Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდა ქართლში გაიმართა მსჯელობა ჟურნალისტთა ქარტიის გარშემო


რეგიონალური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაზე მუშაობენ. დაახლოებით ერთი წლის წინ გუდაურში შეკრებილმა ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა ეთიკის ქარტიაზე მუშაობა დაიწყო და პროცესში ჩართვა სხვა კოლეგებსაც შესთავაზა. ამჟამად ქარტიის სამუშაო ვარიანტი უკვე მზად არის და 11 პუნქტიანი პროექტის მუხლობრივი განხილვა რეგიონებში მიმდინარეობს. ქართლელმა ჟურნალისტებმა მედიაექსპერტ ია ანთაძესა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტების მენეჯერ ნანი ბენდელიანთან დისკუსია გამართეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქარტიის თითოეულ მუხლს შესაბამისი განმარტებაც დაერთვება, რათა გამოირიცხოს მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. ნანი ბენდელიანის აზრით, არის საკითხები, რომელთა გარშემოც დისკუსია გაგრძელდება,მაგრამ ქარტიის მუხლების დიდი ნაწილი ჟურნალისტების მიერ ულაპარაკოდ მიიღება.

„ხალხის გაზეთის“ რედაქტორის რეზო ოქრუაშვილის თქმით, ჟურნალისტების მიერ ქარტიის მიღება დროულია, რადგან, მისი აზრით, ქართული პრესის დიდი ნაწილი თითქმის გაყვითლებულია და ამ პროცესში თვითრეგულირების მექანიზმების ჩართვა აუცილებელია.

ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება, ხელმომწერი ჟურნალისტები ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას იკისრებენ, რომ საქმიანობაში ქარტიის თითოეულ მუხლს დაიცავენ. გარდა ამისა, ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან შეიქმნება მონიტორინგის საბჭო, რომელიც წინასწარ შემუშავებული მექანიზმებით დარღვევებზე რეაგირებას მოახდენს. ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტის ლადო ბიჭაშვილის აზრით, ქარტიაზე ხელმოწერით ჟურნალისტები საზოგადოების წინაშე იდიდ პასუხისმგებლობას კისრებენ, რაც შემდგომში მათივე ნდობის ხარისხს გაზრდის.

„საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის“ პროექტის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და ევროსაბჭო. რეგიონებში ქარტიის მუხლებზე დისკუსიები ივლისამდე გაგრძელდება, 15 ივლისს კი ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება.
XS
SM
MD
LG