Accessibility links

აფხაზეთიდან დევნილთა კონგრესი ბან კი მუნის მოხსენებას აპროტესტებს


გაეროს მისია თბილისში

გაეროს მისია თბილისში

10 ივნისს თბილისში, გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან, აფხაზეთიდან დევნილთა კონგრესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მოხსენებას სპეციალური მიმართვით გამოეხმაურნენ. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამდე, რომელიც 15 ივნისსაა დანიშნული, გაეროს თბილისის ოფისთან, ”ეროვნული ფორუმის” ორგანიზებით, 11 ივნისს კიდევ ერთი აქცია გაიმართება. ბან კი მუნის მოხსენებას აფხაზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანებაც აპროტესტებდა.

აფხაზეთის დევნილთა კონგრესი გაეროს თბილისის წარმომადგენლობასთან საკუთარი მიმართვით მივიდა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი, ასევე აფხაზეთის პროფესიული კავშირების წარმომადგენლები გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებას აპროტესტებენ და იმ მიზეზებზე საუბრობენ, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. დევნილთა კონგრესის თავმჯდომარის დავით გულუას თქმით, გაღიზიანების მთავარი მიზეზი ის არის, რომ მოხსენებაში აფხაზეთი საქართველოს ნაწილად არ
დავით გულუა
იხსენიება, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი მოხსენიებულია როგორც აფხაზეთის ხელისუფლება; არაფერია ნათქვამი კოდორის ხეობაში განხორციელებული ფაქტობრივი ეთნოწმენდის შესახებ, სამაგიეროდ, გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ”კოდორის ხეობას აფხაზები და რუსები იცავენ, თითქოს იქ ყველაფერი კარგადაა.”

დავით გულუა საქართველოს ხელისუფლებას - კერძოდ კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს - უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის წერილები კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს და რეაგირება განსაკუთრებით მწვავე უნდა იყოს. დავით გულუა ამბობს, რომ მიმართვას, რომელსაც გაეროს მისიის წარმომადგენლებს გადასცემენ, 25 სხვადასხვა ორგანიზაცია და პარტია აწერს ხელს.

კონგრესის კიდევ ერთი დამფუძნებელი, აბესალომ მიქელაძე, გვეუბნება, რომ დევნილები ამჯერად მხოლოდ მიმართვით შემოიფარგლებიან და იმედოვნებენ, რომ გაეროს გენერალური მდივანი ყურად იღებს ქართული მხარის აღშფოთებას: ”გვსურს ვიფიქროთ, რომ რეზოლუციაში მსგავსი რამ არ ჩაიწერება და იმედს გამოვთქვამთ, რომ გაეროს გენერალური მდივანი და უშიშროების საბჭო არ წავა იმაზე, რომ მსოფლიო წესრიგი იქნეს გადასინჯული.”

აბესალომ მიქელაძე
საპროტესტო აქცია ამავე თემის ირგვლივ 11 ივნისსაც გაიმართება. ამჯერად გაეროს ოფისის წინ საკუთარ პოზიციას, თავის მხარდამჭერებთან ერთად, ”ეროვნული ფორუმი” გამოხატავს. რამდენიმე დღის წინ ”ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ უკვე მოუწოდა ყველა ადამიანს ამ აქციაზე მისვლისკენ და თქვა, იკვეთება საფრთხე, რომ მსოფლიომ ხელი ჩაიქნიოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანოზე, საერთაშორისო სამართალი კი უსუსური აღმოჩნდესო.

გაეროს მისიის წარმომადგენლებს საკუთარ მიმართვას ”ეროვნული ფორუმიც” გადასცემს. კახა შარტავას თქმით, საფრთხე, რომ გაეროს მისია აფხაზეთში აღარ გაგრძელდეს, რეალურია. შესაბამისად, საქართველოს რეაგირება სავსებით გამოკვეთილი უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის 2009 წლის 18 მაისის მოხსენებაში აფხაზეთი არ მოიხსენიება საქართველოს ნაწილად და მასში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხაზგასმული არ არის.
XS
SM
MD
LG