Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 5 ივნისი 2009


გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერს ირაკლი ალასანიას კოალიციური მთავრობის შექმნის გეგმა წარუდგინა და ამ მთავრობაში პირადად მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა. ამ თემაზე ირაკლი ალასანიას კომენტარის გაკეთება არ სურს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველა თემაზე სასაუბროდ მზადაა, მათ შორის ამ საკითხზე-წაიკითხავთ „რეზონანსში“, რომელიც, თავის მხრივ, მოსაზრებას ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ეკითხება. პოლიტოლოგის ვარაუდით, ასეთი ინფორმაციის გავრცელება, შესაძლოა, ხელისუფლების გარკვეული ტაქტიკა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა ყალბია და შედეგს ვერ მოიტანს. არის კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც რამაზ საყვარელიძე უსვამს ხაზს: თუკი ხელისუფლების რაიმე საფეხურზე, მით უმეტეს, პრეზიდენტთან ისეთ ახლო საფეხურზე, როგორიც პრემიერია, გამოჩნდება ალასანია, მეეჭვება, რომ ამის შემდეგ ალასანიამ შეძლოს მხარდამჭერების შენარჩუნება. ამიტომ, თუკი მხარდამჭერებს ვერ შეინარჩუნებს, ცალკე ალასანიას გადაბირება-გადმობირებას რა აზრი აქვს?“-კითხულობს რამაზ საყვარელიძე.

„ძმები გაჩეჩილაძეები ახალ ორგანიზაციას აფუძნებენ“ - ამის შესახებ კი გაზეთი „ახალი თაობა“ იუწყება. გაზეთის ცნობით, სულ მალე დღის სინათლეს ნახავს ახალი ორგანიზაცია, რომლის წევრები ცნობილი ადამიანები იქნებიან. ეს იქნება საზოგადოებრივი და არა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც, სავარაუდოდ, არც თავმჯდომარე ეყოლება და დარბაზის ტიპის საქმიანობას წარმართავს. პუბლიკაციაში, რომელიც ახალი ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ გვამცნობს, აღნიშნულია ისიც, რომ ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს, ცალკეულ შემთხვევებში, აღიზიანებს გია გაჩეჩილაძის, იმავე ”უცნობის”, პოლიტიკური აქტიურობა, კერძოდ, ის, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას მას აცნობენ, მას კი ამ გეგმაში შიგადაშიგ ცვლილებებიც შეაქვს.
„დაჟანგული რკინის საცეცები, ანუ როგორ იქცა კახა თარგამაძედ ვანო მერაბიშვილი და რატომ ესვრიან ქვებს პატრულს“ - საკითხს ასე დღეს გაზეთი „ვერსია“ სვამს და ვანო მერაბიშვილსა და კახა თარგამაძეს შორის პარალელების გავლებას იმ ჩინური ანდაზის საფუძველზე ცდილობს, რომლის თანახმადაც, დრაკონს როცა ებრძვი, ჩნდება საფრთხე, რომ თავადვე იქცე დრაკონად: “ საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს შეგრძნება, რომ პოლიცია თვითონ იქცა მოძალადედ, რომლისგანაც თავი უნდა დაიცვა. ამ შეგრძნებასა თუ წინათგრძნობას სრულიად ლოგიკური საფუძველი აქვს. უკვე ბევრი შემთხვევა დაგროვდა ისეთი, სადაც პოლიციელთა შეცდომები კი არა, დანაშაულები იქცევს ხალხის ყურადღებას.“
პოლიტიკური კრიზისის შესახებ კი ეკონომიკის ექსპერტს ლადო პაპავას დღეს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ესაუბრება. ექსპერტის განმარტებით, საქართველოში არა მარტო პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი კრიზისია. როცა ქვეყანაში ამ დროს არის ასევე ეკონომიკური კრიზისიც, ხოლო პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოებრივ კრიზისში გადაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ყველაზე მძიმე სისტემური კრიზისის მდგომარეობაშია, - ამბობს ლადო პაპავა. ვინ არის დამნაშავე ამ კრიზისში? გაზეთის შეკითხვას ექსპერტი შემდეგნაირად უპასუხებს:
“იმ ქვეყანაში, სადაც კრიზისის ფესვები არის ეროვნული, თავი და თავი არის მხოლოდ ხელისუფლება. ოპოზიციას არაფერი არ შეუძლია. ოპოზიციას კრიზისის გამოწვევა შეუძლია მაშინ, თუკი გადაკეტავს მაგისტრალებს, სარკინიგზო ხაზებს, აეროპორტებსა თუ საზღვაო პორტებს. ეს კი უდიდესი შეცდომაა და კიდევ კარგი, რომ რკინიგზა მხოლოდ 4 საათით გადაიკეტა. ასე რომ, ოპოზიციას არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა ქვეყნის ეკონომიკაზე. ვინ არის დამნაშავე? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ხელისუფლება“, - უთხრა ლადო პაპავამ გაზეთ“ საქართველოს რესპუბლიკას.“
XS
SM
MD
LG