Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუციის შემდეგ მასების ასეთი მოზღვავება თეირანის ქუჩებს არ ახსოვს


ირანი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში
ირანი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში
არჩევნები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში პარასკევსაა, 12 ივნისს. ამ ქვეყნის მცხოვრებნი აირჩევენ პრეზიდენტს ოთხი ფავორიტიდან. სულ, რეგისტრირებულია 475 კანდიდატი. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ორშაბათს, თეირანის ქუჩები გაივსო რეფორმისტების - პირველ რიგში, მირ ჰოსეინ მოსავის - და ამჟამინდელი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის, მომხრეებით. პირველნი ცოცხალი ჯაჭვით გამოხატავდნენ თავიანთ სურვილებს და გრძნობებს, მეორენი ირანის დედაქალაქის უდიდეს სალოცავ სახლში მივიდნენ.

ირანში არასოდეს იცი რა მოხდება ხვალო, ასე ამბობენ ჩვენი ირანელი კოლეგები და ამ მოულოდნელობის ფაქტორს ხსნიან, პირველ რიგში, მდუმარე ამომრჩევლის არსებობით. ეს ჯგუფი კი ძალიან დიდია. წინა არჩევნებზე, როცა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაიკავა ამ თეოკრატული ქვეყნის საერო მმართველის სავარძელი, ის 30 პროცენტს შეადგენდა. ამ ეტაპზე ირანში მდუმარე ამომრჩეველზე ვეღარ იფიქრებთ, თუ გაითვალისწინებთ, რომ ისლამური რევოლუციის შემდეგ პოლიტიკური პოზიციის აქტიურად გამოსახატავად ქუჩაში ამდენი ხალხი არ გასულა. ორშაბათს პირველად იყო, რომ, ასე ვქვათ, ოპოზიცია, აჰმადინეჟადის მოწინააღმდეგეები ახმაურდნენ. მანამდე პრეზიდენტის მოხრეებს ეკავათ ხოლმე ქუჩა.

აღსანიშნავი ისაა, რომ თვითონ პრეზიდენტი და კანდიდატი, რომელიც მეორედ იყრის კენჭს წელს, ამ თავყრილობაზე არ გამოჩენილა. იუწყებიან, რომ აჰმადინეჟადი მივიდა სიტყვის სათქმელად, მაგრამ გზა ვერ გაიკვლია მასაში და უკან სიტყვით უთქმელად გაბრუნდა.

რეფორმისტების მომხრეებმა ორშაბათს მართლაც დაიპყრეს ქუჩა, რაც, როგორც ვთქვით, განსაკუთრებული შემთხვევაა. ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს მირ ჰოსეინ მუსავის, რომელსაც, სხვათა შორის, მხარს უჭერს ყოფილი რეფორმისტი პრეზიდენტი მუჰამად ხათამი. ხათამი ამ არჩევნებშიც აპირებდა მონაწილეობას, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. თვითონ მუსავი თვლის, რომ ირანი იზოლირებულია და მან პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ვაშინგტონთანაც უნდა მოილაპარაკოს, სანამ ირანის ინტერესები იძლევა ამის საშუალებას. მუსავი შეკითხვას სვამს, რატომ ვატყუებთ ხალხს, რატომ ვაძლევთ ყალბ ინფორმაციას, რას არგებს ეს ქვეყანასო? აჰმადინეჟადი ტლანქად უპირისპირდება აშშ-ს და მუდმივად გმობს ამ ქვეყანას, ასევე ისრაელს.

ქუჩაში გასული რეფორმისტების მომხრეები გაჰყვიროდნენ აჰმადინეჟადის საწინააღმდეგო ლოზუნგებს და მაღლა ეჭირათ პლაკატები, წარწერით: “ტყუილის თქმა აკრძალულია”. ერთ- ერთი ლოზუნგი, რომელსაც მასა გაჰყვიროდა თეირანში, “აჰმადინ ბა ბაია”- ასეა ინგლისურად წარმოთქმული გამოსათხოვარი მძაფრი კურსის მომხრე პრეზიდენტისადმი.

მუსავის მომხრეთაგან ერთმა, მარიამმა, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს ასე აღუწერა ვითარება:

“ხალხი ქუჩაშია გამოსული, ისინი მოდიან მანქანების სავალ ნაწილსა და ტროტუარზე, დემონსტრანტები ღიად აკრიტიკებენ აჰმადინეჟადის მთავრობას. დაგვღალა დემაგოგიამ და ტყუილმა, ყველა ტყუილის წინააღმდეგ გამოდის.”

არჩევნებამდე სამი დღით ადრე რეფორმისტები გამარჯვების მოლოდინში არიან. მათი აზრით, ხმის უფლების მქონეთა აქტიურობა მათ წარმატებას მოუტანს. მუსავისთან ერთად რეფორმისტად მიიჩნევა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მეჰდი კარუბი. ორივე პოპულარულია ახალგაზრდებს შორის, ქალაქებში. ეს ის ხალხია, ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ეკონომიკა არასწორად წარმართა და ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ხალხს არ მოახმარა. მათი კრიტიკა აჰმადინეჟადის წინააღმდეგ შეიცავს ასევე ადამიანის, ქალების უფლებების დარღვევითაც უკმაყოფილებას. აჰმადინეჟადს ირანის სოფლებში უჭერენ მხარს. მისივე იმედი აქვს ღარიბ მოსახლეობას, რომელსაც ის დახმარებას ჰპირდება. კანდიდატთა შორის აჰმადინეჟადის კონსერვატორი მეტოქე ერთია, მოჰსენ რეზაია, რევოლუციური გვარდიის ყოფილი მეთაური. თუმცა ის არასაკმარისად პოპულარულია იმისათვის, რომ, მასთან პაექრობა შეძლოს.

ირანი ისლამური რესპუბლიკაა და ამ ქვეყანაში სასულიერო ხელისუფლებას აქვს უზენაესი ავტორიტეტი. აიათოლა ალი ჰამენიემ, სასულიერო ლიდერმა, თავისი პოზიცია გამოხატა გამოსვლების გამო:

”მე არაფერს ვიტყვი ხალხზე, - თქვა მან, - ქუჩაში რომ გამოდის, მაგრამ ეს გამოსვლები არ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებებში კანდიდატების მომხრეებს შორის”.

ირანში არჩევნები მაშინ იმართება, როცა გაეროში ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის თემას განიხილავენ. დასავლეთი ვარაუდობს, რომ თეირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს, რასაც ირანი უარყოფს. საპრეზიდენტო არჩევნების რეფორმისტი კანდიდატების პოზიცია ბირთვულ სფეროში ასეთია: ირანს აქვს უფლება განავითაროს ბირთვული პროგრამა, რაც ამ ქვეყნის ყველა მმართველს ავალებს შეასრულოს განვითარების 20 წლიანი გეგმა, რომელიც შეიცავს ამოცანებს, სხვათა შორის, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG