Accessibility links

logo-print

ლატვიაში სულ უფრო მწვავედ იგრძნობა ეკონომიკური კრიზისი


რიგის ხედი

რიგის ხედი

აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დგება შემაშფოთებელი პერიოდი. ამ რეგიონში ფინანსური კრიზისის ცენტრს ამჯერად ლატვია წარმოადგენს. ეკონომიკური პრობლემების შემსუბუქების მიზნით, გასულ წელს ბალტიისპირეთის ამ ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს და სხვა ორგანიზაციებს რამდენიმე მილიარდი ამერიკული დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა. მაგრამ ახლა ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ლატვიას, შესაძლოა, თავისი ვალუტის - ლატის - დევალვაცია მოუხდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ შესაძლებლობას არ ადასტურებენ ოფიციალური პირები. ანალიტიკოსების აზრით, დევალვაცია მართლა რომ მოხდეს, ეს რეგიონის სხვა ქვეყნებზეც იქონიებს გავლენას.

არც ისე დიდი ხნის წინ, ლატვიას ევროკავშირის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ჰქონდა. მაგრამ გასულ წელს ეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავად დასრულდა - გლობალური ეკონომიკური კრიზისი აღმოსავლეთ ევროპასაც შეეხო, რამაც განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა ლატვიის უძრავი ქონების ბაზარს.

ამის შედეგად, ლატვიის ეკონომიკამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მასშტაბური კვეცა განიცადა - მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ის 18 პროცენტს გაუტოლდა.

ახლა კი გაჩნდა ვარაუდები, რომ ქვეყანას მისი ფულის ერთეულის - ლატის - დევალვაციაც მოუწევს. 2005 წლის შემდეგ ლატის ღირებულება ევროს მიხედვით რეგულირდება.

შემაშფოთებელი ნიშნები გამოიკვეთა ოთხშაბათს, როცა მთავრობის ვალების აუქციონმა საკმარისი ინტერესი არ გამოიწვია.

მაგრამ თუკი კოპენჰაგენში მცხოვრებ ანალიტიკოსს, ლარს კრისტენსენს დავუჯერებთ, პრობლემების წყარო არა რიგაში განვითარებული პროცესები იყო, არამედ სტოკჰოლმში:

”გასულ კვირაში შვეციის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ საზღვარგარეთის გაცვლით რესურსებს ზრდის. ეს ნაბიჯი ყველამ ბალტიისპირეთის პრობლემებთან დაკავშირებით გადადგმულად აღიქვა და პრობლემებიც ამან წარმოშვა.”

ყველაფერთან ერთად, რამდენიმე დღის წინ შვეციის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბენგტ დენისმა, რომელიც ახლა ლატვიის მთავრობის მრჩეველია, ღიად განაცხადა, რომ ლატვიაში ვალუტის გაუფასურება გარდაუვალია.

ლატვიაში მიმდინარე პროცესებს შვეცია განსაკუთრებული შეშფოთებით ადევნებს თვალს. ლატვიაში შვეციის ბევრი ბანკი მოქმედებს და დევალვაცია, შესაძლოა, მათ მუშაობაზეც ნეგატიურად აისახოს.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ სახლების შესყიდვის მიზნით, ლატვიელებს ბანკებიდან სესხი უცხოეთის ვალუტით გამოჰქონდათ, ლატის დევალვაცია კი ამ სესხის დაბრუნებას მნიშვნელოვნად გაართულებს.

ამდენად, იმის მიუხედავად, რომ დევალვაცია ექსპორტის მაწარმოებლების მუშაობაზე დადებითად აისახებოდა, ქვეყნის ოფიციალური უწყებები ამ შესაძლებლობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ეს ბევრ პრობლემას - მათ შორის, გაზრდილ ინფლაციას - მოიტანს.

ლატვიაში ფულის ერთეულის გაუფასურება სხვა ქვეყნებზეც იქონიებს გავლენას. პირველ რიგში, ეს მეზობელი ლიტვა და ესტონეთი იქნებიან - ანალიტიკოსების აზრით, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის მათაც მოუწევთ ფულის ერთეულების დევალვაცია. მაგრამ ბევრი იმასაც ამბობს, რომ ლატვიაში განვითარებული პროცესების გავლენა ბალტიისპირეთს გასცდება და ისეთ ქვეყნებზეც აისახება, როგორებიცაა ბულგარეთი და რუმინეთი. მართალია, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ამ სახელმწიფოებთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირები არა აქვთ, მაგრამ, როგორც კრისტენსენი აღნიშნავს, სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ამ სახელმწიფოებში ეკონომიკა ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსია და, ლატვიაში დევალვაციის შემთხვევაში, შესაძლოა ბაზარმა იქაც შესაბამისი რეაგირება მისცეს.

ახლა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ლატვია საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევას დეკემბერში მოპოვებული სესხის მეორე ნაწილის მიღების თაობაზე.

1.2 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი ლატვიამ ივლისში უნდა მიიღოს, მაგრამ გამსესხებლებს სურთ, ქვეყანამ თანხის მიღებამდე საბიუჯეტო გარღვევაზე იმუშაოს. თუკი ლატვია პირობების დაკმაყოფილებას შეძლებს და სესხის მეორე ნაწილს მიიღებს, ის შეიძლება გადაურჩეს ვალუტის დევალვაციის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG