Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალზე შეშფოთებული ევროპელი ამომრჩეველი სტატუს-კვოს ინარჩუნებს


მოხუცი ბუქარესტელი ქალი საარჩევნო კაბინას ტოვებს
მოხუცი ბუქარესტელი ქალი საარჩევნო კაბინას ტოვებს
7 ივნისი ევროპის პარლამენტის საარჩევნო მარათონის ბოლო დღე იყო. საბოლოო შედეგებით, პარლამენტში პოზიციები გაიმყარეს მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიებმა. ზოგიერთ ქვეყანაში არჩევნებში აღრიცხულმა შედეგმა აშკარად გამოავლინა, რომ ამომრჩეველში მძაფრი საპროტესტო განწყობაა - იქ კარგი შედეგი აჩვენეს ოპოზიციურმა ძალებმა, ისევე, როგორც გარკვეულწილად, მარგინალურმა ჯგუფებმა. თუმცა, მთლიანობაში, პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ევროპარლამენტში მეტნაკლებად უცვლელი რჩება.

ევროკავშირის წევრ ქვეყანათა უმრავლესობაში - რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა - ამომრჩეველმა უპირატესობა მიანიჭა კარგად ნაცნობ ძალებს. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, წარმატება მოიპოვა მემარჯვენე-ცენტრისტულმა სპექტრმა, სოციალისტებისა და ლიბერალების პოზიციები კი დასუსტდა. საპარლამენტო მანდატები მოიპოვა რამდენიმე რადიკალურმა მემარჯვენე პარტიამაც.

არჩევნების შედეგების შეფასებისას, ეკონომიკის საკითხებში ევროკომისიის კომისარმა, ხოაკინ ალმუნიამ, განაცხადა რომ ევროკავშირის პოლიტიკური სურათი არჩევნების შემდეგ მეტნაკლებად უცვლელი დარჩა.

"პარტიდო პოპულარის" მადრიდელი მხარდამჭერი კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას ელოდება

ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, კონტინენტურ დასავლეთ ევროპაში ამომრჩეველი, როგორც გაირკვა, კმაყოფილია არსებული სტატუს-კვოთი. გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებულ კენჭისყრაში გაიმარჯვეს ხელისუფლებაში მყოფმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიებმა. სხვაგვარი ვითარება შეიქმნა ესპანეთში - იქ მმართველი სოციალისტები ოპოზიციაში მყოფმა კონსერვატორულმა სახალხო პარტიამ, "პარტიდო პოპულარმა", დაამარცხა. ყველა ამ ქვეყანაში, წინასაარჩევნო კამპანია გლობალიზაციასთან და ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ შიშს ემყარებოდა - შიშს, რომელსაც საფუძვლად უდევს იმიგრაციისა და დანაშაულის საკითხები.

სწორედ ამ შიშს დაეყრდნენ რადიკალური მემარჯვენე პარტიები ჰოლანდიაში - სადაც საკმაოდ დიდია მუსულმანური უმცირესობა - და ავსტრიაში, რომელსაც ბალკანეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა ეხება - და ხმათა დიდი რაოდენობაც მოიპოვეს. ბრიტანეთში, რომლის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ჯერ კიდევ დიდია პარლამენტართა მიერ სახარჯო ფონდის არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული სკანდალის გავლენა, პირველად მოიპოვა ორი მანდატი რადიკალურმა მემარჯვენე, იმიგრაციის მოწინააღმდეგე ბრიტანეთის ეროვნულმა პარტიამ.

აღმოსავლეთ ევროპაში - სადაც ეს ევროპარლამენტის რიგით მეორე არჩევნები იყო - ამომრჩეველი ოდნავ უფრო დეზორიენტირებული აღმოჩნდა. იმ ქვეყნებში, რომლებსაც განსაკუთრებული სიმწვავით შეეხო ეკონომიკური კრიზისი - ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში - მან უმეტესწილად მმართველი პარტიების წინააღმდეგ მისცა ხმა.

ამომრჩევლის აქტიურობამ 43 პროცენტი შეადგინა - რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1979 წლის, ანუ ევროპარლამენტის პირველი არჩევნების შემდეგ. ეს ტენდენცია მოწმობს, რომ ევროკავშირის იდეას ამომრჩეველი დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდება.

პირმა, ვისაც უშუალოდ ეხება ევროკავშირის პოპულარიზაცია - ევროკომისიის კომუნიკაციის სტრატეგიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგო ვალსტრომმა, ფაქტობრივად, აღიარა თავისი ხუთწლიანი მუშაობის მარცხი: ამომრჩევლის დაბალმა აქტიურობამ იმედი გაგვიცრუაო, განაცხადა ვალსტრიომმა. მისივე თქმით, დაბალი აქტიურობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ წინასაარჩევნო დებატები, როგორც წესი, ქვეყნების საშინაო საკითხებს ეხებოდა. არადა, ვალსტრიომის აზრით, ეს დისკუსია ევროპულ პოლიტიკურ დისკუსიად უნდა იქცეს.

მარგო ვალსტრომი

მარგო ვალსტრომი თანამდებობას ტოვებს. თუმცა, როგორც ჩანს, დასახული მიზნების მიღწევა არც მისი მემკვიდრისთვის იქნება იოლი. საქმეს ორი მიზეზი ართულებს. პირველ რიგში, ევროპარლამენტს ამომრჩეველი ძლიერ ინსტიტუტად არ აღიქვამს; რასაც ობიექტური მიზეზები აქვს. იმის მიუხედავად, რომ ეროვნული კანონმდებლობის 80 პროცენტი ევროპარლამენტშიც გადის, ეს, როგორც წესი, ისეთი საკითხებია, როგორებიცაა შიდა საბაზრო სტანდარტები, მომხმარებლის უფლებები, გარემოს დაცვის ნორმები. პოლიტიკის ცენტრალურ საკითხებად მიჩნეული დარგები - საგარეო პოლიტიკა, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, იმიგრაცია, საბიუჯეტო პოლიტიკა და გადასახადები - ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მთავრობათა გადასაწყვეტი რჩება.

მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ევროკავშირს აშკარად აკლია ერთიანი პოლიტიკური სივრცე. ბლოკის შიგნით 23 ენაზე საუბრობენ, ევროკავშირის მასშტაბით მოქმედი მედია არ არსებობს, და ისეთი კამპანიების წარმოება, რომლებიც ეროვნულ საზღვრებს გასცდებოდა, იშვიათია.

ამასთან, როგორც ბევრი ვარაუდობს, ევროპარლამენტის 736 დეპუტატის უმრავლესობა, შესაძლებლობა რომ გამოუჩნდეს, ამ პოსტს ეროვნულ მთავრობაში თანამდებობისთვის დატოვებს - მიუხედავად ევროპარლამენტარისთვის გარანტირებული 7000- ევროიანი ხელფასისა და დაახლოებით ამავე მოცულობის სახარჯო ფონდისა.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG