Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ხანმოკლე ვიზიტით ეწვია გერმანიას


ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი

ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბერლინში ბოლოს მაშინ იყო, როცა წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. მაშინ მან ბერლინელებისა და ქალაქის სტუმრების მრავალათასიან ბრბოს საგანგებო სიტყვით მიმართა და შეკრებილთა დიდი სიმპათიაც დაიმსახურა. ახლა ობამა უკვე პრეზიდენტის როლში ჩავიდა გერმანიაში და ესტუმრა ქვეყნის აღმოსავლეთ, ყოფილ კომუნისტურ ნაწილს. ამ ფაქტორმა და იმანაც, რომ გერმანიაში ვიზიტი ხანმოკლე იყო, მედია იმაზე აალაპარაკა, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის ყველაფერი წესრიგში ვერ არისო.

ამ ორ მომენტს და, სხვათა შორის, იმასაც, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამჯერად დედაქალაქს არ სწვევია, ემატება ისიც, რომ ობამა გერმანიაში ჩავიდა ეგვიპტიდან, სადაც მნიშვნელოვანი პოტენციის სიტყვა წარმოთქვა, მთელი მუსლიმანური სამყარო გასაგონად. გერმანიის შემდეგ კი ის ასევე მნიშვნელოვანი ვიზიტით მიეშურება საფრანგეთში. რა მითქმა-მოთქმაც არ უნდა იყოს გერმანიისა და აშშ-ის ურთიერთობის პრობლემებზე, მოცემულ ეტაპზე თვით ამ ურთიერთობათა შემოქმედებმა, ბარაკ ობამამ და ანგელა მერკელმა, დრეზდენში, პრესკონფრენეციაზე, ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობას და უარყვეს გავრცელებული ხმები. ობამამ ასეთი განმარტება მისცა ჟურნალისტებს:

“ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებულია - ურთიერთობა არა მხოლოდ ორ ქვეყანას, არამედ ორ მთავრობას შორის. სპეკულაციები გერმანიაში ჩემი ყოფნის დღის წესრიგის გარშემო არ ითვალიწინებს ერთ მარტივ საკითხს: ერთი ადგილიდან მეორეში გადავდივარ - ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოვედი, ხვალ ნორმანდიაში მივდივარ, დღე-ღამეში კი მხოლოდ 24 საათია.”

გერმანიაში არაერთი მოსაზრება გამოითქვა ამ თემაზე. ვინც ფიქრობს, რომ გერმანიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გაუარესებულია, საამისო მიზეზებსაც ასახელებს - კერძოდ, რომ აშშ-ს იმედი გაუცრუა გერმანიამ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ვაშინგტონის მიერ გატარებული ზომების კრიტიკით, ასევე ავღანეთში ნაკისრი ვალდებულებების მასშტაბით და იმით, რომ თავს იკავებს მიიღოს გუანტანამოს პატიმრები. ჟურნალი “შპიგელი” წერდა: ის, რომ გერმანიის მთავრობამ აშშ-ის ადმინისტრაცია ვერ დაიყოლია ობამას ვიზიტს ჰქონოდა მაღალი ფორმატის დღის წესრიგი, რომელიც მას წინასაარჩევნო კამპანიაში გამოადგებოდა, იმის ნიშანია, რომ ის “ბაგირის გადაქაჩვაში” დამარცხდა. სხვების აზრით, დრეზდენში ჩასვლას, პირიქით, ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ქალაქში მოკავშირეთა მიერ დაბომბვის შედეგად მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვა შესაძლებლობას იძლევა ახლებურად იქნეს ისტორიული კატასტროფები განხილული. ასე ფიქრობს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანულ-ამერიკულ ურთიერთობათა კოორდინატორი
ბარაკ ობამა ბუხენვალდში
კარსტენ ფოიგტი, რომელიც ამბობს, რომ ბუხენვალდი, სადაც ადრე საკონცენტრაციო ბანაკი იყო და რომელიც ასევე მოინახულა ობამამ, სიმბოლოა ორივე ქვეყნისთვის: ამერიკელებისთვის, რამდენადაც მათ გაათავისუფლეს ის, და გერმანელებისთვის, რამდენადაც იქ ნაციზმის მსხვერპლი ანტიჰიტლერული მოძრაობის წარმომადგენლებიც ისხდნენ. ამას ემატება ისიც, რომ ბუხენვალდში საბჭოთა კავშირმა შექმნა საკონცენტრაციო ბანაკი.

დავუბრუნდეთ ბარაკ ობამასა და ანგელა მერკელის შეხვედრას, რომლის თემაც იყო ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი. ობამამ თავისი მიდგომა ამ პრობლემისადმი ქაიროში მაჰმადიანებისადმი მიმართვაში გამოხატა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან გადადგა აქტიური ნაბიჯი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის საჭირო სივრცისა და გარემოს შესაქმნელად. ობამასვე განმარტებით, ის იმედოვნებს, რომ ისრაელი და პალესტინელები მალევე დაიწყებენ მოლაპარაკებას - იქამდე,სანამ თავიანთ ახლანდელ პოზიციებს ზედმეტად განიმტკიცებდნენ. ობამამ ისიც თქვა, რომ აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ჯორჯ მიჩელი მომავალ კვირაში რეგიონში ჩავა, რათა მის სიტყვაში გამოთქმული მოსაზრებების რეალიზებას თვალი მიადევნოს. მასპინძელმა, კანცლერმა მერკელმა, სტუმარს სრული თანამშრომლობა აღუთქვა. მან შეაქო ობამას ადმინისტრაცია იმისათვის, რომ განუმეორებელი შესაძლებლობა შექმნა, ახალი სული შთაბერონ სამშვიდობო პროცესს:

“პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ ქაიროში წარმოთქვა მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც შეიძლება ბევრი პოლიტიკური ქმედების - განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის - ამოსავალი წერტილი გახდეს. ამიტომ ჩვენ იმაზეც ვილაპარაკეთ, რა ვადებში შეიძლება მივაღწიოთ შესაძლებელ წინსვლას.”

ბარაკ ობამამ დრეზდენში ილაპარაკა ასევე თავის მზადყოფნაზე,გამართოს ირანთან სერიოზული დიალოგი, რამაც თავიდან უნდა აგვაცილოს გამალებული ბირთვული შეირაღება ახლო აღმოსავლეთში. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით ობამამ თქვა, რომ მოსკოვში სტუმრობისას კრემლის ლიდერებთან აშშ-ისა და რუსეთის ბირთვული იარაღის შემცირებაზე იმსჯელებს. ის შეეხო ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელიც, მისი თქმით, გაერთიანებული ძალებით უნდა დაიძლიოს.მისივე თანახმად, აშშ არ აპირებს პროტექციონიზმს მისდიოს ამ საქმეში. ორმა ლიდერმა გუანტანამოს საპატიმროს დახურვის თემასა და იქ მყოფი პატიმრების მომავალზე ილაპარაკა. გერმანელი პოლიტიკოსები თავშეკავებულად შეხვდნენ ვაშინგტონის მოწოდებებს, მიიღონ ტუსაღები საპატიმროს დახურვის შემდეგ. ობამამ აცნობა პრესკონფერენციაზე დამსწრეთ, რომ მას არც მოუთხოვია და არც მიუღია მასპინძლებისგან დაპირება, რომ გერმანია მიიღებს ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს. მანვე თქვა, რომ იმაზე, როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა, მომავალში იმსჯელებენ.

ბარაკ ობამა დღესვე ბუხენვალდის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკსაც ეწვია. ეს სტუმრობა, როგორც მან თქვა, კერძო ხასიათისაა. ობამა პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც ბუხენვალდში ჩავიდა. ბუხენვალდის მახლობლად მდებარე სხვა ბანაკის, ორდრუფის, განთავისუფლებაში მისი დიდი პაპა მონაწილეობდა. მოგვიანებით ობამა ეწვია ლანდშტულში აშშ-ის სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც ერაყსა და ავღანეთში დაჭრილი სამხედროები არიან მოთავსებულნი. პარასკევ საღამოსვე ის საფრანგეთისკენ გაემართა. შაბათს ჩავა ნორმანდიაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ისა და მის მოკავშირეთა ჯარების ევროპაში გადმოსხმის 65-ე წლისთავს აღნიშნავენ.
XS
SM
MD
LG