Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 9 ივნისი 2009


”საქართველო რუსეთზე მშვიდობისმოყვარეა” - ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას 9 ივნისის ჟურნალი ”ვლასტი”, შემდეგ კი განმარტავს: ”ეს ირკვევა მშვიდობისმოყვარეობის გლობალური ინდექსიდან, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდაო. ”ვლასტი” განმარტავს რას გულისხმობს ეს ინდექსი: ეს არის საქველმოქმედო ორგანიზაციის ”Vision of Humanity” და კვლევითი კომპანიის ”Economist Intelligence Unit” - ერთობლივი პროექტი. გაზეთი წერს, რომ 144 ყველაზე მშვიდობისმოყვარე ქვეყანას შორის რუსეთმა 136 -ე ადგილი აიღო. მას წინ უსწრებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატები, შრი-ლანკა, ჩრდილოეთ კორეა, საქართველო და ზიმბაბვე,- ვკითხულობთ ”ვლასტიში”.

რამდენიმე დღით ადრე კი ”ვედომოსტიმ” გამოაქვეყნა სტატია ”ჩვენი ”ჩვენ” მტრების გარემოცვაში”. პუბლიკაციის ავტორი ”ლევადა-ცენტრის” სოციოკულტურული კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი ალექსეი ლევინსონი გახლავთ. ავტორი წერს:”არ უნდა ვიფიქროთ, რომ დერჟავის ინტერესებს ყველაზე უკეთ დერჟავნიკები გამოხატავენ, ხოლო ერის ინტერესებს - ნაციონალისტები... არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ რაიმე პოლიტიკა, რომელიც საზოგადოების მიერ არის მოწონებული, აუცილებლად შეესაბამება მის ინტერესებს. სტალინს თავისებურად ესმოდა ქვეყნის ინტერესები, ეცადა მის გარშემო წრედ შემოერტყა საბჭოთა კავშირის მიმართ ლოიალური რეჟიმები. სტალინს, როგორც ვიცით, ჩვენი თანამედროვენი დიდად აფასებენ და პეტრე დიდის შემდეგი ადგილი მისთვის აქვთ მიჩენილი. ვინც სტალინის შემდეგ მართავდა ქვეყანას, როგორც შეეძლოთ, ინარჩუნებდნენ ამ დამცავ ბარიერს. და, აი, ბრეჟნევსაც აფასებს ხალხი და გამოკითხვისას ეკატერინე დიდზე მაღლა აყენებს. როცა სტალინის კონსტრუქცია დაიმსხვრა, განახლებული ქვეყნის ლიდერები შეეცადნენ განეახლებინათ და უფრო მეტადაც გაეფართოებინათ ეს წრე. ახალ გზაზე დამდგარი საბჭოთა კავშირი - შემდეგ კი რუსეთი - ცდილობდა, საერთო გზით მიმავალ მეზობლებთან ერთად, დემოკრატიული ნათესაობის საფუძველზე, ჩვენთვის მეგობრული გარემოცვა აეშენებინათ და მერე ერთად შესულიყვნენ ევროპულ სახლში”. - ალექსეი ლევინსონის თქმით, ინტერესების ეს ახალი გაგება საზოგადოებამ ენთუზიაზმით მიიღო და გორბაჩოვსაც და ელცინსაც ჰქონდათ ისეთი მხარდაჭერა, რომელიც დღევანდელ პირველ პირთა რეიტინგს უტოლდება. მაგრამ იგი გაქრა, როცა დემოკრატიზაციის პროცესი შეფერხდა და არ გამოვიდა ის, რასაც ასე ელოდა რუსეთისგან მთელი მსოფლიო და რასაც თავად რუსები ელოდნენ: არ შენარჩუნდა ახალი აზროვნება არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკაში. დღეს გორბაჩოვსა და ელცინს ნიკოლოზ მეორეზე დაბლა აყენებენო, - წერს ”ლევადა ცენტრის” მკვლევარი ”ვედომოსტის” პუბლიკაციაში.

მისი თქმით, დღეს რუსეთში პასუხები იმის თობაზე, თუ რა არის ქვეყნისათვის მომგებიანი, იმედგაცრუებაზე არ მიუთითებს. საზოგადოება დაამშვიდა სიმბოლურმა მიბრუნებამ სტალინურ-ბრეჟნევური პოლიტიკისაკენ - ხომ დააბრუნეს აღლუმები და მთავარი მტერი! დღეს ის, რომ ჩვენი მეზობლები დაცვას ამერიკის შეერთებული შტატებისგან ელიან, ამერიკის მცდელობებით აიხსნება და არა ჩვენი საკუთარი მუდმივი ქმედებებით ამ მეზობლების მიმართ. და აი, - ვკითხულობთ ”ვედომოსტიში”, - ხელისუფლების დღევანდელი კურსით კმაყოფილია გამოკითხულთა 45 პროცენტი. მართლაც, - წერს ავტორი, - ჩვენ ხომ კარგად ვართ განწყობილი უკრაინელების (75%), ამერიკელების (68%) და ქართველების მიმართაც კი
( 59%). მაგრამ, ამავე დროს, ჩვენს გარშემო არიან ”რუსეთის მიმართ ყველაზე მტრულად განწყობილი ქვეყნები”. ეს არის საქართველო (62%), უკრაინა (41%) ლიტვა, ესტონეთი პოლონეთი... მათ უკან კი დგას ამერიკის შეერთებული შტატები (45%) - აი, ასეთი წრეა”, - ვკითხულობთ ”ვედომოსტის” პუბლიკაციაში.
XS
SM
MD
LG