Accessibility links

logo-print

თანამედროვე ავტორიტარული სახელმწიფოები დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან


ახალი გამოკვლევის თანახმად, ავტორიტარული ქვეყნები ძირს უთხრიან დემოკრატიას

ახალი გამოკვლევის თანახმად, ავტორიტარული ქვეყნები ძირს უთხრიან დემოკრატიას

”რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების”, ”რადიო თავისუფალი აზიის” და ”ფრიდომ ჰაუსის” მიერ ერთობლივად შედგენილი ახალი გამოკვლევის თანახმად, ხუთი გავლენიანი ავტორიტარული სახელმწიფო აქტიურად ცდილობს დემოკრატიის შეფერხებას როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე საზღვრებს გარეთ. გამოკვლევა, რომელსაც ”ძირის გამოთხრა დემოკრატიისთვის: 21-ე საუკუნის ავტორიტარული ქვეყნები” ჰქვია, ასკვნის, რომ ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ვენესუელისა და პაკისტანის მხრიდან დემოკრატიის დასუსტებისკენ მიმართული მცდელობები ორგანიზებული და მიზანმიმართულია.

შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამი ორგანიზაცია, რომელმაც კვლევაში მიიღო მონაწილეობა, აცხადებს, რომ პროექტის მიზანი იმ სტრატეგიებისა და მეთოდების გამოკვეთა იყო, რომელთაც ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზნით.

გამოკვლევის თანახმად, ”ამ ავტორიტარულ რეჟიმებს თავიანთ ტერიტორიებზე კანონგარეშე მმართველობა აქვთ დაწესებული და მათ იმ საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების მოშლაც სურთ, რომლებსაც დემოკრატიული სამყარო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქმნიდა.”

რუსეთის ლიდერები: პრემიერ-მინისტრი პუტინი (მარცხნივ) და პრეზიდენტი მედვედევი
გამოკვლევა ხუთი რეჟიმის ანალიზს გვთავაზობს - ჩინეთის, ირანის, ვენესუელის, რუსეთისა და პაკისტანის. ეს ხუთი ქვეყანა, უწინარესად, მათი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო შეირჩა. ხუთივე მათგანი გლობალური ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების ქსელების ნაწილია და საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს როგორც რეგიონალური, ისე გლობალური თვალსაზრისით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხუთივე რეჟიმი იყენებს რბილ ძალას, იდეოლოგიურ მეთოდებს იმისათვის, რომ თავისი ინტერესები საერთაშორისო მასშტაბით გაატაროს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება განვითარებისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარების უპირობოდ გამოყოფის პრაქტიკა.

რეჟიმებს ერთმანეთისგან ბევრი მახასიათებელი განასხვავებს, მაგრამ ანგარიშში მათ შორის მნიშვნელოვანი მსგავსებებიცაა გამოვლენილი:

ხუთივე ქვეყნის სათავეში მეტ-ნაკლებად მცირე ჯგუფებია, რომლებიც ძალაუფლებას და სახელმწიფოს რესურსებს, უწინარესად, საკუთარი ინტერესების გატარებისა და ხალხის მხარდაჭერის მოპოვებისთვის იყენებენ.
ხუთივე რეჟიმი ატარებს და ამკვიდრებს ანტიდემოკრატიულ სტანდარტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. იმის გამო, რომ არ მოქმედებს ინსტიტუციური ანგარიშვალდებულება, მართვის სტილი რეპრესიული და შემთხვევითია, კორუფციული პრაქტიკები კი - ყოვლისმომცველი.

ისეთი მარეგულირებელი მექანიზმების არარსებობის გამო, როგორიცაა ნამდვილად თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სამოქალქო საზოგადოება და კანონის უზენაესობა, ეს რეჟიმები არასტაბილურია, ვინაიდან ფუნდამენტურ პრობლემებს და უპასუხისმგებლო პოლიტიკას იქ მასშტაბურ კრიზისად გადაქცევის ტენდენცია აქვს.

ანგარიშის მიხედვით, ”ეს ავტორიტარული რეჟიმები რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე აფერხებენ ან ზღუდავენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისკენ მიმართულ ინიციატივებს”, რომლებიც გაეროს, ეუთოსა და სხვა კანონებზე დაფუძნებული ორგანიზაციებისგან მომდინარეობს.

ჩინეთი ”გამძლე ავტორიტარიზმის” სისტემას წარმოადგენს, - აცხადებს ჩინეთის ექსპერტი პერი ლინკი, რომელმაც ვაშინგტონში 4 ივნისს ჩატარებულ პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

ანგარიშის თანახმად, ჩინეთის კომუნისტური პარტიის იერარქიამ შეძლო როგორც საკუთარი თავის გაძლიერება, ისე პოპულარული მხარდაჭერის შენარჩუნება, ახალი ეკონომიკური და კომერციული შესაძლებლობების დანერგვის გზით.
ხუთივე რეჟიმი ატარებს და ამკვიდრებს ანტიდემოკრატიულ სტანდარტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.


ანგარიშის მიხედვით, დადებითი იმიჯის შესანარჩუნებლად რეჟიმი კომუნიკაციის დახვეწილ სტრატეგიას იყენებს და ახშობს კრიტიკულად განწყობილ ხმებს. რეპრესიული მექანიზმების და მედიის კონტროლის გზით დიდწილად გაუხმაურებელი რჩება ადამიანის უფლებების დარღვევის და გავრცელებული კორუფციის შემთხვევები, ისევე როგორც უსამართლობის წინააღმდეგ სოციალური პროტესტის ნებისმიერი გამოვლინება.

ლინკის თქმით, 1989 წლის სტუდენტური ამბოხების შემდეგ ბევრი ჩინეთის მთავრობას დაშლას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ამის მაგივრად, რეჟიმი კიდევ უფრო გაძლიერდა. ახლა ის სხვა ავტორიტარული მთავრობებისთვის ერთგვარ მაგალითსაც კი წარმოადგენს. ”ამასთან, ჩინეთს გარკვეული პოპულარობა აქვს ჩვეულებრივ ხალხშიც - იმ ქვეყნებში, რომლებსაც უწინ მესამე მსოფლიოს ვუწოდებდით. იქ ჩინეთს საქმეების წარმოების ეფექტიან მაგალითად აღიქვამენ.”

ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებისთვის მასშტაბური და უპირობო დახმარებების შეთავაზებით ჩინეთმა ამ ქვეყნების მთავრობების ერთგულება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩინეთი აფრიკის ქვეყნებისთვის ყველაზე მსხვილ დამხმარე ქვეყანას წარმოადგენს.

ვენესუელისა და ირანის პრეზიდენტები უგო ჩავესი (მარცხნივ) და მაჰმუდ აჰმადინეჟადი
ანგარიშის თანახმად, ასეთივე მეთოდებს მიმართავენ რუსეთი, ირანი და ვენესუელა - ნავთობით მოპოვებულ სიმდიდრეს ახარჯავენ საგარეო ალიანსებსა და თავიანთ რეგიონებში პოზიციების გამყარებას. მათ მიერ გაცემული ფინანსური დახმარება უპირობოა, განსხვავებით დემოკრატიული ქვეყნების მიერ გამოყოფილი დახმარებისგან, რომელსაც თან ადამიანის უფლებების დაცვის ან ფინანსური გარანტიების მოთხოვნები ახლავს ხოლმე. შესაბამისად, ავტორიტარული რეჟიმების მიერ გაცემული დახმარებებით განვითარებად ქვეყნებში ძლიერდება კორუფციული და ანგარიშვალდებულებას მოკლებული მართვის სტილი.

ანგარიშის თანახმად, ირანში სასულიერო ოლიგარქიას და უშიშროების აპარატს, რომელსაც ის ეყრდნობა, ”ჭეშმარიტ ისლამურ” დემოკრატიად ახასიათებენ. რეჟიმი სრულად აკონტროლებს სამაუწყებლო მედიას და პრესის დიდ ნაწილს და ზღუდავს დისიდენტურ ხმებს თუ იმპულსებს.

ანგარიშის თანახმად, რუსეთში მთავრობა შედგება არაოფიციალური კლანური დაჯგუფებებისგან, რომლებმაც, თავის მხრივ, საფუძველი ჩაუყარეს ”სუვერენული დემოკრატიის” ცნებასა და, ასევე, აგრესიულ და რეტროგრადულ ნაციონალიზმზე დამყარებულ ნარატივს. არჩევითი ინსტიტუტები ქვეყანაში, დიდწილად, დეკორატიულ ფუნქციას ატარებს.
კრემლი პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მთელ მნიშვნელოვან მედიას - ყველა დიდ სატელევიზიო არხს, ბევრ გაზეთს თუ ინტერნეტ-პლატფორმას. ამ ფაქტორის და ნავთობისა და გაზის მზარდი ფასების შედეგად, რეჟიმი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისაღები გახდა.

რუსეთის ექსპერტის და ანგარიშის თანაავტორის, დანიელ კიმიჯის, თქმით, რუსეთის მმართველ ელიტას თავისი ”ავაზაკური” მეთოდები საზღვარგარეთაც გააქვს.

ანგარიში მსოფლიოს დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებს უფრო ძლიერად გაერთიანდნენ ავტორიტარულ ტალღასთან საბრძოლველად და მეტი გააკეთონამ რეჟიმების გავლენისგან დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად.
XS
SM
MD
LG