Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ოფიციალურად აღიარა, რომ კლება განიცადა უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებელმა. წელს, დაგეგმილი 1.7 მილიარდი აშშ დოლარის ნაცვლად, საქართველოში ერთ მილიარდზე ოდნავ მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვა. საპროგნოზო მაჩვენებლების შემცირების მიზეზად ფინანსთა მინისტრი პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს. სხვაგვარად ფიქრობს ოპოზიციისა და ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი.

საქართველოს მთავრობა 2009 წლის ბიუჯეტის შედგენისას იმედოვნებდა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალიდან, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შერბილების კვალობაზე, უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზრდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, პროგნოზების გამართლებას ხელი შეუშალა შიდაპოლიტიკურმა არასტაბილურობამ.

ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც უცხოელი ინვესტორები, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედი ბიზნესმენები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ინვესტიციების განხორციელებას. ინვესტორები ცდილობენ იმ ქვეყნაში დააბანდონ ფული, სადაც ბიზნესის კეთება მარტივია და სტაბილურობაც გარანტირებული აქვთ. როცა სტაბილურობა ირყევა, შესაბამისად, ისინი თავს იკავებენ და მოვლენების განვითარებას ელოდებიანო, - აღნიშნა მინისტრმა.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ოპონენტები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი შოთა გვენეტაძე ამბობს, რომ შეცდომა დაშვებული იქნა ბიუჯეტის შედგენისას და შიდაპოლიტიკური დაძაბულობა არაფერ შუაშია. „ჩვენ ამას ვამბობდით ჯერ კიდევ დეკემბერში, ბიუჯეტის შედგენისასო“, – დასძინა გვენეტაძემ. მან მთავრობას ბიუჯეტის დროული სეკვესტრისკენ მოუწოდა.

მინისტრთა კაბინეტი კი საწინააღმდეგოს აკეთებს და ბიუჯეტის გაზრდას აპირებს. მაშინ, როდესაც მცირდება უცხოური ინვესტიციები, მთავრობა თავად გამოდის ინვესტორის როლში და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ეკონომიკის წამახალისებელ სხვა პროექტებს აფინანსებს.

ამ საკითხებზე სასაუბროდ ანტიკრიზისული საბჭო ფინანსთა მინისტრს შეხვდა. საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ჯონდი ბაღათურიას, განცხადებით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ეკონომიკის ხელოვნურად გასააქტიურებლად.
საქართველოს მთავრობა ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტების განხორციელებას საერთაშორისო დახმარების ხარჯზე აპირებს. წელს საქართველომ საერთაშორისო დონორებისგან 1.7 მილიარდი აშშ დოლარის გრანტი და კრედიტი უნდა მიიღოს. სათანადო ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

როგორც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი განმარტავს, შეთანხმებული პროექტების ფარგლებში დონორებისგან თანხების შემოდინების პიკი შემოდგომაზე იქნება და ეკონომიკაც მაშინ ამუშავდება. სხვაგვარად ფიქრობენ ახლო წარსულში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდამჭერი „ახალი ეკონომიკური სკოლა –საქართველოს“ ექსპერტები. მათი აზრით, საერთაშორისო დახმარება ამცირებს მთავრობის მოტივაციას გააგრძელოს ლიბერალური რეფორმები, რომელთა გარეშე ეკონომიკის გამოცოცხლება დიდ წინააღმდეგობებს ხვდება.
XS
SM
MD
LG