Accessibility links

logo-print

ოპოზიცია საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას ცდილობს


ცოცხალი ჯაჭვი შსს–ის შენობასთან

ცოცხალი ჯაჭვი შსს–ის შენობასთან

არასაპარლამენტო ოპოზიცია განაგრძობს საპროტესტო აქციებს. 9 ივნისს მსვლელობა მოეწყო რუსთაველის გამზირიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის შენობებისკენ, რომლებიც ოპოზიციის მხარდამჭერებმა რამდენიმე საათით ეგრეთ წოდებულ „ცოცხალ ჯაჭვში“ მოაქციეს. ოპოზიციის ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ შესვენებას და საპროტესტო აქციებზე უარის თქმას არც უახლოეს მომავალში აპირებენ. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ოპოზიციას განსაკუთრებული აქტიურობა მართებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის თბილისში სტუმრობისას.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ოპოზიციის მხარდამჭერები შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ 12 საათზე დაიძვრნენ. ხალხის პარტიის თავმჯდომარის კობა დავითაშვილის თქმით, ოპოზიციის ლიდერებს აქციის ჩატარების ადგილად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია შემთხვევით არ შეურჩევიათ:

„ეს არის ძალადობისა და დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ძალადობისა და დანაშაულის წყარო კი ჩვენს ქვეყანაში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო.“

საპროტესტო აქციის მონაწილეები შსს-ს შენობისკენ მიემართებიან
შეძახილებით - „შეწყდეს პოლიციური რეპრესიები“, „საქართველოს გაუმარჯოს“, „გადადგეს სააკაშვილი“ - აქციის მონაწილეები ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოგვიანებით კი პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს გარშემო განლაგდნენ.

„წლების განმავლობაში ვგმობდით და დღესაც ვგმობთ ძალადობას! ვგმობთ იმ უსამართლობას, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში და გვჯერა, რომ ერთად დგომით აუცილებლად დავამარცხებთ ამ ტირანიას და ჩვენს ქვეყანას მიეცემა დემოკრატიული და თავისუფალი განვითარების საშუალება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცხადია, აქციის მონაწილეები ორთაჭალაში განლაგებული სახელმწიფო უწყებების შენობებთან სპონტანურად არ შეკრებილან. 8 ივნისს, საღამოს, საინფორმაციო მიტინგზე და 9 ივნისს, დილის 12 საათზე, ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს უთხრეს, რომ უახლოეს დღეებში მათ აქტივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრმა მამუკა კაციტაძემ მოგვიანებით განმარტა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის. 8 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ფილიპ გორდონის ვიზიტის მნიშვნელობაზე კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმაც ილაპარაკა:

„საქართველოში ჩამოდის ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა აშშ-დან - ჩამოდის კლინტონის მოადგილე, რომელიც საქართველოზეა პასუხისმგებელი და ხვალინდელი დღე მისთვისაც უნდა იყოს საჩვენებელი, თუ რამდენად კულტურულად, რამდენად ორგანიზებულად ვიქნებით წარმოდგენილები.“

თუმცა ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მხოლოდ უცხოელი დიპლომატების დასანახად როდი მოუწოდებენ. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ჩამოყალიბების პროცესშია დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც მოქმედი ხელისუფლების მიერ შექმნილ სისტემას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.

საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ
რაც შეეხება ხელისუფლებას, 26 მაისის შემდეგ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის დაღმავალ აქტიურობას რაც შეიძლება იშვიათად უპასუხოს და საზოგადოების ყურადღებაც სულ სხვა საკითხებზე გადაიტანოს. თბილისის მერი გიგი უგულავა ამბობს, რომ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემთხვევაში, დასუფთავების სამსახური მზადაა წესრიგში მოიყვანოს რუსთაველის გამზირის ის ნაწილიც, სადაც საკნებია განლაგებული.

„ისევე, როგორც დასუფთავების სამსახური მოვალეა დაასუფთაოს, ასევე სხვაც ვალდებულია ხელი არ შეუშალოს მათ საქმიანობაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თუმცა ოპოზიციის ლიდერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ მიტინგზე კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთ თემაზე, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე, აპირებენ საუბარს.
XS
SM
MD
LG