Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილმა და ლევან გაჩეჩილაძემ?


მიხეილ სააკაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე სანთლებით ხელში, პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას (2009 წლის 9 აპრილი)
მიხეილ სააკაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე სანთლებით ხელში, პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას (2009 წლის 9 აპრილი)
სამშაბათს საღამოს, შავნაბადის რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან ლევან გაჩეჩილაძესთან. როგორც გაჩეჩილაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტსა და ოპოზიციას სიმართლის შეგრძნება სხვადასხვანაირი აქვთ. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოპოზიციის აქციებისას დაპატიმრებული პირების პრობლემებს და მან პრეზიდენტისგან მიიღო პირობა, რომ ამ ადამიანთა საქმეები გადაისინჯება და ისინი, სავარაუდოდ, მალე დაუბრუნდებიან ოჯახებს. გაჩეჩილაძის თქმით, ის პრეზიდენტს კონკრეტული პირების სიას გადასცემს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მან პრეზიდენტს უთხრა, რომ სჯერა იმ ლოზუნგის, რომლითაც ხალხი გამოდის: პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნისა. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის გადადგომა სიტუაციას განმუხტავს, თუმცა, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვითარებას სხვაგვარად აფასებს.

"ინტერპრესნიუსის" სააგენტოს მოჰყავს ლევან გაჩეჩილაძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მან და პრეზიდენტმა რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრეს და, ზოგადად, საქართველოს სინამდვილეში რუსეთის ფაქტორზე იმსჯელეს.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, გაჩეჩილაძის განცხადებით, აქციები არ შეწყდება და აუცილებლად გაგრძელდება. "მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და, რა თქმა უნდა, არ ვართ ძალადობის მომხრე, მაგრამ მშვიდობიანი აქციები აუცილებლად გაგრძელდება", - უთხრა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, საუბარი შეეხო ადგილობრივ არჩევნებსაც. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მან პრეზიდენტს უთხრა, რომ ადგილობრივი და თბილისის მერის არჩევნები პრობლემას ვერ მოაგვარებს და არც ის არის პრობლემა, წავა თუ არა პოლიტიკიდან თავად ლევან გაჩეჩილაძე, რადგან პრობლემა არ არის ერთ ადამიანში, არამედ იმ უნდობლობაშია, რომელიც პრეზიდენტის მიმართ არსებობს.

ლევან გაჩეჩილაძემ არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტს კიდევ შეხვდება. თუმცა, მისივე განცხადებით, პრეზიდენტთან მომდევნო შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.
XS
SM
MD
LG