Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის მოთხოვნით, 4 წლის ბავშვი საავადმყოფოში დააბრუნეს


4 წლის ინა ცარელაშვილი, რომელსაც მძიმე დამწვრობა აღენიშნება, საავადმყოფოში უკვე დააბრუნეს, მიუხედავად იმისა, რომ იეღოვას მოწმე მშობლებმა თავდაპირველად მკურნალობაზე უარი განაცხადეს და ბავშვი საავადმყოფოდან დაუკითხავად გაიყვანეს. ბავშვის საავადმყოფოში დაბრუნებამდე, ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 8 ივნისს ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა და კატეგორიულად მოითხოვა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა და მისი მკურნალობა. კანონის შესაბამისად მოქმედების დავალება პრეზიდენტისგან პოლიციამ და პროკურატურამაც მიიღო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დაუშვებელია, რომ სახელმწიფო ორგანოები აღმოჩნდნენ უმწეო მდგომარეობაში. ”მშობლების აზრი აღარ მაინტერესებს; წადით, წამოიყვანეთ და გადაარჩინეთ... და მერე, ასეთი მშობლების საკითხი ცალკე გასარკვევია სასამართლო წესით”, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ბავშვის საავადმყოფოში დატოვებაზე იეღოვას მიმდევარმა მშობლებმა უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც გოგონას სისხლის გადასხმა დასჭირდა. ცარელაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ მათი სარწმუნოებრივი მრწამსი სისხლის გადასხმას ეწინააღმდეგება. ექიმები იძულებული გახდნენ ბავშვი მშობლების ხელწერილის დაფუძველზე საავადმყოფოდან გაეწერათ.
XS
SM
MD
LG