი ძაღლები დღისით პატრონებს უცხო სოფელში დაკავებულ სახლებში აკითხავდნენ, ღამით კი - საკუთარი სახლების დასაცავად კვლავ მეორე სოფელში ბრუნდებოდნენ. „ისინი ერთმანეთს არც კი უყეფდნენ, მაშინ როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავდნენ“, - მითხრა გურამ ოდიშარიამ. ეს ამბავი თვითმხილველებმა თავად უამბეს მწერალს და მის აფხაზ მეგობარს, პუბლიცისტ ბათალ კობახიას, რომლებიც ყარაბახში ერთობლივ წიგნზე მუშაობისას იმყოფებოდნენ. აფხაზ მეგობრებს გურამ ოდიშარია სულ ახლახანაც შეხვდა, ოღონდ არა სადმე სხვაგან, არამედ სოხუმში. მწერალი აფხაზეთში მისმა უახლოესმა მეგობრებმა რამდენიმე დღით მიიწვიეს და, როგორც თავად ამბობს, სოხუმიდან თბილისში მძიმე განცდით, თუმცა მაინც ბედნიერი დაბრუნდა. „ომმა არ უნდა დაგვამარცხოს ისე, რომ ერთმანეთის თავი წაგვართვას. ომი მეგობრობასა და ძმობაზე მაღლა არ უნდა დადგეს. თუ დადგა, ეს იმას ნიშნავს, რომ ომმა გაიმარჯვა. თუ ვერ დადგა, ესე იგი, შენ გაიმარჯვე და ომი შენზე უძლურია. ამიტომაც ვარ ბედნიერი, რომ ჩემმა მეგობრებმა და მე ომზე გავიმარჯვეთ“, - მითხრა მწერალმა გურამ ოდიშარიამ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG