Accessibility links

logo-print
თბილისში ოპოზიციის აქციები გრძელდება. 8 ივნისს რუსთაველის გამზირზე განლაგებული საკნები მოწესრიგდა და გამზირი დასუფთავდა, თუმცა ოპოზიცია რუსთაველის გახსნას არ ჩქარობს. მორიგი ხალხმრავალი აქციის მთავარი სამიზნე 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა იქნება. ოპოზიციის ერთი ნაწილი კი - კერძოდ, ”ეროვნული ფორუმი” - ამ საღამოდან რეგიონებში აქტიურ შეხვედრებს იწყებს.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები თემატურად განსხვავებულ აქციებს თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებენ. 9 აპრილის ორგანიზატორი პარტიების ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, 9 ივნისს, დილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის პიკეტირებას გეგმავენ, 8 ივნისს საღამოს კი ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური ლიდერები, გაწერილი გეგმის მიხედვით, რამდენიმე რეგიონში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებენ. უფრო დეტალურად ამის შესახებ მედიას ”ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა ელაპარაკა. მან თქვა, რომ ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური ლიდერები 8 ივნისს, საღამოს, გავლენ რეგიონებში, სადაც შეხვედრებს გამართავენ. მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის პირველი ეტაპი 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება, აჭარიდან დაიწყება. აჭარას მოჰყვება სამეგრელო, იმერეთი, შიდა და ქვემო ქართლი, ზემო სვანეთი და რაჭა.

”ეროვნული ფორუმი” 11 ივნისს კიდევ ერთ მშვიდობიან აქციას გეგმავს საქართველოში გაეროს მისიის ოფისთან. შარტავა აცხადებს, რომ შიდაპოლიტიკური ბატალიების ფონზე, არც პოლიტიკოსებმა და არც ხალხმა არ უნდა დაივიწყოს საგარეო პოლიტიკურ არენაზე შექმნილი პრობლემები:

”15 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხი. ამავე დროს, ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალურმა მდივანმა გააკეთა მოხსენება, სადაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, თავისი შემადგენელი ნაწილებით, მოხსენიებული არ არის, რაც ძალიან სახიფათო ტენდენციაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიომ, შესაძლოა, ხელი ჩაიქნიოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ქართულმა საზოგადოებამ მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ამას არ შევეგუებით.”

ძალადობის საწინააღმდეგოდ ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურასთან ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს. როგორც ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, ეს იქნება პასუხი იმ ორთვიანი პოლიტიკური რეპრესიების გამო, რაც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის აქტივისტებზე ხორციელდებოდა. ბესელიას თქმით, ბოლო ფაქტი მოხდა 7 ივნისს, გვიან საღამოს, როდესაც გორში მათი პარტიის

მთავარი კომიტეტის წევრი ლევან ტერაშვილი დააკავეს:

” 9 ივნისს, 12 საათზე, ჩვენ ვმართავთ ძალიან დიდ აქციას, რომელიც დაიწყება რუსთაველიდან და გადაინაცვლებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურასთან და მთელი დღის განმავლობაში იქნება ცოცხალი ჯაჭვი. ჩვენ ამ აქციით კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ ოპოზიცია არ დაღლილა და მთავარი სამიზნე ამ აქციისა იქნება პოლიციის ძალადობა, პოლიტიკური პოლიცია.”

აქციაში მონაწილეობას ”ეროვნული ფორუმის” სამასი აქტივისტიც მიიღებს, თუმცა ლიდერების გარეშე. ცოცხალ ჯაჭვს ვერც პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდება, ვინაიდან ის ოთხდღიანი ვიზიტით ევროპას უნდა ესტუმროს. მას შეხვედრები დიპლომატებსა და პოლიტიკოსებთან ჯერ პარიზში, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ლონდონსა და ბრიუსელში ექნება.

რუსთაველზე კი საკნების ე.წ. რეორგანიზაციის პროცესი მიდის. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ბოლო ორი თვის განმავლობაში საკნების ნაწილი დაზიანდა, თუმცა უახლოეს მომავალში არც რუსთაველის გახსნა იგეგმება და არც პარლამენტისა და კანცელარიის საკნებისგან გათავისუფლება.

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია არ აპირებს საკნებისა და კარვების აღებას არც პრეზიდენტის რეზიდენციის, არც რუსთაველის გამზირის და არც კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან. მისი თქმით, ისინი იქ მანამ იდგება, სანამ სააკაშვილი არ გადადგება.
შესაბამისად, პარალიზებული რჩება პარლამენტიც, სახელმწიფო კანცელარიაც და პრეზიდენტის რეზიდენციაც. 8 ივნისს პარლამენტის ბიურომ კვლავ გასვლითი სხდომა დანიშნა.
XS
SM
MD
LG