Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 9 ივნისი 2009


„ბელარუსი არ შედის კოლხოზში“ - სტატია, რომელსაც დღეს გაზეთი ”24 საათი” ბეჭდავს, უმთავრესად, იმის შეფასების მცდელობაა, რუსეთის მიერ ბელორუსიის მიმართ ეკონომიკური ემბარგოს შემოღების საქმეში რამდენად იკვეთება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების საკითხი. გაზეთს მოჰყავს ექსპერტების კომენტარები. მათგან ერთ-ერთის, ანდრეი ფიოდოროვის, აზრით, ბელორუსიამ დე ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომც აღიაროს, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან ბელორუსია არ არის სახელმწიფო, რომელსაც საერთაშორისო აზრზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია: „ამგვარად, მოსკოვს ასეთი აღიარება უფრო მეტად იმისთვის სჭირდება, რომ ბელარუსი თავის უწინდელ საგარეო პოლიტიკას დაუბრუნდეს, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად აღმოსავლეთისაკენ იყო ორიენტირებული“, - მიიჩნევს ბელარუსი ექსპერტი და დასძენს, რომ მოსკოვს განსაკუთრებით მინსკის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ პოლიტიკაში მონაწილეობა აშფოთებს.

დღესვე გაზეთი საქართველო-სომხეთის ურთიერთობის რუსულ ფონზეც ამახვილებს ყურადღებას. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი, წაიკითხავთ „24 საათში“, უკმაყოფილებას გამოთქვამს ტრანზიტული ტვირთების მაღალი ტარიფების გამო და ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ფოთამდე ტვირთების ჩატანა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ფოთიდან ერევნამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა იყოს, თუმცა ამ საკითხზე მოლაპარაკებები რუსეთთან ჯერ არ დაწყებულა.

ხომ არ გადაიფიქრა კუსტურიცამ აგვისტოს ომზე ფილმის გადაღება? - ამ საკითხით დღეს გაზეთი „რეზონანსი“ ინტერესდება. „როგორც კი ფართო საზოგადოებისათვის კუსტურიცას ინიციატივა ქართულ-ოსურ კონფლიქტზე ფილმის გადაღების თაობაზე გახდა ცნობილი”, - წაიკითხავთ გაზეთში, - რეჟისორმა ქეთი დოლიძემ კანის ფესტივალის ორგზის გამარჯვებულ რეჟისორს ღია წერილი მისწერა და სთხოვა, თუკი მართლაც აპირებდა დოკუმენტური ფილმის გადაღებას ქართველებსა და ოსებზე, საქართველოშიც ჩამოსულიყო. როგორც ქეთი დოლიძე „რეზონანსთან“ საუბრისას ვარაუდობს, კუსტურიცამ, შესაძლოა, ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით მართლაც გაითვალისწინა ქართველი კოლეგების თხოვნა. თბილისში იმედოვნებენ, აღნიშნავს გაზეთი, რომ კუსტურიცამ ფილმის გადაღება გადაიფიქრა.

დღესვე ”რეზონანსი” იუწყება, რომ მუხროვანის სამხედრო ამბოხების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული კობა კობალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ეჭვმიტანილი გენერალი 34-ე დღეა შიმშილობს. მისმა მამამ ”რეზონანსს” უთხრა, რომ, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მისმა შვილმა გონება ერთხელ უკვე დაკარგა.

ვისი პირით შესთავაზა სააკაშვილმა ლევან გაჩეჩილაძეს შეხვედრა? კითხულობს გაზეთი „ალია“ და ამგვარი შეთავაზების მართებულობის გადამოწმებას ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, ეკა ბესელიასთან, ცდილობს. “ სააკაშვილს ჰქონდა სურვილი, მისთვის ჩვეულ სტილში გაემართა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენელთან, ლევან გაჩეჩილაძესთან, მაგრამ ჩვენ ასეთი ფორმით შეხვედრის წინააღმდეგნი წავედით, რადგან მიგვაჩნია, რომ, თუკი სააკაშვილთან შეხვედრის აუცილებლობა დღის წესრიგში მართლაც დადგება, შეხვედრა მოხდეს ღიად, საჯაროდ, ხალხის თანხმობითა და ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლობით“, - უთხრა ”ალიას” ეკა ბესელიამ.
XS
SM
MD
LG