Accessibility links

logo-print

დევნილები ქონებრივი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ


მარცხნიდან: ადვოკატი ლია მუხაშავრია, ადვოკატი ლევან ქოროღლიშვილი, ადვოკატი ირმა მახათაძე

მარცხნიდან: ადვოკატი ლია მუხაშავრია, ადვოკატი ლევან ქოროღლიშვილი, ადვოკატი ირმა მახათაძე

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ნაწილმა ქონებრივი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” წარმომადგენლები განმარტავენ, ჯერჯერობით დევნილთა მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. ვისგან ითხოვენ დევნილები ზიანის ანაზღაურებას და რა წინააღმდეგობას აწყდებიან ისინი?

2008 წლის აგვისტოს ომმა რამდენიმე ასეული სიცოცხლე შეიწირა, დევნილად იქცა ოცი ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა ნაწილმა, დანგრეული სახლებისა და განადგურებული მეურნეობების სახით, მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალიც განიცადა.

„ისე მოხდა, რომ ჩემს ბაღში არაფერი დატოვეს რუსის ტანკებმა. ორასი ძირი ექვსწლიანი ნამყენი მქონდა, ერთიც აღარ დარჩა. 20 ათასი ძირი კომბოსტო მქონდა, 15 ათასი ძირი პომიდორი... ვერაფერი ავიღე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გორის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრებმა მამაკაცმა.

„ჩემი სახლი სულ განადგურდა, ბომბი დაეცა და საცხოვრებლად აღარ ვარგა“, - გორის რაიონის სოფელ ნიქოზში მცხოვრები ეს ქალბატონი რადიო თავისუფლებამ ნახევარი წლის წინ ჩაწერა. მას მერე დევნილთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელინი განმარტავს, საიმედო თავშესაფარი და სხვადასხვა სახის მატერიალური დახმარება მიიღო.

„მსოფლიოში უპრეცედენტო რამე შევძელით. ცეცხლის შეწყვეტიდან 2-3 თვეში ჩვენ კარვები ავიღეთ და კეთილმოწყობილ სახლებში შევასახლეთ ხალხი“, - განაცხადა კობა სუბელიანმა.

თუმცა ამ ხალხის ნაწილი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ წარმომადგენლები განმარტავენ, საქართველოს მთავრობისგან მაინც მოითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ადვოკატი ლევან ქოროღლიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სოფელ შინდისის მკვიდრმა დავით გოგიაძემ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეიტანა.

„ითხოვს 47 ათას ლარს, ანუ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი და დაკარგა მოსავალი“, - განაცხადა ლევან ქოროღლიშვილმა. - „ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან, საქართველოს მთავრობისგან და გორის გამგეობისგან.“

დავით გოგიაძის სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2 ივნისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ საქმის განხილვა გადადო. მიზეზის გასარკვევად რადიო თავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესმდივანს ხატია მოისწრაფიშვილს დაუკავშირდა.

ხატია მოისწრაფიშვილი: „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26 პრიმა მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს. პროცესი ჩანიშნული იყო მესამე დარბაზში, რაც ეცნობათ მხარეებს გაგზავნილი უწყებით. მხარეებისთვის არავის დაურეკავს სასამართლოდან და, შესაბამისად, არც არავის შეუცვლია დარბაზის ნომერი. მესამე დარბაზში მოსამართლე ელოდა, მაგრამ გამოუცხადებლობის გამო გადადო პროცესი.“

სასამართლო პროცესის გადადების განსხვავებულ მიზეზზე ლაპარაკობენ „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ადვოკატები. ლია მუხაშავრიას თქმით, სასამართლო შეგნებულად არ შეიკრიბა იმ დარბაზში, სადაც პროცესი იყო დანიშნული და სადაც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები მთელი ორმოცი წუთის განმავლობაში ამაოდ ელოდნენ მოსამართლის გამოჩენას:

„ჩემს კოლეგას დაურეკა მოსამართლის თანაშემწემ და აცნობა, რომ განხილვა იქნება მეექვსე დარბაზში, თუმცა სასამართლო შეიკრიბა მესამე დარბაზში და მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, საქმის განხილვა შეწყვიტა“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ. „ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი და მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლომ ყველანაირად სცადა თავი აერიდებინა საქმის განხილვისათვის. ჩვენ ამ ფაქტის გამო ვუჩივლებთ მოსამართლეს და საზოგადოებას გავაგებინებთ, რა ხერხებს იყენებს მართლმსაჯულება, რომ თავი აარიდოს ომით დაზარალებული მოქალაქეებისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვას.“

ლია მუხაშავრიას თქმით, ქართული მართლმსაჯულების ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, დევნილები, რომლებმაც მიმართეს „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტს“, არ შეწყვეტენ საკუთარი უფლებისათვის ბრძოლას. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი ნათია მოსაშვილიც ამბობს, რომ ნებისმიერი დევნილი, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის დახმარება მიიღო მან, სარგებლობს ქონებრივი რესტიტუციის უფლებით:

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ დევნილი უზრუნველყოს თავშესაფრით, აუცილებელი საკვებითა და პირველადი დახმარებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი ხდება დატოვებული ქონების სანაცვლოდ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნათია მოსაშვილმა.
XS
SM
MD
LG