Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსულმანური სამყაროს მედია აქტიურად ეხმაურება ქაიროში ბარაკ ობამას გამოსვლას


ბარაკ ობამა ქაიროში საეტაპო სიტყვით გამოდის
ბარაკ ობამა ქაიროში საეტაპო სიტყვით გამოდის
ქაიროში აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას, რომლითაც მან მუსულმანებს მიმართა, ფართო გამოხმაურება ახლავს მუსულმანურ სამყაროში.

ბარაკ ობამას გამოსვლაში მაროკოს ხსენებამ - ობამამ გაიხსენა, რომ თავის დროზე პირველმა სწორედ მაროკომ სცნო აშშ-ის დამოუკიდებლობა - ამ არაბულ ქვეყანაში, ბუნებრივია, განსაკუთრებული რეაქცია გამოიწვია. ზოგადად კი, არაბული მასმედიის ინტერესი, უწინაერს ყოვლისა, მიმართულია ობამას განცხადებებისადმი ისრაელ-პალესტინელების კონფლიქტზე, ერაყზე, ირანზე, აგრეთვე - ზოგადად - მუსულმანურ სამყაროსთან ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყების სურვილზე.

საუდის არაბეთში გამომავალ ინგლისურენოვან გამოცემა “საუდი გეზეტის” კომენტატორი საბრია ჯავარი წერს: “თუ ოდესმე ყოფილა ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლა, რომელშიც მარტივად იყო აღწერილი ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება - ეს იყო პრეზიდენტ ობამას ისტორიული მოხსენება საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, რომლითაც მან ხუთშაბათს ქაიროში მიმართა მუსულმანურ სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ არ დასახელებულა ფაქტები, რომელთა დასახელების იმედიც მქონდა, ობამას სიტყვაში იყო რაღაც, რისი მოწმეც 10 წელიწადზე მეტია, აღარ ვყოფილვართ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში - ბალანსი”.

ლონდონში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი “ალყუდს ალარაბი” კი მკითხველს სთავაზობს ობამას გამოსვლის ასეთ შეჯამებას: “თავის სიტყვაში აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე მესიჯით მიმართა რამდენიმე ქვეყანას. და მან გააკრიტიკა ერაყის ომი”.

ამასობაში, არაბულ ტელევიზიას, კატარში დაფუძნებული “ალ-ჯაზირას” ჩათვლით, არ დაუყოვნებია ობამას მიმართვაზე რეაქციების მიმოხილვა: “აშშ-ის პრეზიდენტმა განმეორებით გააკეთა განცხადება პალესტინური სახელმწიფოს შექმნისა და ირანთან მოლაპარაკებების საჭიროებაზე. მის მოხსენებაზე პირველ რეაქციებს შორის, პალესტინელთა ხელმძღვანელობამ გამოსვლას “კარგი დასაწყისი” უწოდა. მაგრამ მეორე მხრივ, ჰამასმა განაცხადა, რომ საჭიროა რეალური ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში”.

ქაიროში შეერთებული შტატების ლიდერის გამოსვლას ფართო გამოხმაურება ახლავს თურქეთის საინფორმაციო საშუალებებშიც. ინგლისურენოვანი გაზეთი “თუდეის ზამანი” ამ გამოსვლას “ისტორიულს” უწოდებს და იუწყება, რომ, თურქეთში ბარაკ ობამას აპრილში ვიზიტის შემდეგ, მისდამი დადებითი დამოკიდებულება გაორმაგებულია და 49 პროცენტს შეადგენს.

თურქეთში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო ტელეარხის, CNN Turk-ის მთავარ გამოშვებაში მთავარ თემად ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის საკითხი შეარჩიეს: ”ობამამ განაცხადა, “უყურადღებოდ არ დავტოვებთ პალესტინური სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნასო”. გარდა ამისა, მან მნიშვნელოვანი შეტყობინებით მიმართა ისრაელის ხელისუფლებას, როცა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია ახალი დასახლებების აგება. დიდი ხნის შემდეგ, ასე გამოხატა თეთრმა სახლმა თავისი შეხედულებები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე”.

ისლამური სამყაროსადმი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვას გამოეხმაურა ირანის სახელმწიფო ტელევიზიაც: “თავის სიტყვაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღიარა ისლამის როლი გლობალური ცივილიზაციის განვითარებასა და ამერიკის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. ბარაკ ობამამ მიუთითა შეერთებულ შტატებსა და ისლამურ სამყაროს შორის უნდობლობის კედლის დანგრევისაკენ მიმართული ძალსიხმევის დასაწყისზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს იოლი ამოცანა არ არის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღიარა ირანის უფლება, ისარგებლოს ბირთვული ენერგიით და დასძინა, რომ მზად არის ირანთან ურთიერთობისთვის პირობების გარეშე”.

ცენტრალურ აზიაში არაერთგვაროვანი რეაქცია ახლავს ობამას გამოსვლას. მაგალითად, ყაზახეთსა და ყირგიზეთში მედია ხოტბას ასხამს ობამას “ისლამური სამყაროსადი ღია მიმართვის” გამო, მაგრამ ბევრ გაზეთში გამოთქმული შეფასებით, ყაზახეთშიც და ყირგიზეთშიც ანტიამერიკული განწყობა იმდენად ძლიერია, რომ ობამას მიმართვას ხალხი ვერ აღიქვამს მისდამი მიმართვად.

სამხრეთ აზიაში განსაკუთრებული ინტერესის საგანია პრეზიდენტ ობამას გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც ავღანეთსა და პაკისტანს ეხება. პაკისტანის ერთ-ერთი წამყვანი კერძო ტელესადგური “ARY ნიუსი” როგორც იუწყება: “მან განაცხადა, რომ შეუძლებელია პაკისტანსა და ავღანეთში პრობლემის მოგვარება მხოლოდ სამხედრო ძალით. ქაიროს უნივერსიტეტი თავისი ისტორიული სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისლამი არ უქმნის დაბრკოლებას მსოფლიოში ძალადობისთვის ბოლოს მოღებას. მან განაცხადა, რომ ვითარება მსოფლიოში მარტო მოლაპარაკებებით შეიძლება გაუმჯობესდეს და არა კონფრონტაციით. მისი განცხადებით, გამალებული ბირთვული შეიარაღება ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს”.

დაბოლოს, ინდონეზიაზე: იქ აშშ-ის პრეზიდენტს ბავშვობის წლები აქვს გატარებული, რაც ახსენა კიდეც ქაიროში გამოსვლისას. ინდონეზიის უდიდესი ინგლისურენოვანი გაზეთი “ჯაკარტა პოსტი” ობამას გამოსვლის სრულ ტექსტს ბეჭდავს და აღნიშნავს: “აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინდონეზია შეაქო, განაცხადა რა, რომ ქვეყანამ მსოფლიოში მუსულმანთა უდიდესი რაოდენობით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რელიგიური შემწყნარებლობისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით”.
XS
SM
MD
LG