Accessibility links

logo-print

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 11 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა


ოთხშაბათს ცნობილი გახდა, არ გაიმართება ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის 11 ივნისისთვის დანიშნული შეხვედრა, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში უნდა მოწყობილიყო. რა გახდა ამის მიზეზი, როგორ აფასებენ შექმნილ ვითარებას მხარეები?

როგორც ცხინვალის ხელისუფლების ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, შეხვედრის ჩაშლის ამბავი გამოაცხადა პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა. მისი განმარტებით, თბილისს ამ დრომდე არ წარმოუდგენია ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც დაკავებული ჰყავთ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს.

ჩიგოევის თქმით, იმ მოქალაქეთა ნათესავები, რომლებიც საქართველოს მხარემ "გაიტაცა", გუშინ სოფელ ერგნეთში შეხვდნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს და მათ დაკარგულთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია გადასცეს. ჩიგოევის აზრით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში წინსვლა არ არის და "გატაცებული მოქალაქეების ბედის გარკვევამდე შეხვედრები აზრს კარგავს". გარდა ამისა, მხარეებს შორის გაურკვეველი რჩება კიდევ რამდენიმე საკითხი. ამის შესახებ მერაბ ჩიგოევმა ჯერ კიდევ დვანის 29 მაისის შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და ეჭვქვეშ დააყენა მომავალი შეხვედრის ჩატარება. აი, რა უთხრა მან ოს ჟურნალისტებს: "ჩვენი საპირისპირო მხარე დაჟინებით მოითხოვს, რომ თანათავმჯდომარეები ევროკავშირი და ეუთო იყვნენ, ისევე როგორც ჟენევის შეხვედრებზე. აქ მე ვერ ვხდავ ლოგიკას. ჩვენი პოზიცია სრულიად ლოგიკურია, და ჩვენ ამაზე ვიდგებით. სხვა საკითხია, რა ენაზე მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეხვედრები რუსულ ენაზე იყოს. მაგრამ აქ ალბათ შეიძლება კომპრომისის მოძებნა და იმაზე შეთანხმება, რომ შეხვედრები თარჯიმნების მონაწილეობით ტარდებოდეს ინგლისურ და რუსულ ენებზე."

ჩიგოევმა დასძინა, რომ სხვადასხვა დროს საქართველოს სპეცსამსახურებმა და სამართალდამცველებმა გაიტაცეს შვიდი 7 ადამიანი, რომლებიც ამჟამად ციხეში იმყოფებიან. ჩიგოევის თქმით, ყველაზე მტკივნეული საკითხია სამი ახალგაზრდა კაცი, რომლებიც 13 ოქტომბერს გაიტაცეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, და რომელთა ბედი დღემდე გაურკვეველია.

29 მაისის შეხვედრაზე საქართველოს მხარემაც დააყენა ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული დავით კაპანაძის, დემურ ჭიღლაძისა და დავით კობალაძის გათავისუფლების საკითხი, მაგრამ ოსური მხარისგან უარი მიიღო.

რაც შეეხება 11 ივნისისთვის დანიშნულ და ახლა უკვე ჩაშლილ შეხვედრას, ამასთან დაკავშირებით შეფასებები თბილისშიც გაკეთდა. საართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეხვედრა მომავალში მაინც გაიმართება.

ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციებზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მექანიზმის ფარგლებში უკვე გაიმართა ორი შეხვედრა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან შედეგზე საუბარი გადაჭარბებული იქნებოდა.
XS
SM
MD
LG