Accessibility links

logo-print

განსხვავებული რეალობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე


სოხუმი

სოხუმი

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა სამხედრო წარმომადგენლობა მკვეთრად გაზარდა, საქართველოში გავლებული საზღვარი საგულდაგულოდ ჩაკეტა და ამ ტერიტორიებიდან დანარჩენი საქართველო მუდმივ სამიზნეში ამოიღო. ევროკავშირის დამკვირვებლები იმას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მხარიდან აკვირდებიან. იქაური ცხოვრების შესახებ - მაგალითად, ქართველებით დასახლებულ გალის რაიონზე - ინფორმაცია ძნელად მოიპოვება.

ამინდი - მზიანი, დღემდე ომის კვალდამჩნეული ქალაქი და ხალხი - თბილი, სტუმართმოყვარე - ასეთი იყო რადიო თავისუფლების ამერიკელი ჟურნალისტის ბრაიან უიტმორის პირველი შთაბეჭდილება, აფხაზეთის დედაქალაქის, სოხუმისა, სადაც ის ამჯერად სტუმრობს,და სოხუმელებისგან მიღებული. მისი თქმით, სოხუმში ”ბევრი ნაგებობა ისევ დანგრეულია, მაგრამ რაღაც-რაღაცები შენდება - არის ახალი სასტუმროები, ახალი რესტორნები... სანაპიროსთან მიმდინარეობს სასტუმრო ”აფხაზეთის” რეკონსტრუქცია. ბევრი რამ მაინც დანგრეულია და აღდგენილი ჯერჯერობით ცოტაა”.

ამერიკელი სტუმრის დაკვირვებით, რუსი ტურისტები იქ ცოტანი არიან. ერთ-ერთ თანამედროვე კაფეში, სადაც ბევრი ხალხი ყოფილა თავმოყრილი, აფხაზი ჟურნალისტისთვის უკითხავს, ეს ხალხი ადგილობრივები არიან თუ სტუმრებიო. პასუხად მიუღია, თითქმის ყველა ადგილობრივიაო. ბრაიან უიტმორი ამბობს იმასაც, რომ სოხუმში სეირნობისას რუსი სამხედროები არ შეუნიშნავს. ჩვენი კოლეგა შეხვედრია აფხაზ ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ამ შეხვედრებისას მათთან ჰქონია საუბარი თემაზე, რომელიც, ბრაიან უიტმორის დაკვირვებითაც, სოხუმში დღეს მთავარი განსახილველი თემაა - ემუქრება თუ არა აფხაზეთს რუსეთთან ასიმილაცია, ხოლო თავად აფხაზებს - რუსიფიკაცია. ჩვენმა კოლეგამ გვითხრა, რომ შიში ასიმილაციის, რუსიფიკაციის აშკარაა, ისეთი აშკარა, როგორსაც არც კი ელოდა.

”ამ საფრთხეს აქ ხალხი გრძნობს და საფრთხის არსებობის მიზეზს მარტო რუსეთში არ ხედავს. აფხაზები წყენას გამოთქვამენ დასავლეთის მიმართ, რომელმაც უარი თქვა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე”, - გვითხრა ბრაიან უიტმორმა და დასძინა: ” ამ ადამიანების აზრით, დასავლეთის სხვაგვარი პოლიტიკის შემთხვევაში, აფხაზეთზე რუსეთის ზეწოლა ამ მასშტაბის არ იქნებოდა.”

რიწის ტბა
რადიო თავისუფლების ამერიკელი კორესპონდენტი შენიშნავს, რომ სოხუმში აწუხებთ საკუთრების გასხვისების საკითხი, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის საზღვრების ერთობლივად გაკონტროლების თაობაზე დადებული შეთანხმება:

”მე ვნახე, რომ სამოქალაქო საზოგადოება აქ საკმაოდ აქტიურია და პროცესებზე გავლენასაც ახდენს. მაგალითად, საზღვრების გაკონტროლების საკითხი ღიად უნდა განიხილოს მათმა პარლამენტმა. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ყველა იხსენებს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, როცა პრომოსკოვურმა კანდიდატმა რაულ ხაჯინბამ მარცხი განიცადა და ბაღაფშმა გაიმარჯვა. აქ ამბობენ, სწორედ ეს იყო ნიშანი იმისა,რომ აფხაზები დამოუკიდებლობას ესწრაფვიანო. როცა მათ ეუბნებიან, აფხაზები რუსების ჯიბეში აღმოჩნდნენო, ძალიან ბრაზობენ. აქ ხალხი ამბობს, რომ სურთ დამოუკიდებლობა საქართველოსგან და, ასევე, დამოუკიდებლობა რუსეთისგან.”

ჩემმმა კოლეგამ ახსენა 2004 წლის არჩევნები; ახსნა მასთან საუბრებში რა არგუმენტით ამტკიცებენ სოხუმელები იმას, რომ აფხაზებს სურდათ და სურთ რეალური დამოუკიდებლობა. ეს არგუმენტია პრომოსკოვური ხაჯინბას მარცხი და სერგეი ბაღაფშის გამარჯვება. არადა, დღეს რაულ ხაჯინბამ ბაღაფშის ღია კრიტიკა დაიწყო. ის ბაღაფშს გაემინჯა, თუმცა არც არასდროს მიიჩნეოდა ბაღაფშის გუნდის წევრად. როგორც აღნიშნავენ, ამ გამიჯვნით ხაჯინბამ მომავალი, ეგრეთ წოდებული, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. თავის დროზე ის არ განიხილებოდა აფხაზური იდეის მატარებელ ლოდერად, ბაღაფშისგან განსხვავებით. მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ბაღაფშის ხელით მოხდა და ხდება ის, რის გამოც აფხაზეთში ასე ღიად დაიწყეს შეშფოთების გამოხატვა:

”თქვენ იცით, რომ მთელი ეს ინვესტორები რუსეთიდან არიან. ჩვენ მათ წინ ვერ აღვუდგებით. კანონმდებლობით, ჩვენ ზუსტად ისეთივე უფლებები გვაქს, როგორიც მათ, მაგრამ მათ აქვთ ფული და ყველაფერს ისინი იყიდიან”, - თქვა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა რიტა ლოლუამ ბაღაფშის ოპოზიციის ამასწინანდელ შეკრებაზე.

სამოქალაქო სექტორი სოხუმში საკმაოდ აქტიურია, ოპოზიციური აზრი ისმის და ის, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ანგარიშგასაწევიც არისო, - გვითხრა სოხუმში მყოფმა ჩვენმა კოლეგამ. ბრაიან უიტმორს ვკითხე, თუ შეიტყო სოხუმში იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც გალის რაიონში მოხდა. ვგულისხმობდი სოფელ ჭუბურხინჯიდან ხარჩილავების ოჯახის წევრების - ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების - აფხაზი ბოევიკების მიერ გატაცების ფაქტს. ცნობილია, რომ გამტაცებლებმა ოჯახის უფროსის ოჩამჩირის პოლიციაში გამოცხადება მოითხოვეს და, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბავშვებისა და ქალების დახოცვით დაიმუქრნენ. აღმოჩნდა, რომ სოხუმელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ეს ინფორმაცია არ უხსენებიათ, საუბრებში გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე არ უმსჯელიათ.”

ეს ადამიანები გამორიცხავენ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას”, - გვითხრა ბრაიან უიტმორმა და დასძინა: ”ამბობენ იმასაც, რომ არ სჯერათ იმ ციფრების, რა ციფრებშიც საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთიდან დევნილი ქართველების რაოდენობას გამოხატავს. მონაცემების გადამოწმებას ითხოვენ. ძველი დემოგრაფიული რეალობის აღდგენა აშინებთ, ქართველების ისევ ეშინიათ და, იმავდროულად, აშფოთებთ რუსეთის ზეწოლა, ეშინიათ რუსეთისაც.”

გალის რაიონში რაღა ხდება? იქ, სადაც ბედისანაბარა დარჩენილი ქართველი მოსახლეობა აფხაზი კრიმინალებისა და რუსი ოკუპანტების მძევალია? ამის გასარკვევად 9 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელს, რუსლან ქიშმარიას, დავურეკე. მინდოდა მისთვის ჭუბურხინჯიდან გატაცებული ქალებისა და ბავშვების შესახებ მეკითხა.ქიშმარიამ გვითხრა, რომ სოჭში იყო და მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.
XS
SM
MD
LG