Accessibility links

logo-print

გადაწყდა თუ არა ეროვნული ბანკისა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გაერთიანება?


საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს მთავრობაში მზადდება პროექტი ეროვნულ ბანკთან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შეერთების შესახებ. აღნიშნული სტრუქტურა ეროვნულ ბანკს დაახლოებით ერთი წლის წინ გამოეყო და, მაშინდელი მთავრობის განცხადებით, ეს საფინანსო სექტორის ლიბერალიზაციის მიზნით გაკეთდა. საფინანსო რეგულირების სისტემის ძველ ჭერქვეშ დაბრუნების ინიციატივა ეკონომისტების ნაწილმა მთავრობის ლიბერალური კურსიდან გადახვევად აღიქვა.

თითქოსდა ერთი უმნიშვნელო სტრუქტურული ცვლილება თავის დროზე სერიოზული განხილვისა და კამათის საფუძველი იყო. ერთი წლის წინ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სტრუქტურის გამოყოფას და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას ძლიერი წინააღმდეგობა თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკონომისტებმაც გაუწიეს. მოწინააღმდეგეთა შორის იყო იმდროინდელი პარლამენტის წევრი, ცნობილი ეკონომისტი ლადო პაპავა:

„მცირე ზომის ქვეყანაში არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, რომ ცალკე ინსტიტუტი ახორციელებდეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და ცალკე ინსტიტუტი ახორციელებდეს საბანკო ზედამხედველობას. ეს იყო შეცდომა, თუ არა დანაშაული.“

ლადო პაპავას მიერ ამგვარად შეფასებული ცვლილების შედეგად, საქართველოს საფინანსო სექტორში, რომელშიც ბანკებთან ერთად გაერთიანებულია სადაზღვევო კომპანიებიც, სტაბილურობა არ დარღვეულა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისა და შემდეგ პერიოდშიც კი. საბანკო-საფინანსო სექტორში ერთი წლის წინ განხორციელებული ცვლილებით რომ არაფერი გაფუჭებულა, მას ამ ცვლილების ოპონენტი,პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძეც აღიარებს:

„ფუნქცია იქნა შენარჩუნებული. ზედამხედველობას ახდენდა ზედამხედველობის სააგენტო და ცუდად ისიც არ მუშაობდა. მე ვფიქრობ, რომ მოდელი, რომელიც ადრე არსებობდა და დღეს არ გამოვრიცხავ, რომ ამ მოდელის აღდგენა მოხდეს, იმუშავებს და შეიძლება უკეთესიც კი იყოს.“

ასეთ ვითარებაში საინტერესოა რამ უბიძგა ხელისუფლებას, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კვლავ ეროვნულ ბანკში გაერთიანებაზე ეფიქრა? ამ შეკითხვაზე მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები პირდაპირ პასუხს ერიდებიან. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი საერთაშორისო პრაქტიკას იმიზეზებს:

„დღეს ეროვნული ბანკის იმ მოდელზე საუბარი, რომელზეც არის, წამოსულია იმ მდგომარეობიდან, რაც მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, ევროპულმა ქვეყნებმა გადახედეს ეროვნული ბანკის სტრუქტურებს. ერთ-ერთი მათ შორის არის საქართველოც.“

ზურაბ მელიქიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებას საპარლამენტო ოპოზიციაც მიესალმება. მის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, ამ რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ჰქონდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან. შეხვედრაზე ქრისტიან-დემოკრატებმა ეროვნული ბანკის გაძლიერებისა და ფინანსური ზედამხედველობის სტრუქტურის გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული დიალოგით ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კმაყოფილი დარჩა:

„განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური მომავალი და ის ცვლილებები, რომლებიც, იმედი გვაქვს, ძალიან მალე განხორციელდება.“

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობადე ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ეროვნულ ბანკში მოსალოდნელ ცვლილებებს სწორედ მის პიროვნულ ინტერესებს უკავშირებს ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ლადო პაპავა:

„დაინიშნა პრეზიდენტად ახალგაზრდა, ენერგიული და საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე პიროვნება, გიორგი ქადაგიძე. და რადგანაც ძლიერი პიროვნებაა, მას უნდა იყოს ძლიერი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ეტყობა, მან შეათანხმა პოლიტიკურ ელიტასთან ეს გადაწყვეტილება, რომ ეროვნული ბანკი აღდგეს.“

ეროვნული ბანკის ფუნქციების გაძლიერების საკითხზე მსჯელობამდე მთავრობამ გამოაცხადა, რომ კაბინეტში არასდროს მომზადებულა საქართველოში მულტისავალუტო სისტემის დანერგვის საკითხი. არადა, ამ თემაზე მთავრობაში კონსულტაციები ორ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა და ის, ეროვნული ბანკის რეფორმირებასთან ერთად, საფინანსო სფეროს და, ზოგადად, ეკონომიკის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი საფუძველი უნდა გამხდარიყო. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი ეჭვს გამოთქვამს, რომ საქართველო ლიბერალური მიმართულებიდან გადაუხვევს:

„სამწუხაროდ, ასეთი ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ ბევრჯერ გაიჟღერა უარმა ცენტრალური ბანკის ფუნქციების შეზღუდვაზე და მთავრობამ მკაფიოდ მკაცრი განცხადება გააკეთა, რომ არანაირი პროექტი არ მზადდება მონეტარულ რეფორმასთან დაკავშირებით.“

გია ჯანდიერი გასულ წლებში საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას ლიბერალურ რეფორმებს უკავშირებს. იგი, ისევე როგორც ბევრი ეკონომისტი, სწორედ რეფორმების გაგრძელებაში, ანუ შემდგომ ლიბერალიზაციაში, ხედავს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებს.
XS
SM
MD
LG