Accessibility links

logo-print

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გაეროში საქართველოს ელჩს აკრიტიკებს


ალექსანდრე ლომაია (მარცხნივ) და ბან კი მუნი

ალექსანდრე ლომაია (მარცხნივ) და ბან კი მუნი

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი - კერძოდ, ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები - მკვეთრად აკრიტიკებს გაეროში საქართველოს ელჩს ალექსანდრე ლომაიას იმისთვის, რომ მან რუსეთის მხრიდან შანტაჟის შედეგად მიიჩნია გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენება საქართველოს შესახებ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის, დეპუტატ ნიკა ლალიაშვილის აზრით, ლომაიას განცხადებამ საქართველო დიპლომატიური სკანდალის ზღვარზე გაატარა, რაც, შესაძლოა, თბილისისთვის საზიანოდ აისახოს გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალ რეზოლუციაში. ლომაია გააკრიტიკეს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში ელჩის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არ იღებენ და ლომაიას წარმატებულ ელჩად მიიჩნევენ.

ალექსანდრე ლომაიამ ბან კი მუნი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუშიც გააკრიტიკა მისი მოხსენების გამო. ამ ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან გაეროს გენერალური მდივნის დაშანტაჟების შესახებ ინფორმაციას პირველწყაროდან ფლობდა. საუბარი ეხებოდა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებას საქართველოს შესახებ, რომლის სათაურშიც აღარაა ნახსენები საქართველო და რომელიც არამარტო სათაურის გამოა მიუღებელი საქართველოსათვის. გაეროში საქართველოს ელჩმა თქვა, რომ ასეთი მოხსენება იყო შანტაჟის შედეგი:

”ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ რუსებმა დააშანტაჟეს სამდივნო, მათ შორის იმით, რომ ვეტოს დაადებდნენ მომავალ რეზოლუციას; დააშანტაჟეს იმითაც, რომ ჩაშლიდნენ ჟენევის მოლაპარაკებებს. ყველამ ვნახეთ, რა მოხდა და როგორ მოიქცნენ ჟენევაში.”

ლომაია არ იყო პირველი, ვინც გაეროს გენერალური მდივნის მიმართ რუსეთის შანტაჟი ახსენა. ბან კი მუნის მოხსენების გამოქვეყნებისთანავე სიტყვა ”შანტაჟმა” გაიჟღერა სხვა ოფიციალური პირების შეფასებებშიც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველმა პირებმა გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაიწყო ჟენევის მოლაპარაკებების გამოყენება საერთაშორისო თანამეგობრობაზე - კრძოდ კი, გაეროზე - ზეწოლისთვის. მოგვიანებით გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გაეროში საქართველოს ელჩის შეფასებას გამოეხმაურა - თქვა, რომ მას თავისი მოხსენების ტექსტი რუსეთის შანტაჟის გამო არ შეუცვლია, რომ მოხსენებისთვის ნეიტრალური სათაური უსარგებლო პოლიტიზირების თავიდან აცილების მიზნით შეარჩია. მაგრამ საქართველოს მხარის - მათ შორის, საქართველოს ელჩის - პრეტენზიები არ უკავშირდებოდა მხოლოდ მოხსენების სათაურს.საქართველოს მოთხოვნაა უშიშროების საბჭომ მომავალ რეზოლუციაში არ გამოკვეთოს ტენდენციად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ნეიტრალური ფორმულირებით, ძველი რეზოლუციების ნომრების მითითებით, ისე როგორც ეს გენერალური მდივნის მოხსენების სათაურშია და, ასევე, უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციაში. იყო სხვა პრინციპული პრეტენზიებიც, გამომდინარე იქიდან, რომ გენერალურმა მდივანმა თავის მოხსენებაში არც რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ყოფნა აღნიშნა საქართველოში და არც ქართველების ეთნიკური დევნის ფაქტი იმავე კოდორის ხეობიდან. ამასთან, საქართველოს მხარისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში, აფხაზეთში, გაეროს მისიის შენარჩუნება, ოღონდ ის მომხრეა გაცილებით ძლიერი მისიის ყოფნისა, გენერალური მდივნის მოხსენება კი რეკომენდაციების ნაწილში არ მიანიშნებს მისიის ფორმატის შეცვლის საჭიროებაზე. ამ ყველაფერმა განაპირობა საქართველოს ხელისუფლების - მათ შორის, ელჩის - შეშფოთება.

საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი კი - ხოლო, მასთან ერთად, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები - შეაშფოთა საქართველოს ელჩის ნათქვამმა, რუსეთის მხარემ გენერალური მდივანი დააშანტაჟაო.
ქრისტიან-დემოკრატებმა გაეროში საქართველოს ელჩის განცხადებაზე რეაგირება მოითხოვეს. როგორი შეიძლება იყოს რეაგირების ფორმები? - დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა განმარტა:

”ეს შესაძლებელია მოხდეს ამ განცხადების დაზუსტებით და იქ მოყვანილი გაუმართლებელი შეფასების შეცვლით, ანდა, სულაც, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ელჩის გამოწვევის საკითხი.”

საქართველოს ელჩი გააკრიტიკეს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. კერძოდ, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა თქვა:

”შეშფოთებულები ვართ საქართველოს ელჩის უპასუხისმგებლო მოქმედებით გაეროს სტრუქტურებში, მან ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააყენა იმ ტიპის განცხადებით, როგორითაც ის მიჩვეული იყო საუბარს აქ თავის პოლიტიკურ ოპონენტებთან.”

მართლაც შეუქმნა თუ არა საქართველოს დამატებითი პრობლემა ალექსანდრე ლომაიამ თავისი შეფასებით, სადავო საკითხია. ოპოზიციის ერთი ნაწილისგან განსხვავებული აზრი აქვს დეპუტატ გია თორთლაძეს, რომელიც ” საქართველოს დემოკრატიულ პარტიას” წარმოადგენს საპარლამენტო ოპოზიციაში:

”ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწის - მათ შორის, გენერალური მდივნის - კრიტიკა დასაშვებია, როცა ის არ სცდება ეთიკის ფარგლებს და არის მიზანმიმართული, იმიტომ რომ გენერალური მდივნის ის მოხსენება აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოსთვის. და მუდმივად იმ პოზიციაში ყოფნა, რომ არ გამოვხატავთ პოზიციას სხვადასხვა მიზეზების გამო, არ გამოვა. ეს მოხსენება შეიძლება ჩავთვალოთ პირველ ნაბიჯად იქითკენ, რომ დაიწყოს აღიარებები თვითგამოცხადებული რესპუბლიკების.”

საქართველოს ასეთი პრეტენზია უმალვე სრულად გაიზიარა უშიშროების საბჭოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ალექსანდრე ლომაიამ თავის დროზე ესეც აღნიშნა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. ჩვენ მას შეერთებულ შტატებში 5 ივნისსაც დავუკავშირდით. ელჩმა არ ისურვა მის მიმართ საქართველოში გამოთქმულ პრეტენზიებზე კომენტარის გაკეთება, თუმცა გვითხრა, როგორ მიმდინარეობს მუშაობა სამომავლო რეზოლუციის ტექსტზე გაეროში საქართველოს მოკავშირეებსა და რუსებს შორის:

”ის პოზიციები, რითიც დაიწყო მოლაპარაკებები, პრინციპულად ეთანხმება საქართველოს მიდგომებს. არსებობს რეზოლუციის პროექტი, მომზადებული ჩვენი მეგობრების მიერ. მას პრინციპულად ვიზიარებთ, თუმცა გვაქვს გარკვეული შენიშვნები. და ამ პროექტის ბაზაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ”

ქართული დიპლომატიის ამოცანაა გაეროს უშიშროების საბჭომ აღარ გააგრძელოს რეზოლუციებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, ირიბი, რუსეთისთვის ნაკლებად გამაღიზიანებელი, ფორმულირებით. შეგახსენებთ, ეს არის ძველი რეზოლუციების მითითების ფორმა ნომრების მიხედვით. მუშაობა მიმდინარეობს გაეროს შტაბბინაში, ასევე თბილისში უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების ელჩებთან და წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებშიც. შედეგს გვიჩვენებს მორიგი რეზოლუცია.საქართველოს განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოზიციის იმედი აქვს. დასასრულ, ვიტყვით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის წერილი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიათა შემდგომი ყოფნის საკითხებს ეხება. წერილში ბერნარ კუშნერი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საფრანგეთისთვის ხელშეუხებელი პრინციპია და საფრანგეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტიორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG