Accessibility links

ბარაკ ობამამ მონაწილეობა მიიღო ნორმანდიაში გამართულ ცერემონიაში


საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ნიკოლა სარკოზი და ბარაკ ობამა

საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ნიკოლა სარკოზი და ბარაკ ობამა

ბარაკ ობამამ მონაწილეობა მიიღო ცერემონიაში, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 65-ე წლისთავი. მანამდე, ჩრდილოეთ საფრანგეთის რეგიონულ ცენტრ კანში ჩასულ ობამას საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დახვდა. ორი პრეზიდენტის მოლაპარაკების თემებად ასახელებენ ვითარებას ავღანეთში, ურთიერთობას რუსეთთან, ირანის ბირთვულ პროგრამას და გლობალურ დათბობას. მოლაპარაკების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ირანს მოუწოდეს, უარი თქვას ბირთვული იარაღის პროგრამაზე. როგორც ბარაკ ობამამ მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიზანშეწონილია ირანთან “მკაცრი დიპლომატია” ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა “უაღრესად პროვოკაციული” უწოდა ბოლოდროინდელ ბირთვულ გამოცდას ჩრდილოეთ კორეაში და განაცხადა, რომ ფხენიანმა დიპლომატიას უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან დაძაბულობისთვის ბოლოს მოსაღებად. სარკოზიმ კი ირანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ქვეყანას აქვს ბირთვულ ენერგიის სამოქალაქო სექტორში და არა ბირთვული იარაღისთვის გამოყენების უფლება. მოგვიანებით ობამამ და სარკოზიმ მონაწილეობა მიიღეს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში, რომელმაც თავი მოუყარა კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ბრიტანეთისა და კანადის პერმიერ-მინისტრებს, აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს. 1944 წლის 6 ივნისს, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმამ საფუძველი ჩაუყარა ევროპის გათავისუფლებას ნაცისტური ოკუპაციისგან. ჩრდილოეთ საფრანგეთში გამართულ ბრძოლებში მოკავშირეთა 200 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. დღევანდელი ცერემონიის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეუღლესთან და ორივე ქალიშვილთან ერთად პარიზში გაემგზავრა, კვირას კი სამშობლოში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG